საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

10 ოქტომბერი 2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც პარლამენტის რეგლამენტით საინიციატივო ჯგუფის დასარეგისტრირებლად არის გათვალისწინებული.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას.

„დარეგისტრირების შემდეგ, საინიციატივო ჯგუფს ეძლევა ოთხთვიანი ვადა იმისათვის, რომ ხელმოწერები შეაგროვოს. თუ საინიციატივო ჯგუფი, ამ დროის განმავლობაში, შეაგროვებს შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერებს, ამის შემდგომ ჩვენ შევისწავლით ხელმოწერების ნამდვილობას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

საკითხის განხილვის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფს გადაეცა სარეგისტრაციო მოწმობა და ასევე, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის ფურცელი.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, რომლის წარდგენის მიზნითაც საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები უნდა შეაგროვოს, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„დაუშვებელია ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორების წარმოების მიზნით, კანაფის ან სხვა მცენარის კულტივირება, დათესვა მოყვანა, გადამუშავება, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება. აგრეთვე ასეთი საქმიანობის ლიცენზირება“.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან მოქალაქეები: გ. ვაშაძე, პ. ბურჭულაძე, გ. ვაშაძე, ზ. უდუმაშვილი, კ. ნაყოფია, ზ. ხარატიშვილი, ნ. ვაშაკიძე, მ. გამყრელიძე, პ. მანჯგალაძე, ი. ნადირაძე, ბ. ქარდავა, ლ. ბეჟაშვილი, მ. ჯებაშვილი, ნ. მაჭუტაძე, ზ. მელიქიშვილი, შ. მალაშხია, ნ. მელია, ნ. კვიტაიშვილი, გ. ბოტკოველი.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 10 ოქტომბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 10 ოქტომბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 10 ოქტომბერი