პარლამენტის პლენარული სხდომა

29 სექტემბერი 2020
პარლამენტის პლენარული სხდომა

რეგლამენტის თანახმად, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა პარლამენტის წევრებს პოლიტიკური განცხადებებისთვის დაეთმოთ.

დიმიტრი ხუნდაძე: „მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კოვიდ ინფიცირებულთა გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს.

„დღეს მსოფლიო დგას ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე - ეს არის საერთო პრობლემა რომელიც ეხება ყველა ქვეყანას, ყველა ეთნიკურ წარმომავლობას, ყველა პოლიტიკური მრწამსის პირებს. კოვიდი აზიანებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც. დაახლოებით, 218 ქვეყანაა მსოფლიოში ინფიცირებული, სადაც ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება, შესაბამისად, საკმაო რყევებს განიცდის ამ ქვეყნის ეკონომიკები და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკა. ინფიცირებულთა რიცხვი ასევე მატულობს საქართველოში, განსაკუთრებით, აჭარაში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასტაბილურდეს ეპიდვითარება. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს. მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო პანდემიის გასამკლავებლად, დღეს არის უკეთ მზად, ვიდრე აქამდე იყო. შესაბამისად, უარესის მოლოდინი დღეს ნამდვილად არ გვაქვს. დღეს აღარ არსებობს დეფიციტი იმ აუცილებელი საჭიროებების, რა დეფიციტიც მანამდე შეინიშნებოდა. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს“

ირაკლი ბერაია: „საქართველოს და მის მოქალაქეებს აქვთ სურვილიც, სწრაფვაც და შესაძლებლობაც ჩვენი წვლილით, პასუხისმგებლობით და ქართული გამოცდილებით განვამტკიცოთ ევროპული ღირებულებები და გავაძლიეროთ ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტები. ჩვენი მიზანია სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა და ბრიუსელში პრემიერის მიმდინარე ვიზიტიც, სწორედ, ამ ამოცანას ემსახურება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პროგრესმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიაღწია უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს, დღემდე ყველა დროის მაქსიმუმს, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოდან უმაღლესი დონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრებით და პრემიერ მინისტრის შინაარსობრივად დატვირთული ვიზიტი ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების პრიორიტეტულობას, მის შეუქცევადობას და მეორე მხრივ, ნატოს და ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალობას და მის მნიშვნელობას“.
გოგი მეშველიანი: „ჩვენს მულტიეთნიკურ სააგიტაციო ჯგუფს, რომელიც სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე სააგიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი. ამ ინციდენტის შედეგად გვყავს ორი საკმაოდ მძიმედ დაზარალებული ახალგაზრდა. ერთ-ერთი მათგანი დღემდე რჩება საავადმყოფოში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ ჯგუფის ორგანიზატორი და დამფინანსებელი ჩვენი კოლეგა და ჩემი ოპონენტი კახა ოქრიაშვილი გახლავთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და ორგანიზებას უწევს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ამ ადამიანებს გააზრებული აქვთ, რომ ამ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნიათ და სწორედ ამ გზით ცდილობენ საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას და მის დელეგიტიმიზაციას. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, რომლის მიზანია ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრობას, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ და რუდუნებით ვუფრთხილდებოდით, საფრთხე არ დაემუქრება მომავალში და ამ პროვოკაციას თქვენ არ აყვებით“.

ეკა ბესელია: „გულის წყვეტა მაქვს იმ გაშვებული შანსის გამო, რომელიც ჰქონდა ამ მოწვევის პარლამენტს. მას მართლაც ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ ბოლომდე მიეყვანა მთავარი, რეფორმა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტს - ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა. რა სიმბოლურია, რომ ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სასესიო კვირას, ზუსტად ის კანონპროექტი გიდევთ წინ მესამე მოსმენით განსახილველად, რომლის გამო, პრაქტიკულად მოხდა ისეთი მძიმე პოლიტიკური პროცესი და მძიმე შეცდომები მმართველი პარტიის მხრიდან, რომელმაც პარლამენტში არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაშალა, არამედ მთლიანად დააშორა იდეას „ქართული ოცნება“.

გელა მიქაძე: „სამწუხაროდ, ამ მოწვევის პარლამენტს, გარდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა, არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყანაში არც ერთი მიმართულებით, მათ შორის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სიდუხჭირიდან თავის დასაღწევად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად და რაც მთავარია, სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, მეათე მოწვევის პარლამენტი ყოფილიყო იმ დაპირებების შემსრულებელი პარლამენტი, რასაც ასე უხვად ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას“.

გენადი მარგველაშვილი: „ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენმა ბავშვებმა ორი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ მხარი აუბა მათემატიკოსების გუნდმაც, 1 ოქრო 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო და ამასთან ერთად სიგელიც. საერთო ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით ჩვენმა გუნდმა დაიკავა მერვე ადგილი ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორებიც არიან ჩინეთი, ამერიკა, იაპონია, კორეა, რუსეთი, ირანი. სასიხარულოა, რომ წელსვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო ფუნქციონირება და ინფორმატიკა და მათემატიკა სწორედ ის მიმართულებებია, როდესაც ამ წარმატებულ მოსწავლეებს აღარ მოუწევთ სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩაბარება, და შესაძლებლობა აქვთ სამომავლოდ, მაღალი მოტივაციით საკუთარ ქვეყანაშიც გააგრძელონ საქმიანობა და შექმნან ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის გაძლიერებისთვის“.

გელა სამხარაული: „წელს რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით 300 ათასს ტონა ყურძენს ველოდებით. აქამდე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი შედეგი არ გვქონია და შესაბამისად, სამუშაო და გასატარებელი ღონისძიებებიც მომატებულია, რაც ზედმეტ ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამ ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ, რომ ასევე რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განვახორციელეთ და გასულ წელს დაახლოებით 94 მილიონი ბოთლი ღვინო გავიტანეთ. კოვიდ ინფექციის პანდემიის გამო შეიცვალა ეკონომიკური ურთიერთობები, განწყობები, მოლოდინები და ამან გარკვეული გავლენა მოახდინა ჩვენი ღვინის ექსპორტზე და რეალიზაციაზე. გავლენას ახდენს ასევე, ტურისტის და ვიზიტორის ნაკლებობა, რამაც შიდა ბაზარზე რეალიზაციის კლება გამოიწვია და ამიტომ ქარხნებს ღვინის დიდი მარაგი აქვთ შემორჩენილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იქნება დროებითი და ამ სიტუაციის გამკლავებას მოვახერხებთ“.

ბიძინა გეგიძე: „როგორც ჩანს ეს არჩევნები არ იქნება თანასწორუფლებიანი და არც სამართლიანი, გამომდინარე, იმ პროცესებიდან, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. განცხადებები, ე.წ. კვლევები, რომელიც ქვეყნდება, არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. შესაძლოა ეს არის წინასწარი ზემოქმედება ამომრჩეველზე, რომ ხელისუფლება და „საპრიზო“ ადგილებზე მყოფი პოლიტიკური დაჯგუფებები ისევ, გარიგების შედეგად მიღწეული შესაბამისი თანმიმდევრობით, როგორ გაინაწილებენ მომავალ მანდატებს პარლამენტში, ან კიდევ, შესაძლოა ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ამომრჩევლებზე, რომ მაინც არაფერი იცვლება და თქვენი პოზიციის გამოხატვას არანაირი აზრი არ აქვს. ერთიც და მეორეც არ გამოხატავს არც დემოკრატიის სტანდარტს და არ არის ქვეყნის ინტერესების გამომხატველი“.

ირაკლი მეზურნიშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ სრულად დავინახოთ სურათი, თუ რა ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა „ქართული ოცნების“ გუნდის მეთაურობით და დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბრის შემდეგ ეს წარმატებული გზა გაგრძელდება. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, კომფორტულად გრძნობს თავს და აქვს სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, „ქართული ოცნების“ გუნდისგან. საარჩევნო პერიოდია და მოდის ცილისწამების ძალიან დიდი ტალღა ჩვენი გუნდის მიმართულებით განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, და ამას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. შედარებითია ყველაფერი და ჩვენ აუცილებლად უნდა შევადაროთ თუ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და რამდენად შეიცვალა მდგომარეობა რადიკალურად ეკონომიკაში. ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს „იაფი ფული“, რომელზეც მიდის ხოლმე ქილიკი. 84 ათასზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს ამ პროგრამით. ასევე, ახალი საწარმოების რაოდენობა ჯამურად არის 566. რაც შეეხება მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობას, გაიზარდა 55 ათასით და მათი ჯამური ბრუნვა გაზრდილია 2,5-ჯერ, 108-მილიარდ ლარამდე. ექსპორტთან მიმართებაში არის ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება. აგრო სასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 75%-ით და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირებულია 53 %-ით. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგი გვაქვს ამ მიმართულებით და ცხადია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მეტი საწარმო, მეტი წარმოება გავაჩინოთ ჩვენს ქვეყანაში. ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია და საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ სასურველ შედეგს, მას შემდეგ, რაც დავძლევთ იმ კრიზისულ ვითარებას, რაც პანდემიიდან არის გამოწვეული“.

ბექა ნაცვლიშვილი: „იმედი მაქვს, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტი არ გადაიზრდება ფართომასშტაბიან ომში, იქიდან გამომდინარე, რომ ამას არა მხოლოდ ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ექნება დამანგრეველი ეფექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დესტაბილიზაცია, რომლის კერაც ამ შემთხვევაში არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები, ავტომატურად შეიძლება გადმოვიდეს ჩვენთანაც. აქედან გამომდინარე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად გონივრულად იმოქმედოს ამ ვითარებაში. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ბუნებრივად, არა მხოლოდ კეთილმეზობლური თვალსაზრისით, არამედ, სტრატეგიული თვალსაზრისითაც, მაქსიმალურად დაინტერესებულია ამ ორ ქვეყანას შორის მშვიდობაში და სტაბილურ ვითარებაში, ამიტომ ჩვენს საერთაშირისო პარტნიორებთან ერთად ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს ის გზები, რომლითაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა გახდეს ერთგვარი მშვიდობის ხიდი ამ ორ მეზობელს შორის“.

ალექსანდრე ერქვანია: „ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ეკლესიის წინაამდეგ, პირდაპირ ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის მომავალს, რადგან საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთთან განუყოფლადაა დაკავშირებული. ქართველ ხალხს არასდროს უღალატია ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის. ქრისტესადმი ერთგულებამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, რასაც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს. მათ ეკლესია არჩევნების წინ ახსენდებათ. პოლიტიკოსების უმრავლესობა მომავალ პარლამენტში მოსახვედრად, მხოლოდ პირადი ინტერესების გამო იბრძვის. პოლიტიკური პარტიები, გაყალბებული რეიტინგებით, ცრუ დაპირებებით, შანტაჟითა და მოსყიდვებით ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მოსახლეობის ნდობა და დიდი მხარდაჭერა კი არავის გააჩნია“.

კახა კუჭავა: „ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ჩვენ ევროპასთან და როგორც არასდროს ისეთი ძლიერია ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ კონკრეტული საუბრები ან განცხადებები, არამედ კონკრეტული ქმედებები ერთგულებისა ევროპული ღირებულებების მიმართ. როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს თუ რა არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიღწვით და რაში გამოიხატება ეს საბოლოოდ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების კუთხით, მიღწეული შედეგების კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რასაც ქვია ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, იმ ღირებულებების ერთგულებას, რომელიც ჩვენ 8 წელია ვცდილობთ უფრო და უფრო გავამყაროთ, დავნერგოთ. ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის ძალიან ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, კიდევ ერთი საშუალება იქნება, რომ ძალიან მალე შევასრულოთ ეს ვალდებულებებიც, გავაკეთოთ განაცხადი და ძალიან მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი. ჩვენ ვითვლებით ძალიან დასაყრდენ და სანდო პარტნიორად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სვლით, ევროპული ღირებულებების ერთგულებით ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“.
ლევან კობერიძე: „ლარის კურსი არის ეკონომიკის ყველაზე უტყუარი საზომი, რომელიც მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20%-ით გაუფასურდა, ის ლარის კურსი, რომლის გაუფასურებით ჩვენს მოქალაქეებს დაახლოებით 600 მლნ ლარით გაეზარდათ დავალიანებები, ის ლარის კურსი, რომელიც ყოველ დღე ჭამს კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტს, ის ლარის კურსი, რომლის გამოც დღეს არის გაძვირებული მედიკამენტები, მინიმუმ 30-40%-ით და ასევე, საკვები პროდუქტები. ეს ყველაფერი მიბმული არის ეკონომიკაზე. ეკონომიკა არის განწყობები, რომელიც ყალიბდება მათ შორის, იმ დისკუსიით და დებატებით, რომელიც წინასაარჩევნოდ უნდა იმართებოდეს დღეს ქვეყანაში. იმ გეგმებით და ხედვებით, რომელიც უნდა გააჩნდეს დღეს მთავრობას და აჩვენებდეს ხალხს თუ საით მიდის ქვეყანა ეკონომიკის მიმართულებით“.

მარიამ ჯაში: „მინდა გამოვხატო მადლიერება ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომელმაც 4 წლის წინ გამოგვიცხადა ნდობა. იმედი გვაქვს, რომ შევძელით ნდობის გამართლება თუმცა, ბუნებრივია გვრჩება გულის წყვეტა და თვითკრიტიკის გრძნობა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი შესაძლებელია ყოფილიყო ბევრად უფრო ეფექტური. ამასთანავე, მისასალმებელია, რომ ჩვენ შევძელით ბევრად უფრო უკეთესი კონსტიტუციის, უზენაესი კანონის მიღება და მიუხედავად სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისა, შეიქმნა უკეთესი რეგულაციები განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით და რაც მთავარია, ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, ვიზალიბერალიზაციის კუთხით, რომელიც საერთო მონაპოვარია. ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანამ გაიაროს ღირსეულად. ეს არის ტესტი ჩვენი დემოკრატიის. 2020 წლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ საქართველომ დაამტკიცოს რომ ის არის მზად ევროპის ოჯახის სრულყოფილი წევრობისთვის, და არის მზად დემოკრატიის და თავისუფლების განმტკიცებისთვის“.

გიორგი ვოლსკი: „მიაქციეთ ყურადღება, რა პროცესები მიდის წინასაარჩევნო პერიოდში მიდის და სამწუხაროდ, მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი. ამ ურთულეს პირობებში, რაც უფრო პოზიტივში იქნება საქართველო მოხსენიებული, მეტი გააფთრებით იქნებიან შემოსეულები რეალობას ის სვავები, რომლებიც ხანდახან, განცხადებებით და ხანდახან, თავისი მართული საინფორმაციო საშუალებებით უტევენ ქვეყნის იმიჯს და სტაბილურობას, ისედაც ურთულეს პირობებში მყოფი ქვეყნის. ახლა ცდილობენ, როგორმე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების გარკვეული ასპექტების ექსპორტირებას საქართველოში და ამაზე მეტყველებს სააკაშვილის კიდევ ერთი მავნებლური განცხადება. ჩვენ გვინდა მშვიდობა. რეგიონში მშვიდობა რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ორ მხარეზე, რომლებიც არიან ამ ურთულეს კონფლიქტში ჩართული და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებზე, მაგრამ, რეალურად, ამ თემის გამოყენება, როგორმე საქართველოში არიონ სიტუაცია, არის ის ნათელი მაგალითი, თუ რატომ აქვთ დაბალი რეიტინგი. მთავარი შეტევა ხორციელდება საქართველოზე იმ მიმართულებით, რომ როგორმე არასწორი ინფორმაცია გავიდეს გარეთ, თითქოსდა ხელისუფლების ხელწერაა, მაშინ, როდესაც საპირისპირო პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, რომ როგორმე ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და პოლიტიკურ ოპონენტზე - არათუ ტყუილია, არამედ უზნეო ტყუილია და ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ სტრატეგიულ მიმართულებას“.

რატი იონათამიშვილი: „სიმბოლურია, რომ ამ დარბაზში როდესაც მე-9 მოწვევის დამამთავრებელი სესია მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ სკამები ცარიელია. ეს სიმბოლურად განასახიერებს იმასაც, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი, უბრალოდ, აქ აღარ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია გრძელდება. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ოპონენტებმა ბევრჯერ მოახდინეს საკუთარი რეალური მიზნებისა და ბუნების წარმოჩენა. კულმინაცია იყო გუშინ, როდესაც სააკაშვილმა ევროკავშირის რეგულაციებს უწოდა იდიოტური და ცოტა ხნის წინ, გვახსოვს, რომ ევროკავშირის მიდგომებს კოლონიალურს უწოდებდა. ფაქტია, რომ ამ განცხადებებით ის ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის დუმის ყველაზე უკიდურესი დეპუტატების განცხადებებს და ფაქტობრივად, წარმოადგენს რუსულ ჰიბრიდულ ძალას ამ მიმართულებით. თინა ბოკუჩავამ გაეროს ტრიბუნას უწოდა ვირტუალური ტრიბუნა და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ წარმოადგენდა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. სალომე სამადაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ პარტიას საკუთარი ამომრჩევლისადმი, ისინი თუ ეტყვიან, უბრძანებენ, დარწმუნებული არიან, რომ უსულო საგნებსაც მისცემენ ხმას და აირჩევენ მათი ამომრჩევლები, ეს არის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც შენ გიჭერენ მხარს. ძალიან საინტერესო იყო ოთარ კახიძის აღიარება, რომელმაც განაცხადა რომ სააკაშვილის წარსულთან მათ პრეტენზია არ აქვთ. ერთმანეთთან პრეტენზია აქვთ მხოლოდ ძალაუფლების გაყოფასთან. ეს ადამიანები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. მათ შექმნეს რაღაც პარალელური, ვირტუალური სამყარო, მაგრამ არ შეუცვლიათ თავისი ბუნება და ზნე-ჩვეულებები თუმცა, ქართველი ამომრჩეველი დააბრუნებს მათ ძალიან მალე, სულ რაღაც, 31 დღეში სინამდვილეში და ეს სინამდვილე იქნება მათთვის ძალიან მძიმე და პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ იქნება“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ გაწეული საქმიანობისთვის კოლეგებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. მამუკა მდინარაძემ, ასევე, მადლობა გადაუხადა საზოგადოების თითოეულ წევრს, ამომრჩეველს ნდობისთვის და ერთგულებისთვის.

პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდგომ, სხდომა საკანონმდებლო საქმიანობით გაგრძელდა. პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხთან ერთად განიხილა და მიიღო „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსის რამდენიმე გარდამავალი დებულების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2022 წლის 1 იანვრამდე. კანონის პროექტი აგრეთვე, ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნის მოქმედების შეჩერებას 2022 წლის 1 იანვრამდე.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტი ითვალისწინებს წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორ ახალ საფუძველს. კერძოდ, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი - შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. გადავადება განხორციელდება მხოლოდ ერთხელ. თუ არის აპლიკანტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის და ანრი ოხანაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცებას და საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის №5778-Iს დადგენილების „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ ძალადაკარგულად.

სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს და მიიღეს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც არეგულირებს გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასთან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებასთან, ზიანის მიყენებისას განსახორციელებელ ღონისძიებებთან, მათ შორის, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. გარდა ამისა კანონის პროექტით წესრიგდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.

„საკომიტეტო განხილვების დროს, რიგი საკითხები კანონპროექტში ახლებურად ჩამოვაყალიბეთ. არა ერთი შეხვედრა და კონსულტაცია იყო ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით და ვფიქრობთ ეს არის კანონპროექტის ის კომპრომისული ვერსია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ბუნების და ეკოლოგიის დაცვის ინტერესებს სრულად პასუხობს“, - განაცხადა საკითხის წარდგენისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ მეორე მოსმენით განსახილველად, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც განისაზღვრება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების (მოიცავს უკვე არსებულ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს) ფართობი და საზღვრები. პარლამენტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი ხმით დაუჭირეს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და 80 ხმით მიიღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ზოგადი განათლების სფეროში მიიღოს ზომები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის. ასევე უფლება ექნება დაამტკიცოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სტანდარტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი.

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც განსახილველად, ერთ-ერთმა ინიციატორმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. კანონის პროექტით, ახლებურად წესრიგდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები.

ამით პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა, რომელიც ხვალ, 30 სექტემბერს 12 საათზე განახლდება.