პარლამენტის პლენარული სხდომა

07 მარტი 2018
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის ახალი უფროსი გივი მიქანაძე წარადგინა და დეპუტატებს მისი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

„დარწმუნებული ვარ მასთან თანამშრომლობა იქნება ძალიან კომფორტული ყველა დეპუტატისთვის განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და განურჩევლად მათი სტატუსისა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რეგლამენტით გათვალისწინებული დრო პარლამენტის წევრთა განცხადებებს დაეთმო.

დეპუტატთა განცხადებების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების საკითხს დაეთმო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ის მოვლენაა, როდესაც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

„რუსეთის დესტრუქციული ქმედებები არა მხოლოდ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს ის ხელყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ეს არის სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისი თქმით ყველანაირი ძალისხმევა არის მობილიზებული იმისათვის რომ ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს. საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებულია განვითარებულ მოვლენებზე.

„ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ უალტერნატივოც, და ჩვენ კვლავაც გავაგრძელეთ ურთიერთობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობასთან. ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ მშვიდობიანად დავარეგულიროთ კონფლიქტი და ამ სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ საქართველო არ ებრძვის აფხაზებს და ოსებს.

„დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ჩვენ არ ვებრძვით ოსებს და აფხაზებს - ჩვენ ვებრძვით დამნაშავეებს. ჩვენ ვებრძვით მკვლელებს, რომელებსაც ეროვნება არა აქვთ“, - განაცხადა ადა მარშანიამ. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა „საქართველოს პატრიოტების“ მოთხოვნა მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ შეშფოთება და სამძიმარი გამოთქვა ცხინვალის იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო.

„ვუერთდები სამძიმარს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ აღმოვჩნდით“, - განაცხადა მან. ნუკრი ქანთარიამ ცხინვალში პროტესტის გამოსახატავად ბავშვების გამოყვანის ფაქტი დაგმო და მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად ყველას კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.

ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი უმცირესობიდან სერგი კაპანაძე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას, უმცირესობის მიერ წარმოდგენილი წინადადებები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით გაზიარებული იქნება და პარლამენტი მიიღებს შესაბამის რეზოლუციას. მან ასევე გააკრიტიკა ბორჯომში განვითარებული მოვლენები და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და მისი აღსრულების პოლიტიკური ნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მიმდინარე კვირის დასაწყისში ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების ხედვის შესახებ. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა რომ ხელისუფლებას გვაქვს პოლიტიკური ნება განვახორციელოთ დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელიც დაეფუძნება სამ ძირითად სვეტს: ახალი უფლებამოსილებები მუნიციპალიტეტებს, ადგილზე არსებული საჭიროებების საპასუხოდ; მეტი ფინანსური რესურსი პრობლემების მოსაგვარებლად და განვითარების უზრუნველსაყოფად; მოქალაქეების უფრო აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა საკუთარი სოფლის, თუ ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფოსთვის განვითარების ამ ეტაპზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანას რეგიონების უთანაბრობის პრინციპის აღმოფხვრისა და თვითმმართველობის, როგორც მმართველობითი სისტემის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით აქვს.

მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მიმდინარე წელს მოხდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და მისი დამტკიცება საქართველოს პარლამენტის მიერ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

„დეცენტრალიზაცია არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, არის ეფექტიანი მმართველობის ქვაკუთხედი, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ რეფორმას ექნება საერთო მხარდაჭერა ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან და ფართო საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზაზა გაბუნია ასევე შეეხო, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ეფექტურობის საკითხს და მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად კანონის ფარგლებში გაწეული დახმარების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

„ამ კანონის და დაწესებული შეღავათების დადებითი გავლენა სახეზეა და ამ კანონის პრაქტიკაში მოქმედების შედეგი გახლავთ ისიც, რომ წარსულში არაერთ, დაცლის პირას მყოფ სოფელში, მოსახლეობა უკან ბრუნდება, ამ პროცესს ახასიათებს მკვეთრად დადებითი ტენდენცია და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული და გაზრდილი. გასულ კვირას გაიმართა მთის ეროვნული საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდება კიდევ 15 დასახლებაზე და იქ მუდმივად მცხოვრები პირები ასევე დამატებით მიიღებენ სახელმწიფოსგან კანონით განსაზღვრულ შეღავათებს და მხარდაჭერას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიციას პრევენციული ღონისძიებები დროულად უნდა განეხორციელებინა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლა ფაროსანას პრობლემას დაეთმო. მისი თქმით, მართალია სახელმწიფომ გამოყო საკმაოდ დიდი თანხები ამ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის მეტი ორგანიზებაა საჭირო.

„სახელმწიფო თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, თუმცა მოსახლეობის კუთხით მუშაობაა გასააქტიურებელი. ორგანიზებულობაში სახელმწიფოს მეტი გააქტიურება სჭირდება - სოფლის რწმუნებულები ელოდებიან დავალებებს საორგანიზაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ფაროსანასთან ბრძოლისათვის მობილური ჯგუფების შექმნის თაობაზე.

ინკლუზიური განათლების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა და სახელმწიფოს მიერ ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ პროგრამებს გამოეხმაურა. მისი თქმით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების განათლების და შესაბამისი პროგრამების დაფინანსების საკითხები მუდმივად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, სპეც-სკოლების შენობების მდგომარეობა არაა სახარბიელო, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება თბილისში არსებული ორი სკოლა, რომელთა შენობები საფრთხის შემცველია და მან შესაბამის სამინისტროებს მოუწოდა მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებისათვის სათანადო ზომები განახორციელონ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი წერეთელმა გამოსვლის ერთი ნაწილი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს დაუთმო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობაზე და პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართა, ამ კუთხით გააგრძელოს აქტიური მუშაობა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივას ქართული წარწერების სავალდებულო გამოყენების თაობაზე.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის ინიციატივა, რომელიც თბილისში გაკეთებულ წარწერებში ქართული დამწერლობის სავალდებულო გამოყენების პრინციპს ეხება, არის დროული და სამართლიანი.

„მინდა, ჩემი შვილები ქალაქის ქუჩებში პირველ რიგში ქართულ წარწერებს კითხულობდნენ და ამერიკელ და ევროპელ მეგობრებსაც სიამაყით აჩვენებდნენ ქართულ ანბანს, რომელიც მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობას შორის ერთ-ერთი და უძველესია“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა. მისი თქმით, პარლამენტი მზადაა ეს წინადადება სათანადოდ დაამუშაოს და ასახოს კანონმდებლობაში.

არჩილ თალაკვაძის გამოსვლის მეორე ნაწილი საქართველოში განხორციელებული C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურ პროგრამას დაეთმო. მისი განცხადებით, C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა უნდა გაგრძელდეს, სასურველია, რომ ყველა პოტენციური პაციენტი ჩაერთოს ამ პროგრამაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში ეხმარებიან.

„საქართველო ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურ პროგრამას. ამ პროგრამამ საქართველოში 200 000-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების შესაძლებლობა დაუბრუნა. C ჰეპატიტის პროგრამა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. დღემდე მკურნალობაში ჩაერთო 45 ათასამდე პაციენტი, ხოლო მედიკამენტის მიღება უკვე დაასრულა 40 ათასამდე პირმა. განკურნების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალია და ჰარვონის რეჟიმზე 98.2% აღწევს. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, კომპანია „გილეადს“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსს და სხვა პარტნიორებს ამ პროგრამის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განცხადებების შემდეგ, პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა და დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვას შეუდგა.

პარლამენტმა III მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. საკითხი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გამოიტანა. წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს არეგულირებს. მომხსენებლმა კანონმდებლებს ის შენიშვნები გააცნო, რომელიც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გამოითქვა, მისივე თქმით, არსებითი ხასიათის ცვლილებები კანონპროექტში არ შესულა. კანონპროექტების მიმართ პლენარულ სხდომაზე რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ გამოთქმულა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განსახილველად ასევე გამოიტანა სარატიფიკაციო დოკუმენტები: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება და „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მხარეებს შორის ერთგვარ ჩარჩო შეთანხმებას წარმოადგენს. სამინისტროები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განათლება და წრთვნა, შეიარაღების კონტროლი და განიარაღება, ჰუმანიტარული და მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციები და სხვა. 

პარლამენტმა III მოსმენით განიხილა კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომლებიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გამოიტანა. მან პარლამენტის წევრებს ის ტექნიკური ცვლილებები და შენიშვნები გააცნო, რომლებიც მეორე მოსმენის შემდეგ განხორციელდა.

წარმოდგენილი კანონპროექტი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

პარლამენტმა განიხილა დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“.

პარლამენტმა ასევე III მოსმენით განიხილა კანონპროექტები:

  • „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც წარადგინა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. შენიშვნები არ დაფიქსირებული. ცვლილებების მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით 2018 წლის 1 სექტემბრამდე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასთან ერთად იმოქმედებს აღნიშნული სისტემის ამოქმედებამდე არსებული საქმისწარმოების წესები.
  • „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, (მომხსენებელი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე) საკითხი ეხება ჯარიმის შემოღებას იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ და 100 000 ლარამდე სესხს გაცემენ არაეროვნულ ვალუტაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განსახილველად ასევე წარადგინა სარატიფიკაციო დოკუმენტი - „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ . ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროექტით გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, და პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD საქართველოს სესხის სახით გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს. სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, მათ შორის, 3,5 წელი შეღავათიანი პერიოდი.

პარლამენტმა I მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის ინიციატივა - კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის ძირითადი პრინციპი კოლეგებს ეკა ბესელიამ გააცნო. მისი თქმით, ცვლილება მომზადდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით პირი, რომელმაც სასამართლოს მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ვალდებულია განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებიდეს 30 დღეს (ნაცვლად 7 დღიანი ვადისა). პარლამენტის წევრებს კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ ჰქონდათ.

პარლამენტმა ასევე განიხილა:

• I მოსმენით - კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე, რომელიც პარლამენტის წევრების მარიამ ჯაშის და გენადი მარგველაშვილის ინიციატივას წარმოადგენს, ისაუბრა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჩანაწერების ჰარმონიზაციას.

  • II მოსმენით - კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ( მომხსენებელი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე). ცვლილებების მიხედვით, გრანტების მიმღებთა სიას ემატება ეკომიგრანტები.
  • I მოსმენით - კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარადგინა. ცვლილებით ზუსტდება სახელოვნებო–შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩევის წესი.
  • I მოსმენით - კანონპროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ წარადგინა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებისათვის, ასევე მათთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცებისათვის საჭირო საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია საერთაშორისო შრომის ბაზარზე საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების ხელშეწყობისა და კვალიფიკაციების განვითარების ინტერესით.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძემ განსახილველად გამოიტანა საკითხი - პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის #244-Iს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მისი ინფორმაციით, ცვლილება გამოიწვია პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნამ, რამაც გამოიწვია კვოტების ხელახალი გადანაწილება. ამასთანავე გაიზარდა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობა - 14-ის ნაცვლად კომისიაში 16 წევრი იქნება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტს წარუდგინა საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ. კომისიას უხელმძღვანელებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე.

პარლამენტმა ცნობად მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის სულხან სალაძის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

სხდომის დასასრულს, პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხები კენჭისყრის შედეგად მიიღო.