შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში

14 სექტემბერი 2017
შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ ახალგაზრდული საქმიანობისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და „ააიპ სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან გაჟღერდა, რომ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. ამ მხრივ კომიტეტის პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მოსახლეობის შესაძლებლობების შექმნით სასპორტო წვდომადობის უზრუნველყოფა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ გააკეთა ინფორმაცია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ კერძოდ, სოფელ ერგნეთის სტადიონის ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაძლებლობებისა და სასპორტო პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან გაცხადდა სპორტის კომიტეტის მიერ მომზადებული ინიციატივა. კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივა სამშვიდობო პოლიტიკის მთელ რიგ ამოცანებს მოიცავს, მათ შორის ძირითად ორიენტირებს წარმოადგენს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საგანმანათლებლო და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა.

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ახალგაზრდული საგანმანათლებლო და სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცის დაგეგმარებას, ჩამოყალიბებას და განვითარებას. შესაბამისად, ეს უნდა განხორციელდეს სოციალურ-ეკონომიკური სივრცის კონტექსტში, სამშვიდობო პოლიტიკით განსაზღვრული ინიციატივების წახალისების ფარგლებში.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული მოითხოვს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ ტერიტორიის გენერალურ გეგმაში ფუნქციონალურ და ტერიტორიულ ზონირებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

გალერეა

  • შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, 2017 წლის 14 სექტემბერი
  • შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, 2017 წლის 14 სექტემბერი