მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

18 ნოემბერი 2016
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის წევრებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევით საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე. „საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში, სხვადასხვა პოლიტიკური პატიების წინაშე წარმოქმნილ გამოწვევებზე და ამის შედეგად, საზოგადოებაში გაჩენილ განწყობებზე ისაუბრა. „პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, არამედ, პირიქით, იწყება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი შესთავაზე.

„ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეთი ინსტიტუციური, კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი. გამოვთქვამ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ახალ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით არის წარმოდგენილი შესთავაზე, რომ თახმობითა და თანამშრომობით, „შექმნილი ვითარება იქცეს პროგნოზირებად და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სტაბილურობად“.

გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ „პრობლემურ და სტრატეგიულ საკითხებზე დამკვიდრდეს წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა“.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაზე და სოციალურ პრობლემებზე, 2013 წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და შესაძლებელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი მომუშავე ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე.

სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა წინადადებით მიმართა პარლამენტს, რომ მართლმსაჯულების განვითარების სისტემის განვითარების სტრატეგიის შექმნის მიზნით, მოწვეული იქნეს ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არც ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ არავის უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. „უნდა გაძლიერდეს მედიის დაცვის მექანიზმები და შეიქმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა პრობლემების მოგვარების გზებზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე და ამ საქმეში პარლამენტის როლზე. მისივე თქმით, აუცილებელია ეროვნული უშიშროების ერთინი სტრატეგიის ჩამოყალიბება.

„ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ცვლილებები. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ მოვალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ. ქვეყნის მყისიერი წარმატება აუცილებელია. ვეთანხმები პრემიერმინისტრს, რომ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, 2017 წელს განათლების წლად ვაცხადებ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მე-9 მოწვევის პარლამენტარებს კიდევ ერთხელ წარმატება უსურვა. „წარმატებულ საპარლამენტო საქმინობას გისურვებთ თქვენ და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს, რევაზ არველაძეს გადაეცა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვა.

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით აირჩიეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. თამარ ჟვანიამ ისაუბრა საარჩევნო გარემოს განვითარების შესახებაც და აღნიშნა, რომ არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ქვეყანაში ტრადიციად იქცა.

„2016 წლის პარლამენტის არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც ჩატარდა მშვიდობიან, კონკურენტულ ვითარებაში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში გამოეხატათ საკუთარი ნება და ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, რეგიონში ლიდერ პოზიციას იკავებს“, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 884 შეადგინა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 1 825 054 შეადგინა. არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა შემდეგია:
№41 - „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" - 115 მანდატი
№5 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27 მანდატი
№8 - „დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ - 6 მანდატი,
№19 - „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” – 1
№42 - საინიციატივო ჯგუფი - 1

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროფესიულ დონეზე უზრუნველეყო არჩევნების ორგანიზება. ამომრჩევლებისთვის არჩევნების დღეს ყველა პირობა იყო შექმნილი, რომ მათ თავისუფალ გარემოში განეხორციელებინათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული საქმიანობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომრემ, გიორგი კახიანმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომისიამ ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და პარლამენტის წევრად არჩეულად მიჩნეული იქნა 150 დეპუტატი. ამის შემდეგ, პარლამენტმა დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით, დადგენილებით, ცნო პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება. დადგენილების პროექტს მხარი 146 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტი წაიკითხა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს „ვფიცავ“ და ხელი მოაწერეს ტექსტს.

ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა დეპუტატებს ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შემადგენლობა გააცნო: ფრაქცია „ქართული ოცნება“- 110 დეპუტატი, ფრაქციას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს; ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ – 6 დეპუტატისგან შედგენა და მისი თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე იქნება; უმრავლესობას ლიდერია არჩილ თალაკვაძე.

დარეგისტრირდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის 20 წევრი შედის და მას ნიკანორ მელია უხელმძღვანელებს. ასევე, დარეგისტრირდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს. ფრაქცია პარლამენტის 6 წევრისგან შედგება. დარეგისტრირდა კიდევ ერთი ფრაქცია - „საქართველოს პატრიოტები“. ფრაქციას, რომელიც 6 წევრისგან შედგება, გიორგი ლომია უხელმძღვანელებს.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად უმრავლესობამ ირაკლი კობახიძე დაასახელა, რომელმაც კენჭისყრის ჩატარების პროცედურამდე, პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს პოლიტიკური ნების გამოხატვისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვისურვებდი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ ამ ნდობის გამართლება და პარლამენტის წევრის საპატიო სახელის ღირსეულად ტარება. მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და იმავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა. არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან პარლამენტის,როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელ ორგანოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობა ქვეყნის დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს და სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. „ჩვენ, ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით, ვალდებული ვართ, ხორცი შევასხათ ქართველი ხალხის ამ არჩევანს და მისწრაფებებს. ამისთვის უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ამასთან, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა. უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის წითელი ხაზების უმკაცრესად დაცვა უნდა უზრუნველყოს. „ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დარჩება ამოცანებად, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის კომპრომისს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევადი განვითარება უნდა უზრუნველყოს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გასული ოთხი წლის მანძილზე საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა და აუცილებელია ამ მიღწევის კიდევ უფრო გამყარება, რაც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებაში პარლამენტის როლზეც და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უფრო მეტად უნდა განვითარდეს ხელისუფლების დანაწილების ისეთი სისტემა, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს, პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას შორის ურთიერთპატივისცემაზე იქნება აგებული.

„მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო რეფორმაც, რომლის განხორციელება ამ მოწვევის პარლამენტის განსაკუთრებული გამოწვევაა, სწორედ ამ პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს. საქართველოს პარლამენტმა უნდა დააფუძნოს კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი ფორმატი, რომელიც ყველა შესაბამისი მხარის ფართო ჩართულობისა და ფართო კონსესუსის საფუძველზე მოგვცემს კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანიდიდატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციისა და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხი და ამ პრობლემის დაძლევა არსებითად იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებსა და იმ ურთიერთობებზე, რომელიც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარლამენტში განვითარდება.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას. ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელს ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ძალას არ დავიშურებ დემოკრატიული პროცესებისა და პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომი განვითარებისათვის, განუხრელად დავიცავ საქართველოს ინტერესებს და მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა კითხვებს უპასუხა, რომლებიც ოპოზიციასთან  თანამშრომლობას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს, საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხს, ლარის კურსს და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას ეხებოდა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ მისი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალასთან მაქსიმალურად კონსტრუქციული თანამშრომლობა უზრუნველყოს.

კითხვა-პასუხის რეჟიმის შემდეგ ცალკეული დეპუტატების, ფრაქციების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა გამოსვლები გაიმართა.

ახალარჩეულმა პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ფარული კენჭისყრით, 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ, ირაკლი კობახიძე დაამტკიცა

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემა დაუდასტურა. ირაკლი კობახიძემ საქართველოში პარლამენტარიზმის ტრადიციების განვითარებისა და პარლამენტის თითოეული წევრისთვის სამუშაო პროცესში ხელშეწყობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა პარლამენტის თითოეულ წევრს, ვიმეორებ, ყველა წევრს, იმ წევრებს, რომლებიც დღეს იყვნენ აგრესიულები და რომლებიც არ იყვნენ აგრესიულები, იმ წევრებს, რომლებიც დღეს იყვნენ კონსტრუქციულები და არ იყვნენ კონსტრუქციულები, რომლებიც საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე და არ საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე, იმ წევრებს, რომლებმაც დღეს თქვეს სიმართლე და რომლებმაც არ თქვეს სიმართლე. კიდევ ერთხელ მინდა, ზოგადად, დაგიდასტუროთ ჩემი მზადყოფნა, რომ არ დავიშურებ ძალას იმისთვის, რათა ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომ განვითარებას და უზრუნველვყო ის, რომ თითოეულ თქვენგანს, პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ აქ წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიას, ჰქონდეს საპარლამენტო მუშაობაში საკუთარი თავის სათანადოდ გამოვლენის შესაძლებლობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე, პარლამენტმა ვიცესპიკერები აირჩია. პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 120 ხმით 2-ის წინააღმდეგ, თამარ ჩუგოშვილი აირჩიეს. მეცხრე მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერები უმრავლესობიდან იქნებიან: ილია ნაკაშიძე -131 ხმით, ზვიად ძიძიგური -129 ხმით 2-ის წინააღმდეგ და გიორგი ვოლსკი -129 ხმით 3-ის წინააღმდეგსაპარლამენტო უმცირესობიდან ვიცესპიკერად - სერგი კაპანაძე 94 ხმით 15-ის წინააღმდეგ, ხოლო ფრაქციიდან „საქართველოს პატრიოტები“ - ირმა ინაშვილი 106 ხმით 24-ის წინააღმდეგ აირჩიეს.

პარლამენტში კომიტეტების შემადგენლობების განსაზღვრისა და ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობების კვოტების შესახებ დადგენილების პროექტი დეპუტატებმა 135 ხმით დაამტკიცეს. დღესვე, პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორშაბათს, 21 ნოემბერს, 15:00 საათზე, ახალარჩეული პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომავალ კვირას პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, ორშაბათს კომიტეტების საორგანიზაციო სხდომები გაიმართება.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.