სოფიო ქაცარავა: „დღეს 10 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. პატივს მივაგებ დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ“

07 აგვისტო 2018
სოფიო ქაცარავა: „დღეს 10 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. პატივს მივაგებ დაღუპულ გმირებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ“

ომის, იძულებითი გამოდევნისა და ეთნიკური რწმენის რამდენიმე ტალღის შედეგად, ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ეს ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ დაბრუნებას და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ან სხვა ქვეყნებში ლტოლვილებად რჩებიან. ამას ემატება ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უმძიმეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ყოველდღიურად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები. საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცებები, უკანანო დაკავებები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების უფლების წართმევა და სხვა უმძიმესი დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურობად იქცა.

გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ლევან ბაშარულის სასტიკი მკვლელობები კიდევ ერთხელ მიუთითებს ამჟამინდელი სტატუს კვოს მიუღებლობასა და ოკუპაციის დასრულების აუცილებლობაზე. უმნიშვნელოვანესია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მექანიზმების დაშვება, რათა მსგავსი ტრაგიკული ფაქტების პრევენცია და მათზე სათანადო რეაგირება მოხდეს.

მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, საოკუპაციო ძალის დესტრუქციულ ქმედებებს ვპასუხობთ მტკიცე და პრინციპული სამშვიდობო პოლიტიკით, დიპლომატიით, მოლაპარაკებებითა და დიალოგით, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ რუსეთის მხრიდან აღიარების პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით წარუმატებელია. საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია და მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე დგას.

ჩვენი მთავარი ამოცანაა აგრესიას ვუპასუხოთ მშვიდობით, შიდა სტაბილურობითა და ქვეყნის განვითარებით. ჩვენი სურვილია, მავთულხლართების იზოლაციაში მოქცეული საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებით, აღვადგინოთ ნდობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის და მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.