პარლამენტის პლენარული სხდომა

20 აპრილი 2017
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ მუშაობა კანონპროექტების განხილვით დაიწყო.

პარლამენტმა პირველ საკითხად, მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ინიციატორმა ეკა ბესელიამ გამოიტანა. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესში და ეს პროცესი ახლებურად ყალიბდება. კანონპროექტის მიმართ არსებითი ხასიათის შენიშვნები სხდომაზე არავის ჰქონდა.

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ასევე მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ (განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს) და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით ცვლილებები 30-მდე მოქმედ კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა, რომლის ინფორმაციით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებს ცვლილებები არ განუცდია, შენიშვნები კანონმდებლებს არც დღევანდელ განხილვაზე ჰქონდათ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა კონკრეტული მიწის ნაკვეთისა), განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის განკარგვას ეხება. ამასთანავე, განისაზღვრა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, ძირნაყარი მერქნული რესურსის დასაწყობებისა და გაცემის წესი.

მაია ბითაძემ ასევე მეორე მოსმენით განსახილველად კანონმდებლებს წარუდგინა კანონპროექტი „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით, სადემარკაციო სამუშაოების შედეგად, დაზუსტდა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების ახალი გეოგრაფიული კოორდინატები და, შესაბამისად, მისი ფართობი. შენიშვნები არავის გამოუთქვამს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ პლენარულ სხდომაზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა. მისი ინფორმაციით, ცვლილებათა პროექტით დგინდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი, რაც აქამდე კანონქვემდებარე აქტით იყო დარეგულირებული. შენიშვნები არც ამ კანონპროექტის მიმართ ჰქონდათ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ კანონპროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ პლენარულ სხდომას პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა. მაია ბითაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის აქტუალობა სახალხო დამცველის ანგარიშმაც დაადასტურა. „იგი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების პირველი, მნიშვნელოვანი ნაწილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, რაც თავისთავში ოთხ დირექტივას აერთიანებს“, - განაცხადა მომხსენებელმა კანონპროექტის ზოგადი დებულებების წარდგენისას.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, პროექტით რეგულირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები, აგრეთვე ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო, ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემის დანერგვას, კერძოდ, განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც ზემოქმედების რისკებისა და ხარისხის მიხედვით დაჯგუფებულია ორ დანართში. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურამდე ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია სკრინინგის პროცედურის ჩატარება. კანონპროექტით უქმდება გარემოზე ზემოქმედების სანებართვო სისტემა, ხოლო ახალი რეგულაციით სათანადო ეტაპების გავლის შემდეგ, გაიცემა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება 22 საკანონმდებლო აქტში შედის.

საკანონმდებლო პაკეტზე პოზიცია გამოხატა ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ - თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ, რომლის შეფასებით, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიღება ქვეყნისათვის ერთობ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გეგმაში გარემოსდაცვით საკითხებს ერთ-ერთი დიდი ნაწილი უკავია. „ეს არის კანონპროექტი, რომელმაც მომავალში ქვეყანაში გარემოს შენარჩუნება და, რაც მთავარია, მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ მეორე მოსმენით განსახილველად პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტები „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ . როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტები ფაქტობრივად იგივე სახითაა წარმოდგენილი, როგორც პირველი მოსმენისას, ვინაიდან არსებითი ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. სხდომაზე გამოითქვა ტექნიკური ხასიათის რამდენიმე შენიშვნა, რომლებიც მომხსენებელმა გაითვალისწინა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“. კანონპროექტის ზოგად დებულებებზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი საქართველოში მეთესლეობის სქემისა და სათესლე და სარგავი მასალების ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობის კონტროლის სისტემის არარსებობაა. საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე წამყვან პოზიციებს დაბალხარისხიანი თესლი იკავებს. შესაბამისად, დაბალია პროდუქტიულობა, ფერმერთა შემოსავლები.
კანონპროექტის მიღებით მეთესლეობის სექტორში პასუხისმგებლობათა გადანაწილება მოხდება, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელშიც შევა საქართველოს კლიმატური ზონებისთვის ყველაზე მეტად მისაღები ჯიშები, რომლებიც შემოწმებული იქნება როგორც ინდივიდუალობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე.

„სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდას უზრუნველყოფს ”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ნოდარ კერესელიძის შეფასებით, კანონპროექტი პასუხობს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და იგი იმედოვნებს, რომ მისი მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სანერგე და სათესლე მეურნეობების განვითარებას, ხარიასხიანი სათესლე და სანერგე მასალის გავრცელებას, ფერმერების კეთილდღეობის ამაღლებას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. პროექტის შესაბამისად, ახლებურად გაიწერა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი, მისი მიზნები, ამოცანები და საქმიანობა. ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა საზოგადოების უფლებამოსილებები. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელმწიფოსთან ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების რეგულირებას, მათ შორის, დაკონკრეტდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროები.

საკანონმდებლო პაკეტშია კანონპროექტები: „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრ მარიამ ჯაშის ინიციატივას წარმოადგენს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს დაკომპლექტების წესს ეხება. კერძოდ, გათვალისწინებულია სტუდენტთა თანასწორი მონაწილეობის უფლება აკადემიური საბჭოს წევრების არჩევის პროცესში. სხვა ცვლილებებთან ერთად, კანონპროექტის მიხედვთ, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში, ისევე როგორც წარმომადგენლობით საბჭოში, შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი იქნეს აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის სტუდენტი, დადგენილი წესის შესაბამისად. კანონპროექტის განხილვა, პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადებამდე, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შესვენების შემდეგ, სხდომა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვით გაგრძელდა. ცალკეულმა ფრაქციებმა და დეპუტატებმა კანონპროექტის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს და პრინციპების დონეზე, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებმა, ძირითადად, მხარი დაუჭირეს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას წარმოადგენს. ამ ცვლილებებით, კანონპროექტის ავტორი გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებისთვისაც საერთო სტანდარტების შემოღებას ითვალისწინებს. „ამგვარად, პერსონალური ავტომობილის თუ პირადი ლეპტოპის შეძენა ჩინოვნიკის პირად გემოვნებაზე აღარ იქნება დამოკიდებული და ყველა შემთხვევაში ტენდერი გაიმართება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას.
დღესვე, პლენარულ სხდომაზე, მოისმინეს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, ანგარიში მიმოიხილავს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ტენდენციებს, ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გამოწვევებს, გამოვლენილ სამართალდარღვევებს, მათზე რეაგირების შედეგებს და სხვა საკითხებს.

„2016 წელი აღსანიშნავია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების, ინსპექტირების, მომართვიანობისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების გაზრდილი მაჩვენებლების კუთხით“, -აღნიშნა თამარ ქალდანმა.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა; ორჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი; გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი; 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა; 35 ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება; არაერთ საჯარო და კერძო ორგანიზაციას დაევალა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების განხორციელება და და ამ მიზნით 202 მითითება და რეკომენდაცია გაიცა; 47 შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა, ხოლო 6 შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმე უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს გადაეცა. მომხსენებლის ინფორმაციით, შემოწმებები ჩატარდა 86 საჯარო და 245 კერძო სექტორში. ყველაზე მეტი შემოწმება ჩატარდა საჯარო სექტორიდან პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო კერძო სექტორიდან - ე.წ. ონლაინსესხების გამცემ კომპანიებში, სესხის ამომღებ კომპანიებსა და პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელ კომპანიებში.

როგორც თამარ ქალდანმა განაცხადა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, მომზადდა ინსპექტორის აპარატის 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია და განისაზღვრა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობისა და საგანმანათლებლო მიზნით არაერთი შეხვედრა და საინფორმაციო კამპანია გაიმართა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, მუშაობა დაიწყო საკანონმდებლო წინადადებებზე, მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გაღრმავდა ევროპის საპოლიციო სამსახურთან თანამშრომლობა და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით მუშაობა დაიწყო მედიისათვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაზე, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას ბალანსის დაცვის წახალისებაა. აღნიშნულ პერიოდში გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა სხვა ქვეყნების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ინსტიტუციებთან, ასევე მზარდი ინტერესი გამოიხატა საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მხრივ განხორციელებული რეფორმების მიმართ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დეტალურად ისაუბრა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის, გამოვლენილი დარღვევებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ. მან ყურადღება დაუთმო მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების დაცვის, ინტერნეტსივრცეში პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისა და ხელმისაწვდომობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე ზედამხედველობის, ვიდეოთვალთვალის, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინფორმირებულობის საკითხებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ჩვეულ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად ეწევა მოქალაქეთა საგანმანათლებლო საქმიანობას მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. მომხსენებელმა ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს კვლავაც პრიორიტეტული იყო მედიის წარმომადგენლებისათვის პერსონალური მონაცემების თემასა და ინსპექტორის აპარატის საქმიანობაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათთვის სემინარების ჩატარება. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატი კვლავაც აქტიურად გამოსცემდა რეკომენდაციებსა და რჩევებს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2016 წელს აპარატმა მოამზადა და გაავრცელა რეკომენდაციები სკოლებისა და მშობლებისათვის მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის, ონლაინშესყიდვების უსაფრთხოების, ჯანდაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, თაღლითური აპლიკაციებისგან თავდაცვის შესახებ. მომზადდა ვიდეორგოლები წინასაარჩევნოდ პირადი მონაცემების შეგროვებასა და პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით და სხვა. ასევე, კვლავაც აქტუალური იყო სხვა სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება და განვითარება.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უპასუხა დეპუტატთა კითხვებს. კანონმდებლები დაინტერესდნენ ინსპექტორის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობის კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის ვიდეოჩანაწერების გავრცელების, სატელეფონო მოსმენების, პირადი ცხოვრების დაცვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და სხვა საკითხებით.

თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. მისი თქმით, ანგარიშში ისეთი შეფასებები და აქცენტებია, რაც ამ სამსახურის ეფექტურობაზე მეტყველებს. „დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური არის მართლაც ეფექტური მაკონტროლებელი, ხოლო წარმოდგენილი ანგარიში უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის კარგ ბალანსზე მეტყველებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ინსპექტორის საქმიანობის ხარისხის, ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კომიტეტმა რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც პარლამენტის დადგენილების პროექტშია ასახული. მისი თქმით, კარგია, თუკი ინტენსიური მონიტორინგი განხორციელდება საჯარო და კერძო დაწესებულებებზე იმ კუთხით, რამდენად პროპორციულად და ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად ხდება მათ მიერ სხვადასხვა სახის პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და შენახვა.

რეკომენდაციების მიხედვით, ასევე უნდა გაგრძელდეს და გაძლიედეს მონიტორინგი ონლაინ სესხების გამცემი და სხვა საკრედიტო კომპანიების მიერ მათი კლიენტების ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისათვის გამჟღავნების ფაქტებზე; უნდა გაგრძელდეს მონიტორინგი სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშ ვიდეოთვალთვალის განხორციელების ფაქტებზე; მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა მეტმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებისა და წესების შესახებ და სხვა. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტი მზადაა, კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი დახმარება გაუწიოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს.

შემდეგ ცალკეულმა დეპუტატებმა, ფრაქციების, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს წარმოდგენილ ანგარიშთან, და საერთოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„2013 წლიდან მოყოლებული, სერიოზულად დაიხვეწა კანონმდებლობაც და დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური უკვე წელში გამართული ინსტიტუტია. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია, აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა და ტექნიკურად და ტექნოლოგიურადაც აღჭურვილია. მნიშვნელოვანია, რომ იგი აღიარებულია საზღვარგარეთ და საერთაშორისო კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად და ინსტიტუტად ითვლება“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი შეფასებით, სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და მისი აპარატის დამსახურებაა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი საზოგადოებისთვის გახდა ცნობადი, დღეს ადამიანებმა იციან სად უნდა წავიდნენ, თუ მათ ეს უფლება დაერღვათ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში უდავოდ დიდია ამ ინსტიტუტის წვლილი.

„ეს არის ინსტიტუტი, რომელიც სრულიად ჩაურევლად, დამოუკიდებლად ახორციელებს თავის მნიშვნელოვან მანდატს და მსურს მთელ ოფისს მადლობა გადავუხადო ამისთვის. კარგია რომ ხართ კრიტიკულები და აჯარიმეთ სახელმწიფო უწყებებს თუ კერძო პირებს და ეს არის სწორი. ეს არის არსი იმის, რომ შემცირდეს დარღვევები და მოხდეს პრევენცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაურევლად ახორციელებთ თქვენს ფუნქციას და თუ ამას რაიმე საფრთხე დაემუქრება, პირველ რიგში პარლამენტი იქნება გარანტი, რომ ამის დაშვება არ მოხდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამით, პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა.

პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 21 აპრილს, 12 საათზე გაიმართება.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 20 აპრილი