პარლამენტის პლენარული სხდომა

13 ივნისი 2018
პარლამენტის პლენარული სხდომა

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. 

დღეს, მოგეხსენებათ 13 ივნისია. ტრაგიკული დღე! ყველას გვახსოვს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა, სამი წლის წინ, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა დეპუტატების განცხადებებს დაეთმო. 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

ყველა ჩვენთაგანისთვის ეს საკითხი ძალიან ემოციურია, ვინაიდან ჩვენ, ყველამ დავკარგეთ სკოლის ორი მოსწავლე და ეს დღეები ყველასათვის იყო ძალიან მძიმე, ისევე როგორც მძიმე აღმოჩნდა, საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რამაც ჩვენი საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, პირველ რიგში, აჩვენა „ქართული ოცნების,“ მმართველი გუნდის დიდი პასუხისმგებლობა. 

მმართველმა გუნდმა გამოიჩინა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მმართველი გუნდი გრძნობს ანგარიშვალდებულად თავს საკუთარი საზოგადოების წინაშე და ფაქტიურად უპრეცენდენტო მოვლენებს ჰქონდა ადგილი“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მოვლენების ქრონოლოგიურ განვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ტრაგიკული შემთხვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. „ეს არის ძალიან ცუდი და ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების გამოწვევაა. ჩვენ ამ საკითხზე მოგვიწევს ძალიან ფართო დისკუსიის გახსნა და მსჯელობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიების შედეგად, ნივთმტკიცებებზე და ექსპერტიზებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა ორი ბრალდებული, რომლებიც პასუხისგებაში მიეცნენ და ისინი საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნენ დამნაშავედ. „საუბარი იმაზე, რომ ვინმე გამართლდა არის სამართლებრივად არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ განზრახ მკველელობაში, თუმცა ერთ პირთან მიმართებაში სასამართლო ამბობს, რომ კონკრეტული პირი არის მკვლელობის მცდელობისთვის პასუხისგებაში მიცემული და არა დამთავრებული მკვლელობისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა კითხვები მოწმეებზე შესაძლოა ზემოქმედების ფაქტებთან, ასევე მტკიცებულების განადგურებასა თუ დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორცილებული ქმედებების შედეგად: „დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, მათ შორის სუბელიანის ნათესავები და ერთი არასრულწლოვანი. ამის შემდგომ, მოწმეზე ზეგავლენის ფაქტზე კიდევ ერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ბოლოს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული სუბელიანი. ეს არის ფაქტების კონსტატაცია, რაც ხდებოდა სამართლებრივად“. 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის პარალელურად ვითარდება პოლიტიკური პროცესები და „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. „მთავარი პროკურორი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და გადადგა. შეიქმნა უპრეცენდენტო კომისია, რომელიც ნამდვილად უპრეცენდენტოა სისხლის სამართლის მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. საბოლოდ დგინდება, რომ ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა ამ კომისიის შექმნით დადგინდეს ჭეშმარიტება“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგი კაპანაძემ, რომელიც „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარეა, ასევე ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სისტემური პრობლემები გამოაჩინა. „ამ კომისიას აქვს დიდი პასუხისმგებლობა მთელი საზოგადობის წინაშე. საქართველოს პარლამენტი, როგორც ერთი უმნიშვნელოვანესი შტო ხელისუფლების უფლებამოსილია, რომ მსგავსი შემთხვევები გამოიძიოს და შესაძლებლობის ფარგლებში მას ნათელი მოჰფინოს. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანა“, - განაცხად სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. მიუხედავად თანამდებობისა, აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა და ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, ინციდენტში, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირების გარდა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრიც მონაწილეობდა. ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შემოსული წერილი გააცნო.

რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ვიტყვი, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, უდანაშაულობის პრეზუმციას ჩვენ ბუნებრივია ვიცავთ, ამ ინციდენტში გარეული იყო, ასევე, საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, ბატონ მამუკა ვასაძისგან შემდეგი შინაარსის წერილი:
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „პროკურატურის შესახებ“ სქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის 1¹ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რა მოხდა მარნეულში ამას გამოძიება დაადგენს და ეს არ არის პარლამენტის პრეროგატივა.

ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება და მითუმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ. მთავარი პროკურორი ვალდებულია შესაბამისი წერილით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და გააცნოს საქმის არსი. შესაბამისი წერილი შემოდის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პარლამენტი, მე ვალდებული ვარ კანონმდებლობის თანახმად ეს გაგაცნოთ თქვენ და სწორედ ვიმოქმედო კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის დამნაშავე და რა მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს გამოძიება და ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე გამოეხმაურა მედიასაშუალებებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას პარლამენტის წევრისთვის, აზერ სულეიმანოვისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების შესახებ. „გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებული როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო. პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. ასეთი რამ კი, საქართველოს პარლამენტში არ განხილულა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას ხვალ მიიღებს, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა. 

მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ საქართველოს ევროპარლამენტის მხრიდან აქვს მყარი მხარდაჭერა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. 
10 წელი დასჭირდა იმას, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ევროპარლამენტს ეს დოკუმენტი მიეღო. რეზოლუცია ნამდვილად იქნება მიღებული, რასაც ცხადყოფს ის დებატები, რომელიც გუშინ შედგა და ის ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც რეზოლუციას ჰქონდა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ. 

მისი განცხადებით, დოკუმენტში რუსეთი ცალსახად აღიარებულია როგორც ოკუპანტი, ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი და ყველა იმ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ასევე, დაგმობილია ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელობებს. ხდება ქართული სოფლების განადგურება, კულტურული ძეგლების და ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლა. ეს ყველაფერი რეზოლუციაში არის ძალიან მკაფიოდ და ცალსახად დაფიქსირებული“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. 

თამარ ხულორადავს განცხადებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებში საქართველოს მიმართ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აქვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეზოლუციაში ევროპარლამენტი რუსეთს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. „რეზოლუციაში რუსეთის მიმართ გაჟღერებულია მოწოდება - ერთი მხრივ, რომ მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მეორე მხრივ კი, არის მოწოდება დეოკუპაციისკენ, ჯარების გაყვანისკენ, მოწოდება იმისკენ, რომ უარყოს ამ ტერიტორიების, უკანონო აღიარება. ასევე, დაგმობილი არის იმ ქვეყნების ქმედება, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომ მათ მკაფიო ტერმინოლოგია გამოიყენონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან.

გაჟღერებულია მოწოდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკომისიამ, ევროკავშირის საბჭომ, იხმარონ, გამოიყენონ ის ცნებები და დაარქვან ყველაფერს ის სახელი რაც რეალურად იყო. ეს არის ის, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელყოფილი და ამაზე პასუხისმგებლობა სრულიად აკისრია რუსეთის მხარეს. ეს ყველაფერი რეზოლუციაში უკვე არის ასახული და ველოდებით, რომ ეს რეზოლუცია ხვალ ჩვენი ევროპელი კოლეგების ძალიან დიდი მხარდაჭერით იქნება მიღებული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

განცხადებების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა წარმოადგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშების ახალ წესს, რომლის თანახმადაც, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად განისაზღვრება სხვადასხვა ფართობის შენობა–ნაგებობებთან მიმართებაში.

სხდომაზე მესამე მოსმენით იქნა განხილული კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ წარმოადგინა.

კანონპროექტი ეხება პირის მიერ დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირებას.

„ეს ცვლილება გამოწვეულია განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის აქტიური თანამშრომლობით, რაც გულისხმობს დევნილებისათვის, ისევე როგორც ეკომიგრანტებისათვის სერვისების გამარტივებას. ყველა იმ სერვისის მისაღებად, რისთვისაც დევნილს სჭირდებოდა მიმართვა სამინისტროსათვის ან მისი ტერიტორიული ორგანოსათვის, ახლა შეეძლება ასევე მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და საზოგადოებრივ ცენტრებს, რაც დაზოგავს ამ ადამიანების დროს, თანხებს და გაამარტივებს სერვისების მიღებას“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

პლენარულ სხდომაზე, ასევე, მესამე მოსმენით იქნა განხილული საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური მუშაობის შესახებ“, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ წარმოადგინა.

კანონპროექტის მიხედვით, იქმნება სოციალური მუშაობის ერთიანი სისტემა. კანონის პროექტით რეგულირდება სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს სოციალური მუშაკის პროფესიულ კვალიფიკაციასთან, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან, სოციალური გარანტიებთან, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობასთან და კარიერულ დაწინაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სოფიო კილაძემ სხდომის მონაწილეებს იმეორე მოსმენის დროს კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები გააცნო.

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარმოადგინა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ორგანული კანონის პროექტის თანახმად სახალხო დამცველი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას. ორგანული კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სახალხო დამცველის არჩევისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.

„ეს ცვლილებები იმ დიდი პროცესის ერთი ნაწილია, რომელიც დაიწყო საქართველოს პარლამენტში. კერძოდ, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა ცვლილებები, რითაც ტექნიკურად მოვდივართ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და იმ ჩანაწერთან, რომელიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის ახალი ფორმულირებით. ტექნიკური ცვლილებები, ასევე შეეხება კანონში მანამდე არსებულ ხარვეზებსაც“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით წარმოდგენილი იყო, ასევე, კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე წარმოადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“.

„2019 წლისათვის საკანონმდებლო საქმიანობისათვის გათვალისწინებულია ასიგნებები 54 მილიონ 696 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და საზედამხედველო საქმიანობისათვის არის 18 მილიონ 530 ათასი ლარი, საპარლამენტო ფრაქციებისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობისათვის - 6 მილიონ 934 ათასი ლარი, საკანონმდებლო საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერისათვის - 29 231ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი პროექტი ითვალისწინებს ასიგნებების ზრდა 2 მილიონ 606 ათასი ლარით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი წევრების ანაზღაურება არ იზრდება.

„არცერთი თეთრით არ იზრდება საქართველოს პარლმენტის წევრის, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი. ამ პროექტში გათვალისწინებულია ხელფასების დატოვება იგივე დონით და მოცულობით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის წევრებმა მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა.

კანონპროექტის თანახმად, განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინებების რეგისტრაციაზე არ გავრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვების დროს, კანონპროექტს ცვლილებ არ განუცდია.

მეორე მოსმენით იქნა განხილული სხდომაზე კანონპროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა წარმოადგინა.

კანონპროექტი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებასთან, მოსამსახურეთა მომზადებასა და სამსახურის გავლის წესთან, მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, ჩატარდა კენჭისყრის პროცედურა.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • thumbnail_(2).jpg
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2018 წლის 13 ივნისი