საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

07 მარტი 2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგელობის კვოტირების განსაზღვრის საკითხზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, კვოტირების განსაზღვრის საკითხი კომიტეტს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად დაევალა. მისივე განცხადებით, დროებითი კომისიის წევრთა შემადგენლობა 16 წევრით განისაზღვრა, რომელშიც 8 წევრი უმრავლესობის ფრაქციებიდან, ხოლო დარჩენილი 8 წევრი უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრაქციებისთვის და იმ დეპუტატებისთვის გამოიყო, რომლებიც არც ერთ ფრაქციას არ წარმოადგენენ.

კომიტეტმა წინა სხდომაზე უკვე განხილულ საკითხს - პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრასთან დაკავშირებით, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.

სხდომაზე პარლამენტის წევრმა ირინე ფრუიძემსაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილ პროექტში სრულად აისახა ის შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც კომიტეტმა პირველი მოსმენისას წარმოადგინა. კანონპროექტის მუხლობრივად განხილვის პროცესში, კომიტეტის მხრიდან დამატებითი წინადადებები არ გამოთქმულა. ირინე ფრუიძის მიერ განსახილველად წარმოდგენილ მეორე საკითხს კომიტეტის სხდომაზე დისკუსია მოყვა.

საკითხი შეეხებოდა პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცებას, რომლის მიერ წარმოდგენილი ნორმები კომიტეტის წევრებმა ენძელა მაჭავარიანმა და გიგა ბუკიამ მიუღებლად მიიჩნიეს. რაც შეეხება უშუალოდ ეთიკის კოდექსს - მომხსენებლის ინფორმაციით, იგი იმ დეკლარაციულ პრინციპების და ქცევის წესების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელთა შესრულება პარლამენტის წევრებისთვის სავალდებულო გახდება. მათი დარღვევის შემთხვევაში კი სამი განსხვავებული სანქცია დაწესდება, რომელსაც ეთიკის საბჭო კონკრეტული დარღვევისთვის განსაზღვრავს.

ირინე ფრუიძის განცხადებით, ეთიკის საბჭო მხოლოდ პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება და იგი კოდექსის აღსრულების მთავარი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეთიკის კოდექსის მონიტორინგს და კონტროლს განახორციელებს.

საკითხის განხილვისას კომიტეტის იმ წევრებმა, რომლებმაც ეთიკის კოდექსის ნორმები მიუღებლად მიიჩნიეს, მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი დააყენეს და აღნიშნეს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას მიუღებელია ნებისმიერი სანქციის დაწესება. მათივე განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტი ისედაც არეგულირებს დეპუტატების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და დამატებითი კოდექსის და გარკვეული შეზღუდვების შემოტანა მათთვის მიუღებელ ნორმას წარმოადგენს.

კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დოკუმენტს, თუმცა აღინიშნა რომ მასზე დეტალური მსჯელობა მეორე მოსმენისთვის გაიმართება.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 მარტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 7 მარტი