საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

27 დეკემბერი 2017
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელეს.

საპარლამენტო ფრაქციების: „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ რეგისტრაციის განაცხადები კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარადგინა.

გიორგი კახიანის ინფორმაციით, ფრაქციების მიერ, განაცხადებთან ერთად, წარმოდგენილია, სხდომების ოქმები, ფრაქციების პოლიტიკური პლატფორმები და წესდებები, რომელთაც ხელს შესაბამისი ფრაქციების ყველა წევრი აწერს. 

წარმოდგენილი განაცხადების თანახმად, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ 7 წევრის შემადგენლობით იქმნება და მასში გაერთიანდებიან : ბიძინა გეგიძე - ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა პაპუაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გოგიჩაიშვილი - ფრაქციის მდივანი და ფრაქციის წევრები - კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე, ირაკლი აბუსერიძე.

ფრაქციაში „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ კი პარლამენტის 11 წევრი იქნება გაერთიანებული. გოჩა ენუქიძე - ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ხახუბია - თავმჯდომარის მოადგილე, პაატა მხეიძე - ფრაქციის მდივანი და ფრაქციის წევრები: ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე.

აღნიშნული ფრაქციები იქმნება უმრავლესობის შემადგენლობაში. დეპუტატები, რომლებიც ქმნიან ფრაქციას, არიან მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრები. ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად არის დაცული რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნები. ყველა ეს მოთხოვნა არის გათვალისწინებული და შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი ერთხმად დაუჭირა. პროცედურის თანახმად, კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ ბიურო განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან, ფრაქციები რეგისტრირებულად ჩაითვლებიან.
ორი ახალი ფრაქციის ფორმირებით, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში რვა ფრაქციით იქნება წარმოდგენილი.