სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

16 აპრილი 2018
სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კოპენჰაგენში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებს სიტყვით მიმართა. 

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებზე. მან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

უსაფრთხოება არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი და ინტერესი. ეუთო-ს წევრი ქვეყნების მთელი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ უნდა მიიმართოს. ასამბლეის სახელით უნდა გადაიდგას საგულისხმო ნაბიჯები, რომ ოკუპაცია, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა დაუშვებელი იყოს ეუთო-ს სივრცეში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხს, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში. მან ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს სივრცეში ამ გამოწვევის მნიშვნელობაზე. „წევრი ქვეყნების ყურადღება უნდა მიიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის გამომწვევ მიზეზებსა და მათ მოგვარებაზე, რაც აქტიურად უნდა დადგეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

დელეგაციის ხელმძღვანელმა ბიუროს სხდომაზე ასევე, ისაუბრა ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის საქმიანობაზე.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 16 აპრილი
  • სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 16 აპრილი