პარლამენტის პლენარული სხდომა

18 მაისი 2017
პარლამენტის პლენარული სხდომა

პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“. კანონპროექტის წარდგენისას, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, რომ განსახილველი საკითხის მეორე მოსმენისას შენიშვნები არ გამოთქმულა და კანონპროექტი დღეს უცვლელი რედაქციით იქნა წარმოდგენილი.

წარმოდგენილი კანონპროექტი, ძირითადად, სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიან პრინციპებს განსაზღვრავს.

კანონპროექტი ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს.

პარლამენტმა 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა.

ანგარიში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს. მასში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, ამასთან, თავმოყრილია სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მისამართით შემუშავებული რეკომენდაციები.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისი დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

ამ მიზნით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს. სახალხო დამცველის თქმით, მიუხედავად ამისა, არაერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია კვლავაც შეუსრულებელია, რაც მისი შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ქმნის.

სახალხო დამცველის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მიმართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში. მისი თქმით, 2016 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 827 განცხადება/საჩივარი შევიდა, რაც მაღალი მაჩვენებელია და წლიდან წლამდე სახალხო დამცველის როგორც ცნობადობის, ისე მის მიმართ არსებული მოლოდინების გაზრდაზე მეტყველებს.

სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში ყურადღება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და მასალების მიუწოდებლობის ფაქტები, მონაცემების მოთხოვნილი ფორმით დამუშავების არარსებობის გამო. ეს კი, მისივე თქმით, არასწორ პრაქტიკად უნდა შეფასდეს, ვინაიდან მსგავსი მიდგომა, კანონის დარღვევის გარდა, სახალხო დამცველის საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, მართალია, საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, 2016 წლის განმავლობაში, მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმებს აგრძელებდა, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა.

სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცა.

მან ასევე დადებითად შეაფასა საანგარიშო პერიოდში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის შემცირება და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა მაქსიმალურად იყოს მიმართული არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ, განსაკუთრებით მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. მისი თქმით, 2015 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობა.

საქართველოს სახალხო დამცველმა იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცება, იზოლატორებში შემოსული საჩივრების განხილვის 5 დღიანი ვადის დაწესება, კონფიდენციალური საჩივრით მიმართვის მიზნით, იზოლატორში მოთავსებული პირის კონვერტით უზრუნველყოფის საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირება და ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადის განსაზღვრა დადებითად შეაფასა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წელს წითელ ხაზად გასდევდა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფის ან ხელყოფის მუქარის ფაქტები. მისი თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში საჯარო პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პერმანენტულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებ–გვერდებზე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობდნენ მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობა აღნიშნული დანაშაულების გამოძიების საქმეში არასაკმარისად შეაფასა და ამ მიმართულებით, დროული და ეფექტური მოქმედებისკენ მოუწოდა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს. სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღემდე უცნობია სახალხო დამცველის 2013–2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებში მითითებული გახმაურებული და საზოგადოებაში მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეები.

უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, არჩევნებზე არ გამოვლენილა დარღვევები, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე. დარღვევების დიდი ნაწილი კი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული.

სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლების მასშტაბურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, იყო რამდენიმე გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი აკვირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესს, ისევე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმეებს მედიის თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დროულად იქნას ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის მექანიზმი, დაწესდება სანქციები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმის შემთხვევებში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრები, ძირითადად, ეხებოდა მიწის/უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მისი შეფასებით, წინგადადგმული ნაბიჯია მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტების ამოქმედება და აუცილებელია მათი სრულყოფილი იმპლემენტაცია.

2016 წელი, სახალხო დამცველის განცხადებით, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის, როგორც საქართველოს კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტაბილურად მძიმე იყო. მისი თქმით, მიუხედავად დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დევნილთა განსახლება, არაერთი დევნილი კვლავ სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრობს.

მან ასევე ისაუბრა რელიგიის თავისუფლების, ეროვნული უმცირესობების, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი მექანიზმის საკითხებზე. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, უმნიშვნელოვანესია დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია.

სახალხო დამცველის თქმით, ქვეყანაში სათანადოდ რეალიზებული არ არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება. სახალხო დამცველის შეფასებით, ასევე ცვლილებას საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული სისტემა.

2016 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სახალხო დამცველის განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება ბავშვის უფლებების გათვალისწინება, დაცვა და ხელშეწყობა. მისი თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობის, უკიდურესი სიღარიბისა და ბავშვის უფლებათა სხვა დარღვევების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები არასაკმარისია. მან ისაუბრა ასევე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ ვითარებაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება რჩება.

ამასთან, ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა კვლავ პრობლემას წარმოადგენს. მისივე შეფასებით, თანამედროვე გამოწვევებს ჯერ კიდევ ვერ პასუხობს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება.

სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის წევრთა კითხვებს უპასუხა, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხებოდა.

პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ სიტყვით თანამომხსენებელი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გამოვიდა.

„2016 წელს წარმოდგენილი ანგარიშიდან, 203 რეკომენდაციიდან აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული ან შესრულების პროცესშია, და მხოლოდ 11 რეკომენდაცია არაა შესრულებული, რაც უდავოდ დიდ შეფასებას იმსახურებს. ეს ნიშნავს, რომ საპარლამენტო კონტროლი ნამდვილად გაძლიერებულია და თუ შევადარებთ 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, ნამდვილად ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მზარდი ტენდენციაა, რომ სახალხო დამცველის მეტი და მეტი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, თუმცა სასურველი იქნებოდა წარმოდგენილ ანგარიშში მეტი ყურადღება დათმობოდა სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, რამდენადაც ესაა ჩვენი საზოგადოებისთვის უმთავრესი გამოწვევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესდა ეკონომიკური ფონი, სოციალური დაცვის მექანიზმები, მაინც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკური და სოციალური უფლებები და, სასურველია, რომ წარმოდგენილ ანგარიშში ამაზე უფრო მეტი აქცენტი ყოფილიყო გაკეთებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მოკლედ მიმოიხილა ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშში არის წარმოდგენილი და რომელიც უკავშირდება საარჩევნო პროცესს, მართლმსაჯულების რეფორმას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირებას, პატიმრობის შესახებ კოდექსის შემუშავებას და სხვა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეკომენდაცია შრომის უსაფრთხოებისა და შრომის კომისიის შექმნის შესახებ და ეს მიმართულება უკვე ასახულია კომიტეტის სამოქმედო გეგმაში.

სოფო კილაძის განცხადებით, არის რეკომენდაციები, რომელზეც შეიძლება დაფიქრება და ბევრი მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაა საჭირო, თუმცა არის საკითხები, რასაც კომიტეტი კატეგორიულად არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს ეხება თუნდაც პატიმრებს შორის ძალადობის საკითხს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს „სასჯელაღსრულება სწორედ ის მიმართულებაა, სადაც სახეზეა რევოლუციური პროგრესი, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაცულია და მსგავს ფაქტებს ადგილი არა აქვს“. 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე მიუღებელია რეკომენდაცია ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან დაკავშირებით, თითქოს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ნორმები წინააღმდეგობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. მისი თქმით, საკითხი სწორედ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა და ამ კუთხით ნორმების არაკონსტიტუციორობასთან საქმე არა გვაქვს.

სოფო კილაძე ბათუმის მოვლენებზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა, მან არ გამოიყენა გადამეტებული ძალა და ეს მისასალმებელია, რადგან: „ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არ სცემს და არ არბევს ხალხს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან“, - განაცხადა მან. მისივე შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის თაობაზე საუბრებს ზოგადი ხასიათი აქვს, რაც თავისთავად კარგი არაა და აზიანებს სასამართლოს იმიჯს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეისთვის სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ბავშვთა უფლებების დაცვა და მისი თქმით, კომიტეტი ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსზე უკვე მუშაობს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა პარლამენტის წევრთა კითხვებს, ამის შემდეგ კი ცალკეულმა დეპუტატებმა, საპარლამენტო ფრაქციებმა, საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოხატეს. ბოლოს კი სახალხო დამცველი დასკვნითი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც კიდევ ერთხელ მოკლედ შეახსენა კანონმდებლებს ანგარიშში წარმოდგენილი მაგალითები.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, დღეს სახალხო დამცველის ამპლუაში უკვე მეხუთე ანგარიში წარმოადგინა და როგორც სახალხო დამცველი ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა ნეიტრალობა და ყოფილიყო დამოუკიდებელი.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი ანგარიში იმის დასტურია, რომ ყველა ერთად უკომპრომისოები უნდა ვიყოთ ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის გამოვლინებების მიმართ.

დღესვე პარლამენტმა განიხილა დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავარ აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“, რომელიც საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივას წარმოადგენს.

საკითხი განსახილველად საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ გამოიტანა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამენტს მოუწოდეს დაუჭირონ მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც მთავარ აუდიტორსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია ცალსახად ჩამოყალიბებულია: „პარლამენტის თავმჯდომარემაც დააფიქსირა პოზიცია სანამ მივლინებაში გაემგზავრებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, პირველ რიგში, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება და უნდა ხდებოდეს - ჩვენ უნდა მივცეთ გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოებს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. რაც შეეხება შეფასებებს - შეფასებები პოლიტიკურიც და არაპოლიტიკურიც უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც გაირკვევა სიმართლე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

პლენარული სხდომის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურის განცხადებით, თემა მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველივე კომენტარიც ეხებოდა იმ საკითხს, რომ არ გამოირიცხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ჯერ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

„ეს თემა ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება და პარლამენტის მხრიდან იქნება სათანადო რეაგირება. გამოძიებას თავისი ვადები აქვს. გონივრულ ვადებში ჩვენ ყველა დაველოდებით, თუ როგორ შედეგებს დადებს გამოძიება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამით, პარლამენტმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა დაასრულა.