საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

15 აპრილი 2019
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის, ირინე ფრუიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილა „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის N4358-II-ს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ირინე ფრუიძის თქმით, პარლამენტის დადგენილების პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს პარლამენტში ფრაქციათა რაოდენობის შემცირებით. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 14 წევრით და შედგება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და პარლამენტის იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.

მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი დადგენილების მიღებისას საპარლამენტო უმრავლესობაში შედიოდა 8 ფრაქცია, თუმცა დადგენილების მიღებიდან საბჭოს ჩამოყალიბებამდე პერიოდში ეს რიცხვი შემცირდა შვიდამდე, აგრეთვე ნაკლები იყო იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. სწორედ იმისთვის, რომ დაცული იყოს პროპორციულობა საჭიროა დადგენილებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი განხილულ პროექტს.

მეორე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღევანდელ სხდომაზე განიხილა კომიტეტმა არის პარლამენტის წევრების, ირაკლი სესიაშვილისა და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც I მოსმენით განსახილველად სხდომაზე გიორგი კახიანმა გამოიტანა.

მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს რეგლამენტის 157-ე მუხლით დადგენილი წესით ნდობის ჯგუფის ფორმირებისას პრაქტიკაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები და დღეისათვის ვერ ხორციელდება ნდობის ჯგუფის სრული შემადგენლობით დაკომპლექტება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება და ნდობის ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურების დაზუსტება. კერძოდ, აღნიშნულ მუხლში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ჩამონათვალს ემატება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური. ასევე, 157-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ნდობის ჯგუფში ერთი წევრი არის უმცირესობის მიერ წარდგენილი წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, მიმდინარე პერიოდში პარლამენტის სუბიექტებში ცვლილებამ გამოკვეთა აღნიშნული ნორმის დაზუსტების აუცილებლობა. კერძოდ, აუცილებელია უმცირესობის არარსებობისას განისაზღვროს 2 სუბიექტი, რომელსაც ზემოაღნიშნული კვოტით წარდგინების უფლებამოსილება ექნება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები უფლებამოსილი იქნებიან ნდობის ჯგუფში წარადგინონ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე 2 პარლამენტის წევრი. იმავე მუხლის მე-8 პუნქტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნდობის ჯგუფში წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს უფლება ექნებათ ნდობის ჯგუფში წარდგენილ შესაბამის წევრზე უფრო მეტი მხარდაჭერის მქონე ახალი კანდიდატურა წარადგინონ. მეტი მხარდაჭერის პრინციპი არ ვრცელდება უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატურაზე.

კომიტეტის სხდომაზე დაისვა შეკითხვები და გამოითქვა შენიშვნები, რომელთა თაობაზე, მომხსენებლის თქმით იმსჯელებენ ინიციატორები და მათი გათვალისწინებით გავა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ პროექტს.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 15 აპრილი