პარლამენტის პლენარული სხდომა

15 დეკემბერი 2017
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლემენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

კანონმდებლებმა, მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტები, რომლებშიც მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა.

მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მზღვეველის საქმიანობა შიდა აუდიტორულ შემოწმებას ექვემდებარება, რომლის ძირითადი მიზანს მზღვეველის მიმდინარე საქმიანობის კანონშესაბამისობის და სისწორის შემოწმება, მისი ადექვატურობის, ეფექტურობისა და მართვის შიდა სისტემების შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების და წესების დაცვის კონტროლი წარმოადგენს. კანონპროექტით, განისაზღვრება შიდა აუდიტთან და აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი თავისებურებანი. პროექტის მიხედვით, შიდა აუდიტის ფუნქციას შიდა აუდიტორი, ან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული - შიდა აუდიტის სამსახური ახორციელებს.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ პირველი მოსმენით, წარადგინა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი. პროექტის თანახმად, განსაზღვრულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა განისაზღვრება შესაბამისი წესით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი კი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. დოკუმენტის შესაბამისად, კოდექსს ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი. კერძოდ, განიმარტება მეტეოროლოგიური ინფორმაცია, საჰაერო მოძრაობის ორგანიზება, საჰაერო სივრცის დიზაინი, ჰაერსანაოსნო მონაცემები. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით კოდექსის მიზნებად განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტების დადგენა, სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. პროექტით, განისაზღვრება სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ხდება მთელი რიგი ნორმების დახვეწა და ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.

მანვე, პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოქმედი კანონის შესაბამის მუხლებში იცვლება ზოგიერთი ტერმინი. კერძოდ, „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება)“ იცვლება ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, ხოლო „ტესტირების ცენტრი“ იცვლება „ინსპექტირების ცენტრით“. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე, ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთან, ტესტირების ცენტრი ვალდებული იქნება, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას შესაბამისი ფორმით, წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა მიაწოდოს. კანონის პროექტი შესაბამისი სახის გარდამავალ რეგულაციებსაც ითვალისწინებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კოლეგებს განსახილველად „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვის საფუძველზე მომზადდა. სოფიო ქაცარავამ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში, საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემაგენლობაში, ფრაქციის წევრის კახაბერ კუჭავას ნაცვლად, დელეგაციის ხელმძღვანელად გიორგი მოსიძე წარადგინა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთი ფორმა. შესაბამისად, ცვლილებები ხორციელდება მთელ რიგ კანონებში, მათ შორის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“, რომლის მიხედვითაც ჩანაწერიდან ხდება „პრემიის“ ამოღება.

პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე, განიხილეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი . რეგლამენტის მეექვსე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც „საქართველოს თავისუფლების ორდენის“ ნაცვლად საქართველოს პარლამენტში დაწესდება „თავისუფლების საპარლამენტო ორდენი“. პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე (აპარატის უფროსის წარდგინების გარეშე)მიიღებს. გარდა ამისა, ცვლილება შედის რეგლამენტის 279-ე მუხლში, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესს ეხება. მის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, ფრაქციების თითო წარმომადგენელი იქნება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, ითვალისწინებს, კანონში აღნიშნულ გარდამავალ პერიოდად 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი განისაზღვროს, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის კი, - 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ამასთან, 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას ექნება უფლება განახორციელოს იერარქიულ რანგებში გადანაწილებასთან, საშტატო ნუსხების განსაზღვრასთან დაკავშირებული ღონისძიებები. გარდა ამისა, შრომის ანაზღაურების ნაწილში კეთდება სპეციალური მითითება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში. კანონპროექტი პარლამენტში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ წარადგინა.

საკითხების ამოწურვის შემდეგ, დეპუტატებმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ წარადგინა.

სხდომაზე გამოცხადებული ტექნიკური შესვენების შემდეგ პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა დაიწყო.

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ გამოიტანა.

მისი განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტი საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს აწესრიგებს. აღნიშნული კანონის მოქმედება სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პროფესიულ საჯარო მოხელეზე და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე გავრცელდება. კანონში განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისზეც კანონის მოქმედება არ გავრცელდება. კანონპროექტი ასევე ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს. განიმარტება საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობა და დანიშნულება, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასი დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლები. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის დანართით განისაზღვრება კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციებს გარდამავალი პერიოდისთვის.

პარლამენტმა იმსჯელა თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ.
პაკეტის ამოწურვის შემდეგ, პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა წარმოადგინა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში, რომელიც 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა.

პარლამენტმა განხილულ კანონპროექტებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.