ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა

09 ივლისი 2020
ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიტცს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საკითხებზე.

„ჩვენ, პირველ რიგში, ორივე მივესალმეთ იმ პარტნიორულ ურთიერთობას, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულია საქართველოსა და გერმანიას შორის. გავცვალეთ მადლობები თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საკითხებზე და აქაც უდავოა ჩვენი გამოკვეთილი თანამშრომლობა, პარტნიორობა და მიღწეული შედეგები. ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ, მათ შორის, მომზადებას გადიან გერმანიაში, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო კოვიდ - 19-ის პანდემიით შექმნილ ვითარებას.

„შევაფასეთ მიმდინარე ვითარება პანდემიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ორივე ქვეყანას აქვს წარმატებული შედეგები პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და გერმანია არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელთანაც საქართველომ საჰაერო მიმოსვლა გახსნა“, - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი სესიაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ვითარება და რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს მთავარ საფრთხეზე - ოკუპაციაზე. მიმოვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთსა და ცხინვალში. რა თქმა უნდა, გერმანია ყოველთვის არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი, როცა საქმე შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ვისაუბრეთ იმ ჰიბრიდულ საფრთხეებზეც, რაც რუსეთისგან მომდინარეობს, იქნება ეს - პროპაგანდა, ფეიკ ნიუსი, დაზვერვა თუ სხვა საკითხები“, - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბუნდესტაგისა და საქართველოს პარლამენტის გამოცდილება, რომელიც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლს.

„საქართველოს პარლამენტმა წლების განმავლობაში გამოიყენა გერმანიის ბუნდესტაგის ძალიან კარგი გამოცდილება საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით და არაერთი რეგულაცია გვაქვს ერთნაირი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყანა და პარლამენტი დგას სწორედ იმ რეფორმების გზაზე, რომელიც ეფუძნება ევროპულ დემოკრატიას და ისეთი ქვეყნების გამოცდილებას, როგორიც არის გერმანია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეები შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმდნენ.

გალერეა

  • ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა
  • ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა
  • ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა