პარლამენტის პლენარული სხდომა

16 მაისი 2018
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 87 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს, N54 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

რეგლამენტის თანახმად, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის ლენარული სხდომა დეპუტატების განცხადებებს დაეთმო.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ნარკოტიკების რეალიზაციის აღკვეთის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევაზე ისაუბრა. „მიზანმიმართული, გეგმაზომიერი ქმედება, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ექნება კამპანიური ხასიათი და გაგრძელდება, მანამ სანამ ჩვენ არ შევძლებთ ნარკოტიკული საშუალებების, ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირებას საქართველოს შავ ბაზარზე და არ მივაღწევთ იმას, რომ ნარკოტიკული საშუალება არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფინანსურად ხელმიუწვდომელი იყოს ნარკომომხმარებლებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც სჭირდება არა მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის არამედ, მთელი საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან ეს არის თემა რომელიც ეხება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. ნარკოპოლიტიკის პრობლემა არის მთელი ქვეყნის უსაფრთხოეების, მისი მომავალი განვითარების ძალიან დიდი გამოწვევა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თვამჯდომარის განცახდებით ამას აუცილებლად მოჰყვება ალტერნატიული ნარკოტიკული საშულებების მოძიების მცდელობები, მათ შორის აფთიაქებიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინება, მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენების მიზნით ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. „ჩვენთვის აუცილებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივანიჭოთ საკანონმდებლო ბერკეტი, იმისთვის, რომ მთავრობას შეეძლოს აღკვეთოს „სააფთიაქო ნარკომანია“ და ამით კომპლექსურად შევძლოთ ნარკოტიკების გასაღების ბრძოლასთან შესამჩნევი შედეგის მიღწევა. იმის პარალელურად, რომ ჩვენ მივიღებთ იმ რეფორმას, რომლითაც შევძლებთ პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებას და ნარკომომხმარებლების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების გამოჩენას. ეს არის ის გზა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ამ ეგზისტენციალური პრობლემის გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტას, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში იმ დამღუპველი ტენდენციის შეჩერებას რაც გამოიხატება ბოლო 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს თბილისში, 12-13 მაისს განვითარებულ მოვლენებზე. 

12 მაისს, რუსთაველის გამზირზე პირველად ვნახეთ შეიარაღებული პოლიცია სპეცტექნიკით, რომელიც მიმართული იყო არა ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ჩვენი პოლიცია არის საზოგადოების სამსახურში და შედგა ეს მონაპოვარი. მინდა თითოეულ პოლიციელს და მინისტრს მადლობა გადავუხადო ამ გარდატეხის შეტანისთვის“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული არა რომელიმე მხარის ინტერესების, არამედ საჯარო ინტერესების შესაბამისად.

„ჩვენი ამოცანაა ამ პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში, საჯარო ინტერესებზე იქნება დაფუძნებული და არა რომელიმე ჯგუფის მხოლოდ ნებაზე, რომ მისი სურვილების რეალიზება მოხდეს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჭირო იყო აგრესიულად განწყობილი „ნეოფაშისტური“ ჯგუფის კონტრაქციის დაშლა სამართალდამცველების მხრიდან.

ჩვენთვის ყველა თითოეული მოქალაქე გასაფრთხილებელია. თქვენთვის პროგრესი ნიშნავს ყველაზე ლიბერალური ადამიანის მხარდაჭერას, ჩვენთვის პროგრესი არის როგორც ლიბერალური შეხედულების, ასევე კონსერვატიული შეხედულების და ნებისმიერი, თუნდაც დამნაშავის უფლებების დაცვა - ასე ვხედავთ ჩვენ მომავალს. თუ ვინმე ძალადობდა, იმას პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ არ უნდა მოვითხოვოთ, რომ დავარბიოთ და დავხოცოთ იქ ის ხალხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ფრაქციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პოლიციელს, რომელიც იქ მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე ისაუბრა და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პასიურობა აღნიშნა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ხდება, განსაკუთრებით არის დანაშაულებები, რომლებიც ჩადენილია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების, ან ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, მიწევს ხელისუფლების პასიურობაზე საუბარი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. მისივე თქმით, ერთი მხრივ, ღირსების საკითხია, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე ადეკვატური რეაგირება გვქონდეს და მეორე მხრივ, ეს არის ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი ვალდებულება. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კობერიძის თქმით, საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოქმედდეს, რადგან ეს არის ის გზა, რომლითაც მიღწეული უნდა იქნას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და დასაქმების ზრდა. მისივე ინფორმაციით, ამ ფონდში 1/3-ით სახელმწიფო, 1/3-ით კერძო სექტორი და 1/3-ით ევროპული საფინანსო სტრუქტურები იქნებიან წარმოდგენილები.

მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის, პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ შეიქმნას საკრედიტო-საგარანტიო ფონდი. ამ ფონდის შესახებ სამუშაო ვერსია და პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ბიზნესსექტორი, ჩვენი უცხოელი კოლეგები. ჩვენ გავიზიარეთ ძალიან საინტერესო მექანიზმი. ეს საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება მასტიმულირებელი და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მექანიზმი. ეს არის ის გზა, რითაც ჩვენ უნდა ვიაროთ და მივაღწიოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

განცხადებების დასრულების შემდეგ, დეპუტატები კანონშემოქმედებით საქმიანობას შეუდგნენ.

სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ მემორანდუმი, განიხილეს რომლის მიზანია „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ 2017 წლის 4 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია. ურთიერთგაგების მემორანდუმი განსაზღვრავს საქართველოსა და ევროპოლს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის შექმნის, განხორციელების, ოპერირების, ჩანაცვლებისა და დემონტაჟის პროცედურებს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მემორანდუმის პლენარულს სხდომაზე განხილვას.

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს, პროექტის თანახმად, ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვსი, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

კანონმდებლებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მანდატურების უფლებამოსილება იზრდება და წესრიგის დაცვასთან ერთად მას სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაც დაევალება.

კანონპროექტის მიზანია უსაფრთხო გარემოს შექმნა, როგორც სკოლებში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე და შსს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაზრდა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთავაზებული ცვლილებებით სკოლაში არ შედის პოლიცია და მაქსიმალურად არის დაცული ბალანსი მანდატურის უფლებებსა და მოსწავლის უფლებებს შორის.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. კერძოდ, მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს საჯარო მანდატურის სამსახურის უფროსი. შეთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებას, დაამტკიცოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები.

კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა და გარე პერიმეტრის მაკონტროლებელი ვიდეო-სათვალთვალო კამერების არსებობის სავალდებულოობას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესს.
მანდატური იძენს განცალკევებისა და ზედაპირული დათვალიერების უფლებამოსილებას.

მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას დამატებით უნდა ესწრებოდეს სკოლის წარმომადგენელი, რაც ემსახურება მოსწავლის ინტერესებს დაცვას. ამავე მიზნით, მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების გამოყენების შესახებ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა საფუძველზე, რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მის მშობელს, რასაც სიახლის სახით დამატებით ითვალისწინებს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი.

მოსწავლის განცალკევება შესაძლებელია იმ შემთხვევაში განხორციელდეს, თუკი მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოსწავლის განცალკევება განხორციელდება მისი მშობლის სკოლაში გამოცხადებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვება.

პროექტით ზუსტდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედება გასაჩივრებადია, რისთვისაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია, შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.

სხდომაზე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი I მოსმენით განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემდეგ დანაშაულებზე: ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის გათვალისწინებულ სანქციათა დიფერენციაციას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით.

ცვლილება შედის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ზუსტდება მცირე ბიზნესის სტატუსტან დაკავშირებული მთელი რიგი ურთიერთობები და შეღავათები. მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინისჭებისას აუცილებელი აღარ იქნება, რომ მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატებოდეს 100 000 ლარს. ამასთან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომელიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000 ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 %-ით, ნაცვლად 5%-ისა (ან 3%-ისა). მცირე ბიზნესის სტატუსის მქონეფიზიკური პირი ასევე, არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს. პროექტი ითვალისწინებს სხვა სახის რეგულაციების დაზუსტებას, მათ შორის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული აქტივების ჩამონათვალიდან ამოდის ზოგიერთი სახის მოგება. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ასევე, საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციებს.

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა II მოსმენით წარადგინა. მან იმ გარემოებებზე ისაუბრა, რამაც კანონპროექტში ტექნიკური ცვლილების განხორციელება განაპირობა.

კანონპროექტის თნახმად, ზუსტდება თავდაცვის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით დაარეგულირებს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხებს.

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, I მოსმენით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა წარადგინა.

კანონის პროექტი ითვალისწინებს იმ ნორმების დაზუსტებას, რომელებიც ეხება სადემონსტრაციო ფრენებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ თანხმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, კანონპროექტის თანახმად, სადემონსტრაციო ფრენების განხორციელებისთვის, საფრთხეების და რისკების თავიდან აცილების მიზნით, ფრენის ნებართვის ასაღებად თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების ვალდებულება შემოდის.

კოდექს ასევე, ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სადემონსტრაციო ფრენის თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც მიაწვდის.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, რიგ სამართალდარღვევებზე სანქციები მკაცრდება და ამასთანავე, თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობა მიეცემა დამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს სანქცია, საჯარიმო ოქმის შევსების გზით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სანქციას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის“. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა), იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარიან ჯარიმას (ნაცვლად 500 ლარისა). ასევე, იერსახის დამახინჯებად განიხილება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევ დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით(ნაცვლად 1000 ლარისა).

კიდევ ერთი მუხლი, რომელიც კოდექსს ემატება, ითვალისწინებს სანქციას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურად შეცვლისათვის“, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად 200 ლარისა). ცვლილებების თანახმად, დასჯადი ქმედება ხდება არამარტო ქ. თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, არამედ მათი დაზიანებაც. ამავე, ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობებიც: ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმა ორმაგდება და ხდება 1000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 2000 ლარიანი ჯარიმა იზრდება 3000 ლარამდე.

მკაცრდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამცავ ზონაში ზემოხსენებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაც: ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმა ორმაგდებ და ხდება 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 4000 ლარიანი ჯარიმა იზრდება 6000 ლარამდე.

კანონპროექტის თანახმად, ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ამავე დროს სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციას.

მკაცრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე. კერძოდ, გარე ვაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა), ხოლო იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით იწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა). ასევე, იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებლობისათვის განკუთვნილი ჯარიმაც 50 ლარიდან 200 ლარამდე.

ცვლილებებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისათვის სამართალდამრღვევი ექვემდებარება დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობის (ნაცვლად 300 ლარისა), ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარე რეკლამის განთავსებისათვის 3000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა).

როგორც საკითხის მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, კანონპროექტის მიღების მიზანია, გამკაცრდეს სანქციები რიგ სამართალდარღვევებზე და ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა დამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს სანქცია, საჯარიმო ოქმის (ქვითრის) შევსების გზით, რაც უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნული ორგანოების საქმიანობას და მოახდეს სამომვლოდ სამართალდარღვევების პრევენციას.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ პროექტებთან ერთად II მოსმენით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

თანამომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ეს არის რამდენიმეეტაპიანი საკანონმდებლო ცლილებების გაგრძელება, რომელიც ეხმიანება ოჯახური ძალადობის და ზოგადად ძალადობის პრობლემის დაძლევის საკანონმდებლო მექანიზმების გაძლიერებას. „კანონპროექტთა ეს პაკეტი არის როგორც ერთ-ერთი ასევე, დამატებითი მექანიზმი რეაგირების და პრევენციის კუთხით. პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ტიპის დანაშაულზე როგორიც არის ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა, შემოდის დამატებითი - იარაღის ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები. შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით ასევე, გაცილებით უფრო მოქნილი საკანონმდებლო მექანიზმია, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ პოლიციას და სამართალდამცავებს ძალადობის მსხვერპლა დაცვისთვის ჰქონდეს კიდევ უფრო ძლიერი საკანონმდებლო ბერკეტი. ამ პროცესს ვუყურებ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პასუხს მთავრობის და პარლამენტის მხრიდან იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემსაქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევვ საკითხთან ერთად I მოსმენით წარადგინა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინებების რეგისტრაციაზე არ გავრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, ითვალისწინებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.

გარდა ამისა, კანონპროექტით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების თაობაზე.

სხდომაზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი I მოსმენით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა და ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით პრეზენტაციაც გამართა.

კანონპროექტით, მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება.

„კანონპროექტის შემუშავების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროებაა. ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდიას და სხვა ხელშემწყობ პროგრამებს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი, ასაკის შეუზღუდავად. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების სარეიტინგო ქულებზე გავლენას არ მოახდენს.

მომხსენებლის განმარტებით, მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მატარებელთა დახმარება მხოლოდ ელექტროენერგიის სუბსიდირებით არ შემოიფარგლება. „ისინი სხვადასხვა მიმართულების - სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც მომხსენებელმა პრეზენტაციისას აღნიშნა, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევების მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. მისივე თქმით, USAID - ის კვლევების მიხედვით, 2032 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე.

კანონპროექტის ავტორმა, კოლეგებს დემოგრაფიული რისკების ჩამონათვალიც გააცნო.

  • 90-იანი წლების პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა; 
  • შიდა და გარე მიგრაცია; 
  • შობადობის დაბალი მაჩვენებელი; 
  • პატიმართა რიცხვის მატება, 
  • აბორტები 
  • ნარკოვითარება.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული და ეფექტური ნარკოპოლიტიკა. „არ დავიჭიროთ, არ გავზარდოთ ნარკომომხმარებელთა რიცხვი და არ დავაზარალოთ საზოგადოება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული კრიზისის მიუხედავად, თუ პოლიტიკა სწორად წარიმართება, შედეგი დადებითი იქნება.

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება, რომელიც 12.00 საათზე დაიწყება.