საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შესახებ


საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2008 წელს შეიქმნა სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. აღნიშნულ თარიღამდე სპორტის კომიტეტი შედიოდა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში.

კომიტეტის სხდომები

საპარლამენტო კომიტეტები მუდმივმოქმედი ორგანოებია და იქმნება პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. კომიტეტის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არა ნაკლებ თვეში ორჯერ და როგორც წესი, არასასესიო კვირის განმავლობაში.

კომიტეტის სხდომები ღიაა და მასზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც განსახილველი საკითხის ხაისათიდან/ მნიშვნელობიდან გამომდინარე კომიტეტი, ხმათა უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას დახურული სხდომის ჩატარების შესახებ. პარლამენტის წევრებს, რომლებიც აღნიშნული კომიტეტის წევრები არ არიან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით.

ინფორმაცია კომიტეტის მუშაობის შესახებ საჯაროა. საჯაროობას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური და კომიტეტის ვებგვერდი.

საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლის და შემოწმების განხორციელების შემდეგ იღებს დასკვნას, რომელიც შეიცავს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად და მასზე სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა

კომიტეტი შედგება პარლამენტის 15 წევრისაგან, რომლებიც კომიტეტის შემადგენლობაში აირჩევიან პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არცერთ ფრაქციაში. კომიტეტში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

კომიტეტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც კომიტეტის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

კომიტეტს ჰყავს კომიტეტის თავმჯდომარის სამი მოადგილე, რომლებსაც კომიტეტის უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომიტეტი თავის წევრთაგან.

კომიტეტის ამოცანები

  • ახალგაზრდობის სტიმულირება სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის; სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებისა და განხორციელებისათვის მონიტორინგის გაწევა; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა;
  • უწყვეტი სასპორტო განათლების სისტემის შექმნა, ქვეყანაში ეფექტური და ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორებისა და კლუბების ჩამოყალიბება და პროფესიული კადრებით უზრუნველყოფა, ვეტერან მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესება. მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის, ბავშვთა, სტუდენტური, პროფესიული, სამოყვარულო სპორტის და მოსახლეობისათვის მასობრივი სპორტის განვითარება, ასევე პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელი და სამედიცინო-სამკურნალო რეაბილიტაციის საკითხების მოგვარება.
  • საქართველოს კანონებისა და პარლამენტის სხვა გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.
  • საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად;
  • საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესაბამისად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მიმდინარე რეფორმის, რეორგანიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • ახალგაზრდული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის, სახელმწიფოებრივი ხელშეწყობისა და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხების, საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციების, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ასოციაციების, კავშირების, ფედერაციების საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; პატრიოტულ-აღმზრდელობითი საქმიანობის განხორციელება.
  • სპორტის განვითარების, პატრიოტულ-აღმზრდელობითი საქმიანობის, ქართულ არმიაში სამსახურისთვის ახალგაზრდობის მოსამზადებლად ძირითადი მიმართულებების, ახალგაზრდობის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება, ასევე სათანადო პირობების შექმნა სპორტული ტრადიციების შენარჩუნებისა და დაცვისათვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშემწყობი პირობების შექმნაზე კონტროლის დაწესება, სპორტსმენთა პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა და მათი დაცვა, ახალგაზრდების ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; 

საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები

  • საკანონმდებლო ბაზის განახლება მისი სრულყოფის მიზნით; 
  • უწყვეტი სასპორტო განათლების სისტემის შექმნა და შესაბამისად სასპორტო განათლების სისტემის აღდგენა-რეფორმირება;
  • ვარჯიშისა და გაჯანსაღებისათვის ხელმისაწვდომი პირობების შექმნა ბავშვებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის;
  • სპორტის სფეროში სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავების საკითხების კოორდინაცია;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • საკურატორო დარგების სამომავლო დაფინანსების საკითხები ეტაპებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით;
  • განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების, ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ახალგაზრდული ორგანიზაციების, სპორტული ასოციაციების, კავშირების, ფედერაციებისა და სხვა ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობის და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომიტეტის სხდომებზე განხილვა;
  • „სპორტი ყველასათვის“, და „უმაღლესი მიღწევების სპორტი“-ს მიმართულებები და პროფესიული სპორტის დარგების განვითარება; 
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმნათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების კოორდინაცია;
  • ანტინარკოტიკული პოლიტიკა; ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა; მოსწავლე ახალგაზრდობის ზნეობრივი და ფიზიკური აღზრდის და ჰარმონიული განვითარების პოლიტიკის განხორციელება.
  • სუსტი ჯანმრთელობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავების კოორდინაცია;
  • სპორტის ვეტერანთა სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა.