პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა

29 მაისი 2020
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისა და განხილული კანონპროექტების კენჭისყრით მიღების შემდეგ, ინტერპელაციის წესით პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრი წარდგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებისა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტა ინტერპელაციის პროცედურა.

პირველი კითხვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დასვა, თუ რატომ ვერ დაძლია ქვეყანამ სიღარიბე, - „ორი დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის 11 საათიანი მოხსენება, მაგრამ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ზუსტი და დამაიმედებელი პასუხი, რომელიც ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ მოქალაქეებს რაიმე სიმშვიდეს, დახმარებას ან მხარდაჭერას მოუტანდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 27 მაისს მაქსიმალურად ამომწურავად ისაუბრა საკითხის ირგვლივ.  – „თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს  და მიუხედავად იმისა, რომ, მერწმუნეთ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს“.

გიორგი გახარიამ მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური  ვითარება.  მისი თქმით, დღეს ქვეყანაში კიდევ 8 ახალი ინფიცირებული გვყავს, რომელთაგან 6 გადამზიდავი მძღოლია. მან გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს  მოუწოდა მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან.

ქვეყნის პრემიერი საუბრისას ეკონომიკურ ასპექტებს შეეხო. - „72 175 ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა, უკვე მიიღო ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება. ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა ასევე 52 151 მოქალაქეს.  ასევე, ჩვენმა 22 644 მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, პირველი ტრანში უკვე მიიღო. ასევე, 40 440 შშმ პირს და შშმ ბავშვს უკვე ჩაერიცხა ეს დახმარება. 18 000 ფერმერმა უკვე შეიძინა აგროდიზელი შეღავათიან ფასში და 27 000 ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს. ეს არის 427 206 ადამიანი. ეს ადამიანების ის რაოდენობაა, რომლებმაც დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება, ქეშის სახით პირდაპირ თავიანთ ანგარიშებზე მიიღეს“.

გიორგი გახარიას განცხადებით, სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.  – „ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80%“.

პრემიერის თქმით, მისთვის უკიდურესად მძიმეა სიღარიბის თემაზე საუბარი.

„გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც კრიზისში ვართ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ საქართველოს ბიუჯეტის 1/3 მიმართულია სოციალური ხარჯებისთვის.

„სამწუხაროდ, პრობლემა ის გახლავთ, რომ როცა ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულების და დივიდენტების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, მასწავლებელზე ,  პოლიციელზე საბოლოო ჯამში ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის. ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტით განსაზღვრული დროით დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ფრაქციების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები.

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე - „თქვენ რომ მოგესურვათ და ყოფილიყავით არა ექიმების რეკომენდაციების შემსრულებელი პრემიერი, არამედ რეფორმატორი და შეგექმნათ ისეთი სახის რეფორმები ამ 2-3 თვეში სწორედ ძნელბედობის ჟამს, დაინახავდა საზოგადოება, ხალხი, რომ თქვენ გესმით მათი გაჭირვება. თქვენ ეს ვერ შეძელით და ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს უკეთეს პრემიერს“.

ეკა ბესელიამ პენსიონერების  სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლება მოითხოვა, რადგან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის შემაფერხებელი ფაქტორი მათთვის მიიღონ სამართლიანი სასამართლოს უფლება.

დეპუტატი დაინტერესდა აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერად მთავრობის მზაობით. დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე დაინტერესდა როდის მიიღებს მთავრობა ავტორიზაციის  აქტს, რომლის არარსებობის გამოც შეფერხებულია სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის შემდგომი ეტაპი.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ქვეყნის მთავრობა  კორუფციაში და პლუტოკრატიულ მმართველობაში დაადანაშაულა.

თინათინ ბოკუჩავა - „ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში“.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სახელით, სხდომაზე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი გამოვიდა.

მისი განცხადებით პრემიერმინისტრმა 27 მაისს საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე ამომწურავად ისაუბრა და დღეს მისი პარლამენტში მოსვლა არამიზანშეწონილად მიიჩნია.

ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა,ოპოზიციის ხსენებისას დააკონკრეტონ, რომელ პარტიას გულისხმობენ. „რეალურად ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსია” დანარჩენები კრიმინალური წარსულის ჯგუფებია. ამიტომ თქვენს განცხადებას, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს კომპეტენტური ოპოზიცია, არ ვიღებთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა  ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებზე ისაუბრა და ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება.

შეეხო სკოლებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას და დაინტერესდა, სიტუაციის გასაუმჯობესებლად შესაბამისი სამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებებით.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სახელით გიგი წერეთელი გამოვიდა და განაცხადა, რომ ნამდვილად მადლობას იმსახურებენ ის ადამიანები, ვინც აქტიურად იმუშავა და წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს არ გვაქვს ვირუსის დიდი გავრცელება. თუმცა, აქვე აღნიშნა - „პრემიერისგან საზოგადოებაც და ოპოზიციაც ელოდება იმას, რომ მან კონკრეტულად ისაუბროს იმ ციფრებზე და იმ პროგრამებზე, რომელიც ადამიანების უმძიმეს ყოფას გააუმჯობესებს“.

პრემიერ-მინისტრს კითხვებით მიმართეს ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ფრაქცია „ევროპული საქართველოდან“  გიგა ბოკერიამ და გიორგი კანდელაკმა. 

რეგლამენტით განკუთვნილი დროით ისარგებლეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც.

დიმიტრი ხუნდაძემ თავის გამოსვლაში ბავშვთა სიღარიბეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ეს პრობლემა ქვეყანაში არ  დაწყებულმა გუშინ და არც გუშინწინ. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ სწორედ ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ხშირად ოჯახები უარს ამბობდნენ ბავშვის ყოლაზე იმიტომ, რომ ელემენტარულად არ ჰქონდათ მშობიარობის გადასახდელი. მისი თქმით, 2014 წელს შემოღებული იქნა შობადობის წამახალისებელი პროგრამა - ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა.

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი იყო  საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა,  სადაც კვების რაციონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და წელიწადში ბავშვებზე სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში, მხოლოდ კვებაზე, დაახლოებით 56 მილიონი იხარჯება.

„ოპოზიცია ცდილობს ტყუილებით გადაფაროს ის წარმატებული პროექტები, რომელიც დღეს საქართველოში ხორციელდება“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ასოცირებული ფრაქციების წევრების  გამოსვლების პასუხად წარსულის არაერთი დანაშაული გაახსენა. – „53 საქმე დავთვალეთ სტრასბურგიდან, რის გამოც ჩვენ დღეს ფული უნდა გადავიხადოთ ამათი ჩადენილი დანაშაულების გამო. ეს ინფორმაციაც გადაიფარა იმით, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრი მიდის ოპოზიციაში და ყველა ამას კითხულობს, მართლა მიდის თუ არა გახარია ოპოზიციაში. ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა.  პიროვნულად არასდროს არავინ მომიხსენებია ოპოზიციიდან, მაგრამ  გამოვიდა აგერ ქალბატონი ბოკუჩავა და ჩვენ თურმე ჩვენი მხარდამჭერების  სიებს ვადგენთ, რომ მხოლოდ მათ დავურიგოთ პროდუქცია. უზნეობაა ეს და უზნეობას პასუხი სჭირდება“.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, საქართველოში უამრავი წარმატებული პროექტი ხორციელდება, რომლის გადაფარვასაც ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ  მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. – „2004 წელს, როდესაც დღევანდელი ოპოზიციური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში,  სიღარიბე საქართველოში 34% იყო, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. 2012 წელს, როდესაც მათ დატოვეს ხელისუფლება, მათ დატოვეს 30%-იანი მაჩვენებელი ანუ 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 4%-ით შემცირდა ეს მაჩვენებელი და ეს მაშინ, როდესაც 2003-2004 წლიდან დაიწყო ეკონომიკური ბუმი რეგიონში, რამაც ბუნებრივია დადებითი გავლენა ჰპოვა საქართველოზეც. ჩვენ 6 წლის თავზე მოვახერხეთ და 10 %-ით შევამცირეთ სიღარიბის მაჩვენებელი ეს არის ის მარტივი სტატისტიკა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე და აქ ყველაფერი ნათელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რაც ხელისუფლებამ გაატარა ადამიანებზე ზრუნვისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე შეეხო ოპოზიციის მიერ საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ წინადადებასა და მათი მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას.

ვიცესპიკერის განცხადებით, სწორედ ხელისუფლების დამსახურებით მოწესრიგდა აღნიშნული საკითხი და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქემ იცის, რომ როდესაც გავა პენსიაში, მას ექნება ღირსეული შემოსავალი და არა სოციალური დახმარება სახელმწიფოსგან.

სხდომაზე ინტერპელაციის მეორე კითხვა გიგა ბოკერიამ წარადგინა, რომელიც გადასახადების შემცირებას შეეხებოდა და გიორგი გახარიას მიმართა -„რატომ არ წევთ გადასახადებს დაბლა?“, რაზეც პრემიერ მინისტრმა უპასუხა, რომ „მაშინ, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეპიდემიას, არის სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, აქვს საარჩევნო წელი, როდესაც ის არის ოკუპირებული და „ბორდერიზაცია“ მიმდინარეობს ყოველ დღე, ასეთ დროს პოლიტიკური პოპულიზმი საფრთხის შემცველი კი აღარ ხდება, უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია“.

ამჯერადაც რეგლამენტის მიხედვით გაგრძელდა გამოსვლები. ამ უფლებით არ ისარგებლეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. ფრაქციებმა კი თავისი დრო გამოიყენეს.

თინათინ ბოკუჩავამ თავის გამოსვლაში კვლავ კორუფციაზე გააკეთა აქცენტი.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, კორუფციის მაგალითებზე ისაუბრა.

გიორგი კანდელაკმა თავის გამოსვლაში კვლავ საპენსიო ფონდის გახსნისა და კრიზისის პერიოდში მის გახარჯვაზე, ამ თანხის მოქალაქეებისთვის გადაცემაზე გააკეთა აქცენტი.

საპარლამენტო უმრავლესობის დროით გამოვიდა პაატა კვიჟინაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რასაც ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც.  „ხალხს რატომ არ ვეკითხებით, უნდათ  თუ არ უნდათ ამ თანხის გამოტანა? 40 წელს ზევით ადამიანებს კანონის ამოქმედებიდან, სამი თვის განმავლობაში შეეძლოთ პროცესიდან გასვლა, მაგრამ ამაზე ბევრმა მაშინვე უარი თქვა,“ -განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა. 

რაც შეეხება გადასახადების საკითხს, მისი თქმით, საქართველოში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მცირე გადასახადებია მსოფლიოში და ახლა  მათი შემცირება შეიძლება მხოლოდ მომავალზე იყოს გათვლილი, ვინაიდან ამ შემცირებას დღეს არანაირი შედეგი არ ექნება მოქალაქეებისათვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს შეახსენა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო 6 მლნ ლარის გადახდა დააკისრა.

„თუკი ვინმე არცხვენდა და არცხვენს ქართულ სახელმწიფოს ეს იყავით თქვენ. თქვენ არაერთგზის შეარცხვინეთ ქვეყანა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ადამიანის უფლებები თქვენთვის არის წარსული, ჩვენთვის ეს არის აწმყო.  სტრასბურგის სასამართლოში დღემდე იხილება განაჩენები. მე გესაუბრებით  იმ ადამიანებზე ვისაც სიცოცხლე წაართვით და ისეთი ცინიკოსები ხართ ამაზე ღლიცინებთ. თქვენ ჩვენი საზოგადოებისთვის ხართ კრიმინალური წარსულის მქონე, დღემდე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხი. საზოგადოებამ გამოგიტანათ განაჩენი და კიდევ არაერთგზის გამოგიტანთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, -„გასაგებია, რომ ოპოზიციამ პიარ სტრატეგიად აირჩიეს სიღარიბე, იმიტომ რომ მართლაც მოწყვლადია ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს, მაგრამ ეს ხომ გაზომვადია, ერთ დღეში ხომ არაფერი არ ხდება“.

„თქვენ 2008 წელს ჩაიდინეთ ღალატი. აგვისტოზე არ ვლაპარაკობ. საუბარია რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დაწყებით ესკალაცია ახალ და მსხვილმასშტაბიან ესკალაციის საფეხურზე გადავიდა მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენებამ რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“ და თქვენ ამას მხარი დაუჭირეთ და ამის დაიგნორება გინდათ. ახლა ლაპარაკობთ, რომ გავრილოვი ჩაჯდა რაღაც სკამშიო. ეს საკითხი საკრალური გახადეთ, პიარული ნაწილი იყო. მერე თქვენმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ეს ვაიძულეთ და ვასროლინეთო. ეს ყველაფერი მართლა შეცდომა იყო და დრო, რომ გადაახვიო ახლა უკან ცოცხალი თავით გავრილოვს არ ჩავასმევინებდი ამ სკამში, მაგრამ თქვენ მიერ შექმნილი საკრალურობა ამ რეზოლუციის გადასაფარად გამოიყენეთ. ეს არის თქვენი დანაშაული და ღალატი. პიარის ასეთი სტილი გაქვთ არჩეული - რაც გააფუჭეთ გააფუჭეთ და ეს არ უნდა ახსენო, თითქოს არაფერი, ვითომ ესენი არ იყვნენ და სხვები იყვნენ. დღესაც რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობის ჩათვლით, ეს არის ცალკე მავნებლობა“, - მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თავის დასკვნით სიტყვაში მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ესმის ადამიანების, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის, ეს ადამიანები მოელოდნენ, რომ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რამეზე, ყველას დაავიწყდა დღეს ეს კითხვები და ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში.

გასაგებია, რომ ეს პარლამენტია და პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, მაგრამ, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებშია და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად, როცა დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ გამოწვევები გვექნება  უამრავი, ამ პერიოდში ერთმანეთზე დაბრალება რთულია.

ორიოდე სიტყვა მინდა შოკურ კრიზისზე, როდესაც ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების დღეს ამოღებას და დახარჯვას. ყველას უნდა გესმოდეთ, რომ საპენსიო ფონდი არის ჩვენი მოქალაქეების  მოხუცებულობაში სოციალური გარანტია.

ყველა ის სოციალური პროგრამა რომელიც დავაანონსეთ არის გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.

ეს არ იქნება მარტივი, ჩვენ მოგვიწევს ყოველდღიური შრომა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვიზრუნოთ ამ ქვეყანაზე.

ეს 6 თვე არ იქნება მარტივი ეპიდემიის თვალსაზრისით, ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, ამ ქვეყანაში საუკეთესო არჩევნები.

„იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების სიბრძნეში, მათ თანადგომაში, დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და მათი გადაწყვეტილებით შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამით დასრულდა პოლიტიკური დებატები, რომელიც ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვებს მოჰყვა. მანამდე კი პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილა.

კანონპროექტი  საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით წარმოადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ  თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ცვლილების არსია, ორი სსიპ-ის შერწყმა, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შერწყმა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.

მას გადაეცემა მომსახურების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და ჩაითვლება მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

მომხსენებელმა განმარტებები გააკეთა განხილვებისას დოკუმენტში განხორციელებული შესწორებების თაობაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით განსახილველად გამოიტანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ.

ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენით განსახილველად გამოიტანა  საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა.

კანონპროექტით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი, რომელიც 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს.

მანვე მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პროექტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც მდებარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული,  მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება ამავე მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მეორე მოსმენით წარმოადგინა და მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტი აკვაკულტურის შესახებ“.

კანონპროექტით  წესრიგდება აკვაკულტურის მართვასა და მდგრად განვითარებასთან, აკვაკულტურის ნებართვასთან, მარიკულტურასთან, ხმელეთზე განთავსებულ აკვაკულტურის კონსტრუქციებთან და აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ასევე მუხლობრივად განიხილა პარლამენტმა კანონპროექტის თანმდევი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ათამდე კანონპროექტს მოიცავს.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი  II მოსმენით წარადგინა პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ.

მისი განმარტებით, კანონის მიზანია, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება.

აღნიშნული შეეხება მშენებლობებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად.

მეორე მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ  მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტით განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი, მისი საქმიანობის მიზნები და უფლებამოსილებები. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სააგენტოს მართვასთან, ქონებასთან  და სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები.

საკითხების ამოწურვის შემდეგ, გაიმართა კენჭისყრა და დეპუტატებმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.