სოფიო ქაცარავა: „ასეთი მაღალი დონის კონფერენციები არის შესაძლებლობა საქართველო თავისი მიღწევებით და გამოწვევებით საერთაშორისო დღის წესრიგში დავაყენოთ“

08 ნოემბერი 2018
სოფიო ქაცარავა: „ასეთი მაღალი დონის კონფერენციები არის შესაძლებლობა საქართველო თავისი მიღწევებით და გამოწვევებით საერთაშორისო დღის წესრიგში დავაყენოთ“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ლონდონში, ქალი პარლამენტარების მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის, თემთა პალატის წევრი ჰარიეტ ჰერმანი და საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მდივანი პენი მორდო მასპინძლობენ.

კონფერენცია, რომელიც პირველად იმართება, 1918 წელს ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ქალ პარლამენტარებს მსოფლიოს 104 ქვეყნიდან მიღებაზე უმასპინძლა.

„ასეთი მაღალი დონის კონფერენციები არის შესაძლებლობა საქართველო თავისი მიღწევებით და გამოწვევებით საერთაშორისო დღის წესრიგში დავაყენოთ“, - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა მონაწილეობას მიიღებს ქალი პარლამენტარების როლზე გენდერული თანასწორობის საკითხებში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ დისკუსიაში.

„მნიშვნელოვანია, რომ დიდ ბრიტანეთში ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვება და საქართველოში ქალთა პოლიტიკური აქტივობის დაწყება ერთდროულად, 100 წლის წინ მოხდა, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველო ყოველთვის დემოკრატიული ღირებულების ერთგული იყო“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.