პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინეს

19 აპრილი 2017
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინეს

პარლამენტის პლენარული სხდომა დღის წესრიგის დამტკიცებით გაიხსნა, რომლის შემდეგაც, განცხადებებისთვის საპარლამენტო ტრიბუნა ცალკეულ დეპუტატებს დაეთმო. რეგლამენტით მინიჭებული უფლებით 16-მა პარლამენტის წევრმა ისარგებლა, რომლებმაც ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

პირველი განცხადება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის ვიზიტს შეეხებოდა. „სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი იყო არამხოლოდ მორიგი პროვოკაცია, არამედ უაღრესად მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის მხრიდან. რუსეთი ვერ აცნობიერებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს დაუკანონებს მას ანექსიურ პოლიტიკას კავკასიასთან მიმართებაში, არასდროს დაუკანონებს საქართველოს გახლეჩას და დაქუცმაცებას“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მანვე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ოს და აფხაზ თანამემამულეებს ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა. „საქართველო ბრუნდება ევროპაში, საკუთარ სახლში, რომელსაც იგი მუდმივად ეკუთვნოდა და უნდა ეკუთვნოდეს ისტორიული სამართლიანობის დაცვით. ჩვენ თანმიმდევრულად ვბრუნდებით ევროპულ სახლში ჩვენი წარსულით, ჩვენი საუკეთესო ტრადიციებით, ჩვენი კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალით და ჩვენი დაბრუნებით ევროპა მხოლოდ უფრო მრავალფეროვანი, უფრო მიმზიდველი, უფრო საინტერესო და უფრო სტაბილური გახდება და ესაა დღევანდელი და ხვალინდელი დღის რეალობა, რომელსაც აუცილებლად შემოუერთდებიან ჩვენი აფხაზი და ოსი დებიც და ძმებიც“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტს სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ და იგი დესტრუქციულ ქმედებად შეაფასეს.

პარლამენტის წევრებმა განცხადებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე და ახალი კონსტიტუციის რედაქციის პროექტზეც გააკეთეს. სხდომათა დარბაზში განცხადებები ახლად გახსნილ დარიალის ჰესის მნიშვნელობაზე, მოსახლეობისთვის დაწესებულ ჯარიმებზე, საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვნა-თესვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთდა.

განცხადებების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს დაეთმო, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

ვახტანგ გომელაურმა ანგარიშის წარდგენისას, ძირითადი ყურადღება, სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„საანგარიშო პერიოდში სამსახურის პრიორიტეტებს განეკუთვნებოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე მუშაობა და მათგან მომდინარე საფრთხეების შეკავება, კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის საპასუხოდ კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება, ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის განვითარება, უწყებათშორისი კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე, საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს და განვითარებული მოვლენების შეფასებას მუდმივად ახორციელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს აცნობს. ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სამსახური წამყვანი უწყებაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში. ჟენევის დისკუსიების და (IPRM) ფორმატის შეხვედრის ერთ-ერთი განხილვის საგანს საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას საქმე წარმოადგენდა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების თანამშრომლების მიერ სასტიკად იქნა მოკლული. სუს-ი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სამსახურის ხელმძღვანელმა კონტრდაზვერვითი მიმართულებით განხორციელებულ ოპერაციებზეც ისაუბრა და რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც ახსენა. „აღნიშნულის გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლას, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას“, - აღნიშნა სამსახურის უფროსმა.

ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების, ტერორიზმის ყველა ფორმისგან დაცვაზე ისაუბრა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე დაინტერესებული პირი. „ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება, მიმდინარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა. პასუხისმგებლობაში მიეცნენ აღნიშნული ქვეყნიდან დაბრუნებული ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სამსახურის უფროსმა პარტნიორ ქვეყნების ანალოგიურ უწყებებთან ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ამერიკის შეერტებულ შტატებთან არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა, რომელსაც, მისივე შეფასებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის სრულყოფილად მუშაობაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გამოსვლის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დარჩენილი ნაწილის დახურვის კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ანგარიშის საკომიტეტო ფორმატში განხილვის დროსაც, კითხვა-პასუხის ნაწილში ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„კოლეგებო, კარგად ვხვდებით, რომ თუკი ღია რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, ვახტანგ გომელაურს უბრალოდ არ ექნება შესაძლებლობა შეუზღუდავად, სრულყოფილად გასცეს ყველა კითხვას პასუხი. მას სამსახურებრივად აქვს პასუხისმგებლობა, რომ თითოეული სიტყვის უკან იფიქროს და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესი დაიცვას. საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დახურულ რეჟიმში უსმენენ. ამიტომ ჩემი, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაა სხდომის დარჩენილი ნაწილი დაიხუროს და ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელების საკითხს უმცირესობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. საბოლოოდ, პარლამენტის რეგლამენტის 134-ე მუხლის თანახმად, კენჭისყრის შედეგად (99 მომხრე, 16 წინააღმდეგი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვა, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

სხდომის დასასრულს, პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის“ დადგენილების პროექტი 93 მომხრით, 1-ის წინააღმდეგ მიიღო.