საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შესახებ


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სამართლებრივი სტატუსი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის სუბიექტია, რომელიც იქმნება საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, მათი განხილვის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით. კომიტეტის საქმიანობა წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულებითა და სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.


კომიტეტის სტრუქტურა და მუშაობის უზრუნველყოფა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სრული შემადგენლობა (სიითი შემადგენლობა 10 წევრი) განისაზღვრება 17 პარლამენტის წევრით. მათ შორის არიან კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის სამი მოადგილე (ერთი-ერთი პირველი მოადგილე) და კომიტეტის წევრები, რომლებიც თანამდებობაზე აირჩევიან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით. კომიტეტის შემადგენლობაში 8 დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის, 2 მათგანი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელია.

კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება, გარდა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ, სხდომის უფლებამოსილების დადგენისთვის საჭირო ხმების ნახევრისა. კომიტეტის სხდომა საჯაროა. თუმცა კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის ჩატარების შესახებ.

კომიტეტის სხდომაზე კომიტეტში შემუშავებული და შემოსული სხვა კანონპროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად.
კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.

კომიტეტის აპარატი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლს.
კომიტეტის აპარატი:

  • მონაწილეობს კანონპროექტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
  • კონტროლს უწევს საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას;
  • ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
  • აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
  • ასრულებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

კომიტეტის უფლებამოსილებები და საქმიანობის მიმართულებები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი:

  • შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტებს;
  • მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;
  • საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას აძლევს პარლამენტი და დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;
  • განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დაკვნას;
  • აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
  • ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
  • პარლამენტისა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სამუშაო ჯგუფებს;
  • უფლებამოსილია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც თანხმობა მისცა საქართველოს პარლამენტმა, მოისმინოს მათი პასუხები დასმულ შეკითხვებზე და განიხილოს მათი საქმიანობის ანგარიში;
  • ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წევრების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრების თაობაზე კომიტეტების მიერ რეაგირებაზე. ინფორმაციას აწვდის პარლამენტის ბიუროს;
  • წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

  • ამზადებს წინადადებებს პარლამენტის რეგლამენტში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ;
  • პარლამენტის აპარატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, პარლამენტის რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისთვის დადგენილი პროცედურების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, პარლამენტის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტებს, რისი განხილვის შედეგებსაც სისტემატურად მოახსენებს პარლამენტს;
  • კონტროლს უწევს საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას;
  • განსაზღვრავს პარლამენტის კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
  • შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და უახლოეს სხდომაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს; უახლოეს პლენარულ სხდომაზე, პარლამენტს აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტს;
  • იღებს ინფორმაციას მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების თაობაზე;
  • განიხილავს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებას და სხვა მასალებს; საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან რეგისტრაციაზე ეუბნება მოტივირებულ უარს;
  • ამოწმებს ამომრჩევლების ხელმოწერის ნამდვილობას, რის შესახებაც დასკვნას წარუდგენს ბიუროს უახლოეს სხდომას;
  • ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და შესაბამის დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს;
  • პარლმენტის რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევაში ასრულებს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციებს, ადგენს ფარული კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას;
  • წარმართავს პარლამენტის სამანდატო საქმიანობას;
  • პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ბიუროს წინაშე სვამს საკითხს სათანადო რეაგირებისთვის;
  • შეისწავლის პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობას და განხილვის შედეგებს მოახსენებს პარლამენტის ბიუროს;
  • კომიტეტების სხდომებზე პარლამენტის წევრების დასწრების შესახებ ყოველთვიური მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე;
  • ყოველი სესიის ბოლოს იღებს ინფორმაციას პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნულის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე;
  • შეისწავლის პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და შესაბამისად რეაგირებს მათზე;
  • შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის პლენარულ სხდომას;
  • პერიოდულად და საჭიროებისამებრ აანალიზებს სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ ინფორმაციას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად;
  • შეისწავლის და განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურორის საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადების საფუძვლიანობას, რის შესახებაც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
  • ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.