საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

14 ნოემბერი 2017
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ითვალისიწინებს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების მომზადების მიზეზს კანონპროექტების განხილვაში ყველა მიზნობრივი ჯგუფის ჩართვა წარმოადგენს, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.

მისი მოსაზრებით, ვადების გახანგრძლივება თვისობრივად გააუმჯობესებს კანონპროექტის განხილვის შინაარსობრივ მხარეს და სამუშაო პირობებს. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს - წამყვანი კომიტეტისთვის დადგენილი განხილვის ვადა ნაცვლად 3 კვირისა 30 სამუშაო დღემდე იზრდება. რაც შეეხება დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესს, წარმოდგენილი ცვლილებებით, პარლამენტის სასესიო პერიოდის დასრულებამდე 10 დღით ადრე მათი მიღება შეუძლებელი იქნება. 

გიორგი კახიანს, კანონპროექტების განხილვის დაჩქარებული წესის ცვლილება პრინციპების დონეზეც კი მიუღებლად მიაჩნია.

საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს. გამომსვლელები კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების ცვლილებას პრინციპების დონეზე დაეთანხმნენ, თუმცა უშუალოდ ვადებზე განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, წამყვანი კომიტეტისთვის კანონპროექტის განხილვის ვადის 30 სამუშაო დღემდე გაგრძელება ფაქტობრივად 6 კვირას მოიცავს, რაც საკმაოდ დიდი ვადაა და გარკვეულ რისკებს შეიცავს.

მისი მოსაზრებით, შესაძლოა აღნიშნული ვადა კომიტეტებმა ბოლომდე გამოიყენონ და ისეთი კანონპროექტები, რომლებიც მხოლოდ ერთი პუნქტის ცვლილებას საჭიროებენ, ხანგრძლივი ვადით გადაიდოს და მათი დროულად განხილვა ვერ მოხერხდეს.

კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი