საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

11 ოქტომბერი 2019
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კიკნაველიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა III მოსმენით.

მომხსენებლის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, საჯარო სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აღმოიფხვრება კანონმდებლობაში აქამდე არსებული ბუნდოვანებები, გასწორდება არაარსებითი ხასიათის უზუსტობები და ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში მოვა ნორმები, შინაარსობრივად დაიხვეწება მთელი რიგი რეგულაციები.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ კომიტეტმა პირველი და მეორე მოსმენის დროს დეტალურად იმსჯელა, მესამე მოსმენისთვის კანონპროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა. შესაბამისად კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს.

სხდომაზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილა კომიტეტმა. 
გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროპექტით დგინდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი.

მისი თქმით, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო და კონკრეტულად, ამ კანონპროექტით დარეგულირდება თუ როგორ უნდა აირჩეს კომისიის თავმჯდომარე. 

კანონპროექტის თანახმად მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს აირჩევს თავად ეს კომისია წევრთა შემადგენლობის 2/3-ით, იმავე წესით როგორც ეს არის გათვალისწინებული მაუწყებლების კომისიაში. ასევე მაუწყებლის კომისიის ანალოგიურად, კომისიის თავმჯდომარის ვადა განისაზღვრება 3 წლით, მხოლოდ იმ უფლებამოსილების ვადით, რა ვადითაც არის წევრად არჩეული.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, „მთავარი იზეზი, რის გამოც ეს ინიციატივა შემოვიდა რეალურად არის ის, რომ არაკონსტიტუციური ნორმა მოქმედებდა კანონმდებლობაში“. 

ასევე შემოღებული იქნება ახალი წესი, რომ კომისიაში შესაძლებელი იყოს თვმჯდომარის გადარჩევა ორი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კომისიის 4/5 წევრის თანხმობით. ასევე თავმჯდომარის ადგილმონაცვლის თაობაზე, სხვა მარეგულირებელთან ანალოგიით, კანონს ემატება, რომ თავმჯდომარის მიერ რაიმე მიზეზით ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალეობას თავმჯდომარის დავალებით ასრულებს რომელიმე წევრი ან უხუცესი წევრი.

გიორგი კახიანმა კიდევ ერთ საჭირო ცვლილებაზე გააკეთა აქცენტი, „მე ვფიქრობ, რომ არის კიდევ ერთი ნორმა, რომელიც ასევე საჭიროებს გარკვეულ ცვლილებას. ეს შეიძლება თავმჯდომარეს არ ეხება, მაგრამ ვფიქრობ, ამ საკითხთან არის პირდაპირ დაკავშირებული და ესეც უნდა გამოვასწოროთ. კერძოდ, როდესაც პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს კომისიის წევრებს, კონსტიტუციური ნორმების მიხედვით ამ წარდგენას სჭირდება კონტრასიგნაცია. 2017 წლამდე ეს საჭიროება არ არსებობდა, იმიტომ რომ მანამდე კონსტიტუციაში იყო ასეთი ნორმა, როდესაც მთავრობა არის წარმდგენი სუბიექტი, პრეზიდენტის ასეთ აქტებს აღარ სჭირდება თანახელმოწერა. ახალი კონსტიტუციის ნორმით ასეთ აქტებს ესჭიროება თანახელმოწერა პრემიერის მხრიდან. წინადადება შემომაქვს, რომ ესეც დავამატოთ კანონპროექტით განსაზღვრულ ცვლილებებს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“. მსჯელობისა და განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კნონპროექტებს. 

კომიტეტის წევრების მიერ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები აისახება სავალდებულო დასკვნაში და გადაეცემა წამყვან, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 ოქტომბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 ოქტომბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 ოქტომბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 ოქტომბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 ოქტომბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 ოქტომბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 ოქტომბერი