ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

16 თებერვალი 2017
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

პარლამენტმა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშესაწყობად მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. ცვლილებები, რომელიც ამ მიმართულებით 22 კანონში შედის, დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, პენიტენციალურ სისტემაში იქმნება ახალი -გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შეეძლება დროებით დატოვოს პენიტენციარული დაწესებულება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება. მისი ინფორმაციით, არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება, პენიტენციური დაწესებულების პირობებში მიიღონ უმაღლესი განათლება.

ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, არსებით ცვლილებას განიცდის თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის დამოუკიდებელი სახე და მის ნაცვლად ინერგება თანამედროვე და უფრო ქმედითი სასჯელის სახე - შინაპატიმრობა. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ენიჭებათ უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით არ ირღვევა დაწესებულების დებულების მოთხოვნები. ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციარული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროქტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განმარტებით, ლიცენზიისგან გათავისუფლდება სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, ისევე, როგორც ლიცენზიისგან გათავისუფლებულია ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 

დღესვე განიხილეს „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მარიამ გაბუნიას განმარტებით, შეთანხმების მიზანია თავისუფალი ვაჭრობის პირობების განსაზღვრა და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებით: სურსათის უვნებლობა, ტექნიკური რეგულირება, ვაჭრობის ხელშეწყობა და საბაჟო საკითხები, საქონლის წარმოების წესები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, სახელმწიფო შესყიდვები, თავისუფალი კონკურენცია.

კომიტეტმა განიხილა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მეზღვაურთა დამსაქმებელი საკრუინგო კომპანიების რეგულირებას ამ კანონისგან განსხვავებული წესით, რადგან მეზღვაურები აღიარებულნი არიან სპეციალურ სამუშაო ძალად.

სხდომაზე განიხილეს პარლამენტის წევრების, მირიან წიკლაურისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გასაშვილებელი ბავშვისთვის სტაბილურ ოჯახურ გარემოში განთავსებასა და სათანადოდ მომზადებულ და შერჩეულ მშვილებელ ოჯახში გადაყვანას, ასევე, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდებას.

ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიური ზრუნვა და აღზრდა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას.

„სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება, რაც წარმოადგენს შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს. „მოსამზადებელი კურსი დაეხმარება მშვილებელ პირებს, შეიძინონ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და ზრუნვისთვის საჭირო უნარ–ჩვევები.

სხდომაზე განიხილეს ასევე მოქალაქის, გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტის მიერ უარყოფილი იქნა.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2017 წლის 16 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2017 წლის 16 თებერვალი