„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელების შესაბამისად, საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შევიდეს ცვლილებები, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი რეგლამენტი დახვდეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპული ცვლილებები შედის კონსტიტუციაში, მაგალითად ის, რომ აღარ იქნება უმცირესობა და უმრავლესობა როგორც პოლიტიკური სუბიექტები, იქნება საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამეტო უმრავლესობა, ასევე მე-10 მოწვევის პარლამენტში ძირითადი მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, იცვლება ფრაქციების შექმნის წესიც, ცვლილებაა ვიცესპიკერების რაოდენობაში და სხვა. ამ პრინციპული საკითხებიდან გამომდინარე საჭიროა ტექნიკური ცვლილებები ისეთი, რომელიც უკვე საშუალებას მისცემს მე-10 მოწვევის პარლამენტს, რომ ერთი მხრივ იმუშაოს კონსტიტუციასთან შესაბამისი რეგლამენტით და მეორე მხრივ იყოს უფრო რაციონალური და ოპტიმალური მისი საქმიანობა“.
ირაკლი კობახიძე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ირაკლი კობახიძემ გამოიტანა სხდომაზე. მისი თქმით, მესამე მოსმენისთვის პროექტში ტექნიკური სარედაქციო ცვლილებებია შეტანილი, მათ შორის არ არის ისეთი ცვლილება, რომელიც რაიმე ფორმით გავლენას მოახდენდა შინაარსზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.