საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

19 მარტი 2020
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
 
მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ მესამე მოსმენისთვის წარმოდგენილ კანონპროექტში მხოლოდ ერთი რედაქციული შესწორება განხორციელდა, რომელიც რამდენიმე პუნქტში ჰპოვებს ასახვას. კერძოდ, მისი განმარტებით, „ხდება ტერმინოლოგიური ცვლილება რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ავირჩევთ პირს მოსამართლეობის კანდიდატად, შესაბამისად მიზანშეწონილია, რომ მუხლის სათაურშიც და ყველგან, სადაც ეს ტერმინია გამოყენებული, „სასამართლოში მოასამართლეობის კანდიდატის ასარჩევად“ კი არ ეწეროს, არამედ ეწეროს „სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატის“ წარდგენის თობაზე. ვინაიდან არ მივიღოთ ისეთი სიტუაცია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კანდიდატი შეარჩიოს, ანუ მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატი იქნება წარდგენილი“. მომხსენებლის თქმით, შესაბამისი ტერმინოლოგიური ცვლილება აისახება პროექტის ყველა შესაბამის თავში. 

კომიტეტმა დღევანდელ სხომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ოთარ ჩრდილელისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ მისი პირადი განცხადება, შესაბამისი ვადაც გასულია იმისათვის, რომ კომიტეტმა დეეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტილად ცნოს და საკითხი გადაეცეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განსახილველად. 

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორივე საკითხს.