პარლამენტის პლენარული სხდომა

16 ივნისი 2017
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარული სხდომა წინადღის სხდომაზე განხილულ საკითხებზე კენჭისყრის პროცედურით გაიხსნა. პარლამენტმა ოცამდე კანონპროექტს უყარა კენჭი, რის შემდეგაც სხდომაზე საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელდა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენს. მან ისაუბრა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ზოგადი პრინციპების თაობაზე და ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლო, ზოგად გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, კანონპროექტის მომზადების საფუძველი უპირველესად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.

მომხსენებლის განცხადებით, მთავრობა, ზოგადად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეა და მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა: გაიმიჯნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების ფლობისა და გასაღებისთვის, რადგან საზოგადოებრივი საშიშროება ამ ორი ქმედებისა განსხვავებულია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც განსხვავებული უნდა იყოს. 

წარმოდგენილი კანონპროექტი, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ერთმანეთისაგან მიჯნავს სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რეჟიმებს ერთი მხრივ მარიხუანას და, მეორე მხრივ, სხვა ნარკოტიკული საშუალებებისათვის. მისი თქმით, თუ დიდ ოდენობასთან არ გვაქვს საქმე, კაცი ციხეში არ უნდა ჩავსვათ, თუმცა გარკვეულ პასუხისმგებლობას ვერავინ აიცილებს თავიდან. 
კანონში ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის - მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, აგრეთვე გამომშრალი და ნედლი მარიხუანისთვის დიდი ოდენობების ცვლილებას. 

შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გამომსვლელთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ წარმოდგენილ კანონპროექტს, თუმცა მათივე აზრით, გასამკაცრებელია პასუხისმგებლობა გამავრცელებლებისა და მათი ლობისტების მიმართ. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ კომიტეტის პოზიცია გამოხატა და განაცხადა, რომ „ეს არის სიმბოლური, მაგრამ კარგი ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ“. მისივე თქმით, ლიბერალიზაცია კომპრომისზე წასვლას არ ნიშნავს, და მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება საკანონმდებლო ნორმები და სამართალდამცავი ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, მათ შორის, მოხდება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობის გათანაბრება ნარკოტიკულ დანაშაულთან. მისივე განცხადებით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ ნარკომომხმარებელი არაა კრიმინალი და ციხეში მისი გამომწყვდევა არც პრევენციის საშუალებაა და არც მკურნალობის.

ციხე არაა პრევენციის და მკურნალობის საშუალება, ამაზე შეთანხმდა მთელი მსოფლიო ბოლო 40 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე. ამაზე ჩვენც უნდა შევთანხმდეთ და ციხის მაგივრად ზრუნვა, მკურნალობა შევთავაზოთ. ქვაკუთხედი კი უნდა იყოს პრევენცია: საგანმანათლებლო მუშაობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი. ამაში ინვესტიციაა აუცილებელი, რომ ჩვენ რეალურად გადავჭრათ პრობლემა“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პოზიცია გამოხატა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. მისი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მთავარია მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. მისივე თქმით, არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის გამო, სასამართლოები საკუთარი ინტერპრეტაციით და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს პარლამენტის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს.
ამასთანავე, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ციხეში არ უნდა გავუშვათ იმიტომ, რომ ის არის მომხმარებელი. ის, რომ ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელია - ეს არაა კარგი, ცუდია, მაგრამ ამას შესაბამისი, პროპორციული სანქცია ესაჭიროება. რეალიზატორთა მიმართ კი კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, სამართლიანი და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის განხორციელებაზე განაცხადი ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2013 წელს გააკეთა, როდესაც ყველა ნარკომომხმარებელი ამნისტიის აქტით გაათავისუფლა, შემდეგ სხვა ნაბიჯებიც გადაიდგა, ახლა მთავრობაში ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობენ, რომელიც ამ სფეროს მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს. 

ამასთანავე, როგორც მომხსენებელმა, ასევე სხვა გამომსვლელებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელი შეეწყობა ნარკოტიკების მოხმარებას: შემდგომი საკანონმდებლო ნაბიჯები იქითკენ იქნება გადადგმული, რომ ნარკოტიკების გამსაღებლებისათვის კიდევ უფრო გამკაცრდება სასჯელი, ხოლო ნარკოდამოკიდებულთათვის საკმაოდ დიდი შეზღუდვები დაწესდება, მათ შორის საჯარო სამსახურის კუთხით და ა.შ. 

ალექსანდრე ბარამიძემ, ფრაქციების წარმომადგენელთა გამოსვლების შემდეგ, წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტები: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელთა მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ პირველი მოსმენით განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე კანონის ტექსტში არსებული ტექნიკური და შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრა. მისი შეფასებით, ამან ხელი უნდა შეუწყოს მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უფრო ეფექტურად და სრულყოფილად განახორციელებას. რეფორმის სრულყოფილად ამოქმედებისათვის დგინდება ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი 2018 წლის 1 იანვრამდე. 

კანონპროექტის ძირითადი პრინციპების წარდგენისას, ეკატერინე ქარდავამ სერტიფიცირების წესის ცვლილებებზე, მოხელეთათვის ოთხდონიანი შეფასების სისტემაზე, სამსახურიდან გათავისუფლების დისციპლინარულ გადაცდომაზე, მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტის გაუქმებასა და რეორგანიზაციის შემთხვევაში მოხელის მობილობის ახალ პრინციპზე ისაუბრა და პარლამენტის წევრთა კითხვებს უპასუხა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა კომიტეტის პოზიციაზე ისაუბრა და პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. 

პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას წარმოადგენს. კანონპროექტის ზოგადი პრინციპების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა ისაუბრა. 

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საჯარო სკოლის დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სათანადო გარემოების არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილნი იქნებიან, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნონ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამის შემდეგ სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, რომლის დროსაც რამდენიმე კომიტეტის და ბიუროს სხდომები გაიმართა.

ბიურომ პლენარულ სხდომათა დღის წესრიგს მესამე მოსმენით განსახილველი რამდენიმე კანონპროექტი დაამატა, რომელთაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პარლამენტმა შესვენების შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობა გააგრძელა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტები:

  • „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტით “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებების პრეპარატების ჩამონათვალს ასევე ემატება - ბუპრენორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი);
  • „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (წარმოდგენილი ცვლილებით, იმ პირებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად არიან მიჩნეული საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასჯელის გადასინჯვის მიზნით სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვისათვის ვადის გადაწევა ხდება);
  • „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პროექტით დგინდება ე.წ. მორატორიუმი მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებამდე);
  • „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ცვლილების შესაბამისად, იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას უზრუნველყოფს, კონფიდენციალურია);
  • „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (კანონის პროექტით დგინდება, რომ იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია. ამასთან ტექნიკური სახის ცვლილება ხორციელდება შესაბამის რეგულაციაშიც);
  • პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის საკითხებს);

სწორედ ამ კანონპროექტებს იხილავს პარლამენტი დაჩქარებული წესით.

კანონმდებლებმა ასევე მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (კანონპროექტი ეხება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მენეჯერის, მანდატურის სამსახურის უფროსის, მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა, სასამართლოს სხდომის მდივნის, აგრეთვე სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებს. აღნიშნული საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოდის. რეგულაციის ამოქმედების თარიღად 2017 წლის 1 ივლისი განისაზღვრა);

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (კანონში შესატანი ცვლილება ეხება დისციპლინური სამართალწარმოების დროს მოსამართლის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება, უფლებას, მოითხოვოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების გასაჯაროება. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული საკითხი ასევე შესაბამისობაში მოდის საჯარო სამსახურის შესახებ ახალ რეგულაციებთან);

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ცვლილებები მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების და სხვა საკითხებს უკავშირდება).
დღესვე, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენით განიხილა. შემდეგ კი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2016 წლის ანგარიში მოისმინა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ წარადგინა.

სხდომის დასასრულს კანონმდებლებმა განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს.