საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

29 ნოემბერი 2019
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრის სოფიო ქაცარავასათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. 

სოფიო ქაცარავამ განცხადებით მიმართა პარლამენტს ვადამდე ადრე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და რეგლამენტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კომიტეტმა მისი განცხადება დააკმაყოფილა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ გულდასაწყვეტი ფაქტია, თუმცა ეს სოფიო ქაცარავას გადაწყვეტილებაა, რომელსაც კოლეგები პატივს სცემენ და შესაბამისად წარმატებები უსურვეს უკვე ყოფილ კოლეგას პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და მხარი დაუჭირა, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული პარლამენტის გამოკლებული წევრის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლედ ცნობილ იქნას ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი თემურ გოცირიძე.

სხდომაზე განიხილეს საკითხი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ დარეგისტრირების შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარედ წარმოდგენილია მარიამ ჯაში, თავმჯდომარის მოადგილედ ლევან კობერიძე, ფრაქციის მდივანი იქნება გედევან ფოფხაძე. ფრაქციის წევრები იქნებიან: ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და კობა ნარჩემაშვილი. კომიტეტის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს.

დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს ფრაქციის სახელწოდება „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დანარჩენ დეპუტატებთან მიმართებაში საჩოთიროდ მიაჩნია, ამიტომ მან საკითხს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ახალი ფრაქციის შექმნის საკითხს. შესაბამის დასკვნას კომიტეტი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 29 ნოემბერი