პარლამენტის პლენარული სხდომა

14 დეკემბერი 2017
პარლამენტის პლენარული სხდომა

115 ხმით, პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მიღების შემდეგ პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი III მოსმენით წარმოადგინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კოლეგებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი II მოსმენით გააცნო. მომხსენებელმა კანონპროექტის წარდგენისას, ის ორი მუხლი გამოყო, რომლებიც კონსულტაციების შედეგად ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა. კერძოდ, საუბარია კანონის მე-16 და 33-ე მუხლის ახალ რედაქციაზე, რომელიც პროექტში I მოსმენის შემდეგ შეიცვალა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წამყვანი კომიტეტის სახელით, კანონპროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხანგრძლივი კონსულტაციებისა, კომიტეტმა კანონპროექტს უარყოფითი დასკვნა მისცა. „ფუნდამენტალური კონსულტაციები მიმდინარეობდა და რამდენიმე საკითხზე, მათ შორის შესყიდვების ნაწილზე, შეთანხმება მოხერხდა, თუმცა დარჩა ორი საკითხი, რომლებზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და შესაბამისად, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეუთანხმებელ საკითხებზე - რეკლამის თემასა და სტარტაპების ჩანაწერზეც ისაუბრა და კომიტეტისთვის მიუღებელი მიდგომები განმარტა. კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა და ცალკეულმა დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

პლენარულ სხდომაზევე პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა II მოსმენით, მუხლობრივად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

დეპუტატები ასევე II მოსმენით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს გაეცნენ, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის I მოსმენის შემდეგ, მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ფრაქციის 9 ან მეტი წევრის ყოლის შემთხვევაში, დამატებით ერთი მოადგილის დანიშვნის საშუალება ეძლევა. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით 4-ის ნაცვლად ფრაქციის თავმჯდომარეებს მაქსიმუმ მხოლოდ ორი მოადგილე ეყოლებათ. შესაბამისად ჩნდება 129 თანამდებობა, თუმცა ეს ცვლილება დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.

პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებები და კანონპროექტები წარმოადგინა. მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო ხელშეკრულების“ სარატიფიკაციო დოკუმენტი და „პარლამენტის დადგენილების პროექტი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ“ ხელშეკრულება გააცნო. მანვე I მოსმენით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები წარმოადგინა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ კი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო კანონმდებლებს. ცვლილებების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების წევრები შესაძლებელია საჯარო მოხელეებიც იყვნენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლების საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

პარლამენტის წევრები „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტს და მასთან თანდართულ პროექტებს II მოსმენით გაეცნენ, რომლებიც სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე სულამანიძემ წარმოადგინა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბაქრაძემ III მოსმენით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა. II მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს დეპუტატებმა „ქალთა მიმართ ძალადობის ამ/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები.

საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებზე ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კანონპროექტთა პაკეტის წარდგენისას. „მედიაწიგნიერების განვითარება არის თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიურ გარემოში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგავთ ევროდირექტივების და რეკომენდაციების შესრულების კუთხით. იგი ასევე დაეხმარება ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციის ანალიზის და სანდოობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტტა პაკეტის წარდგენისას.

სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, პროექტის მომზადება საჯარო სამსახურის რეფორმამ და შრომის ანაზღაურების ახალი კანონპროექტის შემოსვლამ განაპირობა. წარმოდგენილი ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების შრომის ანაზრაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობის განსაზღვრის წესი რეგულირდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ I მოსმენით გააცნო კოლეგებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც სამეცნიერო ან სასწავლო კვლევების მიზნით უპატრონო გვამების გამოყენებას შეეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ამოუცნობი გვამების განსაზღვრის და მათი გამოყენების პროცედურები განმარტა და ამ მიმართულებით, მსოფლიო პრაქტიკაზე ისაუბრა.
სხდომის დასასრულს, ევროპასტან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში კომიტეტის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, საზედამხედველო ფუნქციებზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კომიტეტმა 29 საკომიტეტო მოსმენა გამართა, რომლებზეც როგორც საერთაშორისო სარატიფიკაციო დოკუმენტები, ასევე კომიტეტის და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები განიხილეს. „საანგარიშო პერიოდში საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან პროცესები განვითარდა. მიმდინარე წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმება და წელსვე საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუერთდა. საზედამხედველო საქმიანობის კუთხით, მნიშვნელოვნად ზედმიწევნით მივყვებოდით ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის საკითხებს. მჭიდროდ ვთანამშრომლობდით დარგობლივ კომიტეტებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობებს ვეცნობოდით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებთან არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და ერთობლივად განხორციელებული კონფერენციების და პროექტების სედეგები მიმოიხილა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა, დღეს განხილულ საკითხებს, კენჭისყრით მხარი დაუჭირეს.

ბიუროს სხდომა ხვალ, 15 დეკემბერს, 11.30 საათზე, ხოლო პლენარული სხდომა 12.00 საათზე გაიმართება.