პარლამენტის პლენარული სხდომა

15 სექტემბერი 2020
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარული სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.  

„15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა. მოგეხსენებათ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ თაობათა ძალისხმევას, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობის, მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით. მოგეხსენებათ, კოლეგებო, სწორედ თქვენი მონაწილეობით ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, პირველად, უახლეს ისტორიაში, საქართველო არჩევნებს ატარებს არსებითად პროპორციული სისტემით და 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და დღეს 15 სექტემბერს, დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა მოკლედ შევაჯამო და ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მიღწევებს. ასევე, დღის წესრიგშია არაერთი საკითხი, გამოწვევები და საქმე, რომლის გაკეთებაც, რომლის წარმატებით დასრულებაც არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და საქართველო ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში ეპიდვითარების შესახებ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.  „ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. საკმაოდ საყურადღებოა ვითარება საქართველოშიც, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი  სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართვას პანდემიის გავრცელების რისკებს. ჩვენ ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ყველა სისტემა მაქსიმალურად მომზადებულიყო შემდგომი შესაძლო სირთულეებისთვის. 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემა დღეში მხოლოდ 150-მდე „პისიარ“ ტესტის  გაკეთებას ახერხებდა, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეში შეგვიძლია 8000 და უფრო მეტი ტესტის გაკეთება. სულ მალე კი,  საჭიროების  შემთხვევაში შევძლებთ 10 ათასამდე გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა

თუ ეპიდემიის დასაწყისში მხოლოდ ხუთი ჰოსპიტალი იყო ჩართული პროგრამაში,  დღეისათვის კოვიდ ინფიცირებულთა ანუ  პაციენტების სამკურნალოდ ჩართულია 20-ზე  მეტი კლინიკა და 2400-მდე გაიზარდა საწოლ ფონდი. საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია საქართველოში არსებული კლინიკების 80%, ასევე მზადყოფნაშია 4 სასტუმრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ანაკლიაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით საწყისი ჰოსპიტალურ მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო  მეთვალყურეობას გაუწევენ პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში

 გადამზადებულია  2500-მდე სოფლისა და ოჯახის ექიმი. 43 კლინიკაში მოხდა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების გადამზადება მძიმე შემთხვევების მართვაში, რამაც შესაძლო გახადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ყველაზე რთული შემთხვევების წარმატებული მართვა. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში არის  სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელი. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი.  ახლოს არის არჩევნები და ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი ვალდებულება ქვეყნისაც, ხელისუფლებისაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებისაც, რომ ჩვენ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში და ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ქვეყანას არჩვენების შემდეგაც არ შევუქმნათ პრობლემები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ნინო წილოსანი: „ასოცირების შეთანხმების ანგარიშზე ევროპარლამენტში გამართული დებატები არის გზავნილი, რომ საქართველო აჩვენებს დემოკრატიულ სიძლიერეს; რომ საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად, სრულფასოვან წევრად უნდა მიიღონ,  რომ საქართველომ განახორციელა ამბიციური რეფორმები და კარგია, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს. ამ კვირაში პარლამენტი განიხილავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ სრულიად ახალ კანონს, რომლითაც ჩვენ გარემოსდაცვითი სტანდარტები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაგვყავს. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს არის კანონი, რომელიც გულისხმობს ბიზნესის პასუხისმგებლობას და გარანტიებს, რომ ჩვენი გარემო - ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ნიადაგი და ბიომრავალფეროვნება იქნება დაცული.  დღეს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, რასაც წინა ხელისუფლება შემდეგნაირად აგვარებდა: კაბინეტებში თანხმდებოდნენ კონკრეტულ თანხებზე იმისთვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა უფლება შესულიყო საწარმოში და დაერიცხა გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის რაიმე  გადასახადი. ამ კაბინეტებში მოლაპარაკებული თანხები უფლებას აძლევდა  საწარმოებს, რომ გარემოზე ნებისმიერი ზიანი მიეყენებინათ. ეს კანონპროექტი არის საქართველოს განვითარების ახალი გზა, ეს არის წერტილი, რომლითაც ვამბობთ, რომ იმ მოცემულობაში უკან არასდროს დავბრუნდებით. წინ კიდევ მეტი და მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი!“

ირაკლი აბუსერიძე: „მინდა გამოვეხმაურო 8 ერის გათამაშებაში საქართველოს სარაგბო ეროვნული ნაკრების მიწვევას, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენმა ბორჯღალოსნებმა ამ წარმატების მისაღწევად, დაუღალავი შრომის შედეგად, დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. ჩვენს მორაგბეებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მსოფლიო დონის ტურნირში მიიღონ და ყველას დაუმტკიცონ, რომ ნამდვილად „რაგბი ჩვენი თამაშია“. ამ ტურნირის ფარგლებში ინგლისის, უელსის, ირლანდიის, საფრანგეთის და სხვა წამყვან ნაკრებებთან ასპარეზობისას ჩვენი ბორჯღალოსნები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ. ეს სასიხარულო ამბავი მინდა მივულოცო მოქმედ მორაგბეებს, ყველა თაობის მოთამაშეებს, მწვრთნელებს, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევით, თავდაუზოგავი ბრძოლით და შემართებით დღემდე მოიტანეს ქართული რაგბის კულტურა. მე დღეს ამაყი ვარ! 13 წლის განმავლობაში ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მეც ვიყავი ამ წარმატებების მონაწილე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ქართული რაგბის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ფონდის გულშემატკივრობით და ფინანსური მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურა მოეწყო, აშენდა და აღიჭურვა 13 სარაგბო ბაზა, 28 მოედანი და 2 სარაგბო აკადემია. ფონდი „ქართუს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება ჯამში 200 მლნ. ლარს აღემატება“.

ეკა ბესელია: „დემოკრატია იმით იზომება  როგორია ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხით და ხალს აქვს თუ არა სამართლიანი სასამართლო და შემდეგ უკვე როგორ არჩევნებს ატარებს ხელისუფლება. ამ გადასახადიდან დემოკრატიის ზეიმის განწყობა ნამდვილად არ არის. იმიტომ, რომ ამ პარლამენტმა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება რაც მიიღო ამ ოთხი წლის განმავლობაში, არის დემოკრატიის დამმარხავი ადამიანების, იმ მოსამართლეების არჩევა უვადოდ. აქ აქცია იმართება რამდენიმე დღეა ეს ადამიანები არიან პატიმრების ოჯახების წარმომადგენლები, ისინი ითხოვენ ამნისტიის  მიღებას პატიმართათვის შემამსუბუქებელი და ჰუმანური აქტის მიღებას. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ, როდესაც ჰუმანურ აქტზეა საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხსაც მივუბრუნდეთ დარჩენილ დროში და იმ ინიციატივასაც, რომელიც დიდი ხანია თაროზეა შემოდებული და წარვადგინე მე ჩავარდნილი ნარკოპოლიტიკის რეფორმის  გამო. და ბოლოს, უმძიმეს მდგომარეობაში არიან და აქციებს აწყობენ ადამიანები, რომლებმაც ამ კოვიდის პერიოდში არა თუ ისარგებლეს, არავითარი შეღავათები არ აქვთ იმ სესხების გამო, იმ დავალიანების გამო, რომელიც   მათ ერიცხებათ საბანკო ინსტიტუტებში. ამ ადამიანებს სჭირდებათ კანონით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა, იმიტომ, რომ ეს არის ფორსმაჟორი და ფორსმაჟორული გარემოება ითვლება ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძვლად“.

ლადო კახაძე: „კორონავირუსს ეშველება,  ც ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის ელიმინაციასაც მოახერხებს მედიცინა. სიძულვილის ვირუსს რაც შეეხება, მივმართავ სრულიად საქართველოს, მივმართავ ჩვენი ქვეყნის ბინადრებს, ოჯახისშვილნო, თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი 31 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთთან თქვენი კეთილგონიერი გადაწყვეტილების, არჩევანის მეოხებით, სავსებით უსაფრთხოდ, სამართლიანად და გამჭვირვალედ შეგიძლიათ ამ სივერაგის ვირუსის სრული ელიმინირება. 21-ე საუკუნეში საშინელება აღმოვაჩინე. თითქმის განუკურნებელი ვერაგი ვირუსი, სიძულვილის ვირუსი, რომელიც კორონავირუსზე გაცილებით უარესია. გესლიანია, შხამიანია და მხოლოდ ამ სიძულვილის ვირუსით დაავადებულ ტვინს შეუძლია ხელი აღმართოს ოჯახზე, შეეხოს და  წაბილწოს ოჯახის სიწმინდეები, უარყოს ოჯახში ჩაბუდებული რწმენა და სიყვარული, სითბო, ერთგულება, მსახურება, მიტევება, დათმობა, კულტურა, ტრადიცია, ადათი. მაგრამ ამ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაც ვიპოვე,-სიყვარული. გიყვარდეთ თქვენი დიდი ოჯახი, თქვენი ქვეყანა, თქვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო“.

კახა კუჭავა: „ბოლო ორი მოვლენა - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და საქართველოს  და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში, რომელსაც კენჭი ეყრება ხვალ, არის პირველ რიგში ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმების, იმ სწორი გზის, რომელსაც ადგას ქართველი ხალხი, საქართველო. რა თქმა უნდა, არაერთგზის ხაზგასმით იქნა დაგმობილი რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები და კვლავ მტკიცე მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოსვლები პირდაპირ ხაზს უსვამს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის, ევროპარლამენტარების მხრიდან. ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რომლის თაობაზეც ჩვენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ძალიან ცოტა მოვისმინეთ, რადგანაც იმდენად პოზიტიური იყო, რომ რთულია გადაფარო ის გზავნილები, რომლებიც არის ამ ანგარიშში და რომელიც დაახლოებით 170 ქვეყანას აანალიზებს ინვესტიციების კუთხით. ძალიან მაღალი შეფასება აქვს საქართველოს როგორც იმ ადგილს, სადაც უნდა განხორციელდეს ინვესტიციები, ქვეყანა, როგორც ლიდერი რეგიონში, სადაც უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირებულია გზავნილები, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველა იმ სპეკულაციას, - მოსაზრებას თუ ტყუილს, რასაც ამ ბოლო დროს ჰქონდა ადგილი, თითქოს ამერიკული ინვესტიციების დაჩაგვრა ხდება საქართველოში. ანგარიშში პირდაპირ მითითებულია, რომ იყო რამდენიმე დავა სახელმწიფოსა და უცხოურ კომპანიას შორის, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ყველა ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ იმოქმედა სამართლიანად და დარღვევები არ დაფიქსირებულა. აქ არის პოლიტიკური გზავნილებიც, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ კუთხით არის ზუსტადაც ის მოვლენები, რომლებმაც ძალიან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია - შეტევა პარლამენტზე, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ყველა ქმედება, რომელიც გამოიყენა სამართალდამცავმა ორგანოებმა აგრესიული დემონსტრანტების მცდელობის საპირისპიროდ, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში, იყო კანონიერი და მართლზომიერი“.

გიორგი ლომია: - მინდა გამოვეხმაურო ჩვენს კოლეგას, ბატონ მამუკა მდინარაძეს, მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ 7% და 8% -ს უტოლდებოდეს იმ პარტიის რეიტინგი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოზიცია აქვს. მე მინდა დავსვა კითხვა, რაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია, იმაში, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან? თუ თქვენ ეყრდნობით ყველასთვის უცნობ საიტ დოსიეს ე.წ. დოკუმენტს, რომელშიც რაღაც ბიუჯეტია წარმოდგენილი და დღემდე ვერავის გაურკვევია რა ბიუჯეტია? თქვენც, ოცნება, ჩადიხართ მოსკოვში, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ამას ფარულად აკეთებთ. ჩვენი ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში ხდებოდა საჯაროდ და მოხდება საჯაროდ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. რაც შეეხება ნაცებს, რომლებსაც საერთოდ ხმა არ აქვთ ამოსაღები. 2008 წლის ომის შემდეგ მინსკში მიღწეული შეთანხმებიდან მეშვიდე პუნქტი ამოიღო მიხეილ სააკაშვილმა, რითიც  რუსებს მისცა საშუალება, რომ ეღიარებინათ სოხუმი და ცხინვალი. ჩვენ ვართ პრორუსული პარტია? 2008 წლის ომის შემდეგ ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის ხელმომწერი იყო მთელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და იმ დელეგაციიდან რამდენიმე წევრი დღეს პარლამენტარია. მათ მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციაზე, რომელშიც ნაგულისხმები იყო, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედება, რომ საქართველომ გამოიყენა კასეტური ბომბები, რომელიც კონვენციით არის აკრძალული, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამაზე ხელი მოაწერეს ამ გამყიდველებმა, ჩვენ ვართ პრორუსული პარტია?“

ირაკლი მეზურნიშვილი: „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში  აღნიშნულია მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება. ცალსახაა, რომ საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის კეთებისთვის. ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში იმისთვის, რომ არა მხოლოდ რეგიონული ლიდერები ვყოფილიყავით ბიზნესის კეთების სიმარტივისა და გამჭვირვალე გარემოს თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, გარკვეულ რეიტინგებში და პოზიციებში მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეიტინგების და რეფორმების შეფასებაც. დადებით კონტექსტშია წარმოდგენილი ანგარიშში ის რეფორმები, რაც გატარდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, საპენსიო რეფორმა, გადახდის უუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და მართლმსაჯულების რეფორმა და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების ნაწილი. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოზე იყო შეტევა, მათ შორის გამოირჩეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური დისკრედიტაცია მოეხდინათ ჩვენი ქვეყნის. ცდილობდნენ შეექმნათ იმიჯი, რომ ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ ყველაფერს ძალიან მკაფიო პასუხი გაეცა და შესაბამისი შეფასება იქნა გაკეთებული. ზოგადად ანგარიში ძალიან დადებითი და პოზიტიურია და ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშის შემდეგ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურ როლს ითამაშებს და კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვა საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიც არის“.

ალექსანდრე ერქვანია:  მინდა გამოვეხმაურო წინასაარჩევნოდ შექმნილ მდგომარეობას, სამწუხაროდ პოლიტიკოსთა უმრავლესობა ისევ მხოლოდ ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვის მათთვის ფული და ძალაუფლება არის ის კერპი რომელსაც სასოობენ და ეთაყვანებიან, ხალხის პრობლემები და გასაჭირი არავის აინტერესებს, ირგვლივ ყველგან თვალთმაქცობაა, ცრუ დაპირებები, მოსყიდული მედია,ეგრეთ წოდებული ექსპერტები და ინტელიგენცია, ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას,ისტორიასა და ტრადიციებს, ხოლო პოლიტიკოსები რომლებმაც ღირსება აყარეს და დაამცირეს ქართველი ერი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ, 8 წლიანი მმართველობის ბოლოს კვლავ 9 წელზე ლაპარაკობს მიუხედავად იმისა, რომ მათ სამართლიანობა არ აღადგინეს, დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია გამოაცხადეს, იმ რეჟიმის პროკურორებს და მოსამართლეებს მართლმსაჯულების სისტემა ჩააბარეს, ვინც მონობას დათანხმდა ყველანი გვერდში დაიყენეს, ღირსეულებს კი ბრძოლა გამოუცხადეს. მართველი პარტია არ იმსახურებს ხელისუფლებაში დარჩენას, რადგანამ წლების განმავლობაში არაფერი გააკეთეს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, დემოგრაფიული კატასტროფის შესაჩერებლად, ოჯახის ინსტიტუტის გასაძლიერებლად, ბავშვთა სიცოცხლის დასაცავად, სიღარიბის დასაძლევად. ქვეყანა ნარკოტიკების აზარტული თამაშებისა და ბორდელების ბუდედ არის ქცეული. სამარცხვინოა როდესაც ასი ათასი მოწამის ქალაქში ხელისუფლება უშვებს გეი კლუბების არსებობას, განსაკუთრებით კი ტაძრის ნანგრევებზე და შუა ქალაქში ელგებეტე დროშის ფრიალს, რომელსაც პატრული იცავს. ეს იმ წმინდანების და მთელი ერის შეურაცხყოფაა ისევე როგორც ნატაძრალ ადგილზე და ჩვენი გმირების საფლავებზე პარლამენტის მოღვაწეობა“. 

ანრი ოხანაშვილი:  „რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის წინასაარჩევნო პროცესები, მით უფრო თვალსაჩინო ხდება პოლიტიკური პარტიების რეალური სახე. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ თავისუფალ გარემოში მთელმა რიგმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ფეხი ვერ აუწყვეს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ ჯანსაღ კონკურენციას და შესაბამისად, ვერ აბარებენ დემოკრატიულობის მინიმალურ ტესტს. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი მედია გარემო, რაც შესაძლებლობას აძლევს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თანაბრად და თავისუფლად ისაუბრონ საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის შესახებ. ასეთ თავისუფალ გარემოში პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენს საზოგადოებას შესთავაზონ საქმიანი, საგნობრივი წინასაარჩევნო კამპანია და არა პოპულისტური და არა რეალური დაპირებები, თუმცა, ფაქტია ისიც, რომ თავისუფალ გარემოში მთელმა რიგმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ფეხი ვერ აუწყვეს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ ჯანსაღ კონკურენციას და შესაბამისად, ვერ აბარებენ დემოკრატიულობის მინიმალურ ტესტს. ამის ნათელი დასტურია ბოლო დღეებში განვითარებული დისკუსია პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით და მსურს, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო პირველი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში, სწორედ ჩვენმა გუნდმა მოაწერა ხელი პირველმა ამ კოდექსს, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და კულტურას, წარმოაჩენს ჩვენს გუნდს, როგორც ჩვენი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ ძალას, რომელიც პატივს სცემს კანონიერებისა და ეთიკურობის პრინციპებს და პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს სახელმწიფო ინტერესებს“.

ლევან კობერიძე: ბევრმა სიტყვამ გაიჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა პარტიამ ბევრი რამ გააკეთა და რომ ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს, არის პროგრესული, გამჭვირვალე, აპირებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ამ განცხადებების ფონზე ცოტა კონტრავერსიულად გამოიყურება თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ დადიხართ არც ერთ ტელევიზიებში არანაირი ფორმატის დებატებზე, არ დადიხართ ტელევიზიებში არათუ ოპონენტთან - ჩვენთან დისკუსია გამართოთ, არ დადიხართ ჟურნალისტებთან სასაუბროდაც. გარდა თქვენთვის კომფორტულ ეთერებისა, სადაც წინასწარ მომზადებულ კითხვებზე პასუხობთ ხოლმე და ხშირად ჟურნალისტები გასწრებენ პასუხის გაცემას. კონკრეტული კითხვა მაქვს თითოეულ თქვენგანთან - როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი რა თანაფარდობაშია ერთმანეთთან?  ჩვენ „ლელოს“  უკვე წარმოდგენილი გვაქვს სერიოზული, დეტალური პროგრამა    მარშალის გეგმის ანალოგი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში თქვენთან  დისკუსიისთვის, რატომ გაურბიხართ ამ ღია, გამჭვირვალე ფორმატებს?“

გიორგი ვოლსკი: „სააკაშვილი საერთოდ გადაირია. თერთმეტჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში. ხან ღრუბელ-ღრუბელ ხან ზღვით და ხან ხმელეთით. თურმე მან შექმნა ქართველი ერი, მან მოიტანა საქართველოში კულტურა და ამავე დროს უგვანო სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს და საერთოდ, კიდევ კარგი ის ლაპარაკი გამოქვეყნდა, სადაც ამის თაობაზე ჩვენ დავინახეთ.  ჯერ მეუღლის დაყენება  კანდიდატად, ახლა დედის დაყენება კანდიდატად, რაღაც მანია აქვს გრანდიოზული ამ კაცს, შეპყრობილია ეს ადამიანი,  გაიგეთ ყველამ და იქნებ თავის მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება  ასე ბურთაობა ქვეყნის ინტერესებით და რეგიონის ინტერესებით და არ შეიძლება  ისეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ჰგონია რომ სანქციებს დაადებენ და მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აქ ჩვენთან ერთად დღეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობებშია ასე  ინტენსიურად ჩართული. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ. ქვეყანა არ არის კარგ მდგომარეობაში. რეალური პრობლემა სხვაგან დევს და არა ბანერების რაოდენობაში, შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ რეალობა სხვა არის. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა რომ სამშვიდობოს გაიყვანოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი.  ჩვენ ვიტრაბახოთ, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით? უამრავი  დარჩა, პანდემიამ შემოგვიტია და ეს სვავები არიან მოგროვილი ამის გარშემო, გინდა ოჯახების უბედურების გარშემო“.

დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, დამაჯერებლად ლიდერობს და მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ მყარი უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი, ეს არაერთმა ობიექტურმა კვლევამ დაადასტურა მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა „გორდის“ კვლევებმა, რომლის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 56 % უჭერს მხარს. ეს არ არის საბოლოო რეიტინგი, რადგანაც თუ კარგად დავაკვირდებით კვლევას, ჩვენ ვნახავთ, რომ რეალურად რეიტინგი მაღალია, რადგანაც თუკი ჩვენ კვლევებში მოცემულ მონაცემებს, რომელიც გულისხმობს იმ პირებს, ვისაც არ გადაუწყვეტია ჯერ ხმის მიცემა ასევე, იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ ყველას გადახაზავს - მათ პროპორციულად მივაკუთვნებთ პარტიებს თუნდაც, რეიტინგში არსებული შესაბამისი რიგითობით, ვნახავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მინიმუმ, 60% უნდა აიღოს, თან ეს იმ პირობებში, რომ მეორე ადგილზე მყოფი ოპოზიციური ძალა მხოლოდ 11 %-იანი მხარდაჭერით სარგებლობს“.

რატი იონათამიშვილი: „ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო და მრავლისმთქმელი იყო იმ აღიარებების კასკადი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური კლასტერისგან და მათი კრიმინალი ლიდერისგან  მოვისმინეთ. ყველაფერი დაიწყო პეიზაჟების ფონზე მოსეირნე სააკაშვილმა, რომელმაც, ფაქტობრივად, მის მიერ და მისი გუნდის მიერ  ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები აღიარა. შემდეგ მისი კლასტერის ერთ-ერთი წევრისგან გავიგეთ, რომ სააკაშვილი 500-ევროიანი კუპიურაა დანარჩენებისთვის. შემდეგ გავიგეთ, რომ ისინი სოციოლოგიურ კვლევებს აყალბებდნენ, თუმცა ეს საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. ამის კულმინაცია ისევ სააკაშვილი იყო, რომელმაც კითხვას “რატომ ახლა?“ უპასუხა, რომ ახლა დადგა სიმართლის დრო. ე. ი. მათთვის მანამდე სიცრუის დრო იყო. მათ იცოდნენ, რა დანაშაულებსაც სჩადიოდნენ, მაგრამ არ საუბრობდნენ იმიტომ, რომ არჩევნებზე იფიქრეს, რომ ამით შეუძლიათ ვიღაცის გულის მოგება, რაც  განწირულია თავიდანვე. რადგან იქვე ახსენეს, რომ ახლა ყველა კარტის გახსნის დრო მოვიდა  და რასაც ის „კარტის გახსნას“ უწოდებს, სინამდვილეში ათასობით ადამიანის გაუბედურებული და დაღუპული სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათი  ერთი ახალი სახე იქნება გუბაზ სანიკიძე, ხოლო ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ საკუთარი ოჯახის წევრი -მიხეილ სააკაშვილის დედაა. ეს არის შუა საუკუნეების მმართველის მენტალიტეტის გამოვლინება. ერთი პრობლემა ხომ ის არის, რომ ამ პარტიაში არავის სურს შესვლა, მასში გაწევრიანება და მასთან ასოცირება და მეორე ანომალია არის ის, რომ საკუთარ ოჯახის წევრს უშვებ იმ ბრძოლაში, რომელიც წინასწარ იცი, რომ წაგებული გაქვს და  შედეგი იქნება კრახი. „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტები დღითიდღე უფასურდება და ქვევით და ქვევით  ეცემა“.

პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად განისაზღვრება, რომ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.  

„ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც ასევე მესამე მოსმენით განიხილეს, ითვალისწინებს, რომ ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის პერიმეტრის გარეთ არსებულ სოფლებს: უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალე, კეო, ბარისახო, ბოქჩვილო, ჭალისოფელი, ბლო (საერთო ფართობი 30050 ჰექტარი), აღარ ექნებათ მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონა) სტატუსი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტი ითვალისწინებს წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორ ახალ საფუძველს. კერძოდ, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული  პროფესიული სტუდენტი - შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. გადავადება განხორციელდება მხოლოდ ერთხელ.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

საკითხის წარდგენისას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განმარტება გააკეთა კანონპროექტის შესახებ ერთ-ერთ ტელევიზიაში  გამართულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით და განაცხადა, „საუბარი იყო, რომ ეს პროექტი დაჩქარებული წესით მიიღო პარლამენტმა, შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი დარეგისტრირდა 2019 წლის ოქტომბერში და შესაბამისად 11 თვეა ამ პროექტზე ვმუშაობთ. გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს ჯგუფებთან. უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტს ვიხილავდით როგორც კომიტეტის სხდომებზე, ასევე სამუშაო შეხვედრებზე და არც ერთი ოპოზიციონერი კოლეგა არ მოსულა და შენიშვნა არ გამოუთქვამს.

რაც შეეხება უსაფუძვლო ეჭვებს სენსორთან წვდომასთან დაკავშირებით, მინდა ავხსნა, რომ პირველ რიგში პროექტის მიზანია მოხდეს კიბერ უსაფრთხოების გაძლიერება, შესაბამისი პრევენცია, სწორი მართვა და კონტროლი, თავისთავად ცხადია სენსორზე წვდომის გარეშე წარმოუდგენელია მონიტორინგი და პრევენცია.

ვითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის ევროკავშირის გამოცდილებას რომ მუდმივად ხორციელდებოდეს კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტების ტრაფიკებზე კონტროლი, რომ არ მოხდეს თავდასხმა და ასეთ შემთხვევაში მოხდეს დროულად რეაგირება და პრევენცია. ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ ამ კანონს იმიტომ ვიღებთ სუსმა ცესკო გააკონტროლოს. კანონი უნდა ამოქმედდეს 31 დეკემბერს და როგორ შეიძლება ოქტომბერში ცესკოს გაკონტროლებას.  რეალურად ეს პროექტი არის ჩვენი ქვეყნის კიბერუსაფრთხოებისთვის უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მექანიზმი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიურ დაკმაყოფილებას  რეაბილიტაციის მიღწევის, ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში - გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით. გარდა ამისა, კანონის პროექტით წესრიგდება რეგულირებულ შეთანხმებასთან, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებასთან,  მორატორიუმთან, გადახდისუუნარობის მასასთან, რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნასთან, საცილო ქმედებებთან, სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალესთან, საერთაშორისო გადახდისუუნარობასთან და პროცესის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოიტანეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის შეფასებით: „ყველა ეს 13 ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია, შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, რომ მოიზიდოს 694 მლნ ევროს დაფინანსება სესხის სახით და გრანტი თითქმის 44 მლნ ევროს ოდენობით. ნაწილი არის საქართველოს ბიუჯეტის დახმარებისთვის გათვალისწინებული და ნაწილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს არის შემადგენელი კომპონენტი იმისა, რაზედაც ჩვენ ვმსჯელობდით ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამით დღევანდელი პლენარული სხდომა დასრულდა.

ხვალ, 16 სექტემბერს 12:30 საათზე ბიუროს სხდომა, 13 საათზე - პლენარული  სხდომა გაიმართება.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • DSპარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერიC_5240.jpg
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 15 სექტემბერი