პარლამენტის პლენარული სხდომა

21 თებერვალი 2018
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის 21-23 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებიც, რაც მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„აღნიშნული ინიციატივა პასუხობს ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას - სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რაც არის ჩვენი მიზანი და ამ პროცესში, მცირე მეწარმეობის ქმედითი წილის ზრდა. ყველა მთავრობა ამბობდა ყოველთვის, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ნაბიჯი, ცალსახად, ამ მიმართულებით გადადგმული ყველაზე პოზიტიური სიგნალია“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განცხადება შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მიღებული იქნება დაბალანსებული კანონმდებლობა, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს მოემსახურება.

აკაკი ზოიძის თქმით, შრომატევადი სამუშაო პროცესის შემდეგ, მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსი იქნა მიღწეული. დეპუტატმა აღნიშნა, რომ აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომლებიც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მეტ გარანტიას უზრუნველყოფს.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი და თანმდევი პაკეტი არის შედეგი საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ შრომატევადი პროცესისა, კონსენსუსის აშენების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიც გახლავთ საკანონმდებლო გარემოს შექმნა ამ ქვეყანაში, რომელიც ერთი მხრივ, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მეორე მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ ეს სამუშაო ადგილები იყოს უსაფრთხო და არ წარმოადგენდეს საფრთხეს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. აი ამ ოქროს შუალედზე შეჯერებას დასჭირდა ის დრო, რომელიც გავიდა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით კანონპროექტის პრინციპებისთვის მხარის დაჭერის შემდგომ. ამ პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე, დამსაქმებლები, დასაქმებულთა წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებულ მოქალაქეთა ჯგუფებიც“,-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დისკუსიას, რომელიც არასწორად არის პოლიტიზირებული და საკითხის ძირითად აზრს აზიანებს, შესაძლოა ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომელთაც მართლაც აღელვებთ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობა.

„უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ყოველთვის ახერხებს ნებისმიერი თემის პოლიტიზირებას. დისკუსიის არასწორ ჩარჩოში მოქცევას, რაც ბუნებრივია საკითხის ძირითად აზრს აზიანებს. არაჯანსაღი პოლიტიკური ინსინუაციების მოწმენი ჩვენ დღესაც ვართ ამ დარბაზში და ამას შევეჩვიეთ უკვე. თუმცა, შესაძლოა ამ დისკუსიას შეუერთდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მართლაც აღელვებთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სწორი განვითარება და მათი შეუქცევადობა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა, მისი დამოუკიდებლობა, სახალხოობა, ისე როგორც ხარისხიანი მაუწყებლობა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, თუ დემოკრატიული საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.

უმრავლესობის წევრმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოადგინა.

„მე ვთხოვდი კოლეგებს, რომ საქმეს შევხედოთ პრაგმატულად. არსებობს საზოგადოებრივი არხი, რომელსაც გადასახადის გადამხდელები წლობით უხდიან ფულს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს, მათ შორის, უნარიანი და ნოვატორული იდეებით მოსული მენეჯმენტი ცდილობდა მაყურებლისათვის მისაღები პროდუქტის შექმნას, ზემოაღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო სასურველის მიღწევას, რაზეც სამწუხაროდ მეტყველებდა არხის რეიტინგი და ყურებადობა. ანუ, გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხით ვერ ხერხდებოდა მოლოდინის გამართლება. მოდის ახალი მენეჯმენტი და ჩვენს წინაშე დებს ახალ ბიზნეს-გეგმას და მე ამ ცვლილებებს სწორედ ასე განვიხილავ და მენეჯმენტი ასაბუთებს, რომ ამ ცვლილებების შემთხვევაში, ის მოახერხებს ამ მოჯადოებული წრის გარღვევას და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ღირსეული ადგილის დამჯვიდრებას მედია-სივრცეში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ბექა ოდიშარიამ ასევე მოიყვანა მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან და აღნიშნა, რომ სხვა დამატებითი რისკებისა და ნეგატიური მოვლენების კონტროლისთვის რამდენიმე ქმედითი და ეფექტური კონტროლის მექანიზმი არსებობს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო უდაოდ ძალიან წარმატებული და პროდუქტიული შეხვედრები.

„ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმები, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით და გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველო სამხედროების როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„განსაკუთრებით ყურადსაღებია ის მაღალი ნდობა, რომლის გამოხატულებაც არის ჩვენი პარტნიორის მხრიდან თანამედროვე შეიარაღების ანტისატანკო სისტემების გადმოცემა საქართველოსთვის. ასევე, გაზრდილი ფინანსური დახმარება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან და რა თქმა უნდა ამბიციური და მასშტაბური პროექტი, რომელსაც ჰქვია თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც 2018 წელს დაიწყება და ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის 9 სამანევრო ბატალიონის ნატოს სტანდარტებთან თავსებადი შიარაღებით და შესაბამის წვრთნებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები გადასულია თვისობრივად ახალ ეტაპზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, და როგორც თავდაცვის მდივანმა განაცხადა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან საუბარისას, მიღწეული იქნა შეთანხმება ნორვეგიაში ვიზიტის შესახებ, მრავალეროვნული წვრთნების ჩატარებაში საქართელოს მიერ ნორვეგიის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე, შეთანხმება სკანდინავია-ბალტიისპირეთის სტრატეგიული უსაფრთხოების დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის გააქტიურების თაობაზე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ მიუნხენის კონფერენციის შეხვედრები და შედეგები გვაძლევს აბსოლუტურ საფუძველს დავასკვნათ, რომ ეს თანამშრომლობა ნატოს წევრ ასევე, პარტნიორ სახელწიფოსთან იქნება ძალიან პროდუქტიული მომდევნო წლების განმავლობაში, რაც უდავოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების დაცულობას. თავდაცვის სფროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაღალი ინტერესი ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში და გაზრდილი მხარდაჭერის პროგრამები - ეს არის საქართველოს მოსახლეობისადმი, ქართული დემოკრატიისადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა და პირდაპირი პასუხი იმ მტკიცე, გაბედულ, პროგრესულ და ქმედით ნაბიჯენზე, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა თავდაცვის უწყებაში, რამაც კიდევ უფრო აამაღლა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, მთლიანად მოახდინა ჩვენი თავდაცვის სისტემის გადააზრება, ტრანსფორმაცია და კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა და მის მიერ პოტენციური აგრესიის შეკავების შესაძლებლობების ხარისხი და ამის ნათელი დადასტურება გახლდათ წინა კვირას თავდაცვის უწყების პირველი პირის მიერ ჩვენი კომიტეტისთვის წარმოდგენილი ანგარიში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა, ირაკლი აბესაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება სხვადასხვა პრობლემის მოუგვარებლობის გამო გააკრიტიკა და ამ კონტექსტში მედიკამენტების პროგრამაზე ისაუბრა, რომლითაც მისი თქმით, ძალიან ცოტა ადამიანმა ისარგებლა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა თავის განაცხადებაში პრეზიდენტისა და მისი თანამოაზრეების მიერ „სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ქართული სასამართლო ავტორიტეტული ექსპერტებისგან და ორგანიზაციებისგან უმაღლეს შეფასებებს და აღიარებებს იღებს.

დეპუტატის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემის დაკნინების მცდელობა, ადეკვატურად აისახება იმ ადამიანების პოლიტიკურ მომავალზე, ვისაც საკუთარი ამბიციები უფრო აინტერესებს, ვიდრე ქვეყნის კეთილდღეობა და განვითარება.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომპანია „არემჯი გოლდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„გამოქვეყნდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დაფინანსებული კვლევა, სადაც საუბარია, როგორც წყლის დაბინძურებაზე, ასევე ნიადაგის ძალიან სერიოზულ დაბინძურებაზე, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ადამიანების ძალიან სერიოზული ხიფათი და ჯანმრთელობის გაუარესება. ამ პირობებში, ეს კომპანია ახლა, დღეს და გუშინ ითხოვს ე.წ. „გამოსატუტი“ მოედნების გაფართოებას“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ თავის განცხადებაში საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრების არჩევისას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დაიცვან.

ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პლენარულ სხდომაზე აზებაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რადგან ოპოზიციასა და პოზიციას შორის გამოძიების მიმართ ნდობის სხვადასხვა ხარისხია, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით.

პარლამენტის წევრთა განცხადებების შემდეგ, პლენარული სხდომა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე“ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვით გაგრძელდა.

მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა წარმოადგინა და ის არგუმენტები წარმოადგინა, რომლითაც პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადების დროს იხელმძღვანელა. მისი განმარტებით, ვეტო კანონპროექტის იმ ნაწილებს ეხება, რომელთა კანონად გადაქცევაც, პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სიკეთეებს შეუქმნის საფრთხეს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემთხვევაში, კომერციული მედიასაშუალებების დამოუკიდებლობა და ეფექტურობა დაზარალდება, გარდა ამისა, მათ პრობლემა შეექმნებათ ფინანსური კუთხითაც.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. მისივე თქმით, კანონპროექტი საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციის რისკს შექმნის.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები მედიაბაზარზე უთანასწორო კონკურენციას გამოიწვევს და გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მედიაგარემოზე, არამედ ადგილობრივ დემოკრატიაზეც. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებთან და შემოთავაზებული ცვლილებები თავად კანონის გაცხადებულ მიზანს ლახავს. ანა ნაცვლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების მსგავსად, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი.

მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

საკითხზე თანამომხესენებელმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განმარტა პოზიცია, რის გამოც კომიტეტმა კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

მან ასევე განმარტა ის არგუმენტები, რის საფუძველზეც არ მოხდა მისი მხრიდან პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება. „აქ საკითხი დგას ასე და ესეც იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ შემოთავაზებულ ცვლილებებს: იმიტომ, რომ არსებობს ევროკავშირის სპეციალური დირექტივა, რომელიც საგამონაკლისო წესებს ადგენს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა კანონპროექტში, არის შესაბამისობაში ევროკავშირის იმ დირექტივასთან, სადაც დგინდება ეს საგამონაკლისო წესი და აღნიშნული კანონპროექტის საგამონაკლისო თემებიც შესაბამისობაში არის იმასთან. ეს იყო მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ ვეტოს არ დავუჭირეთ მხარი“, - განაცხად რომან კაკულიამ.

მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, ცალკეულმა დეპუტატებმა საკუთარი, ასევე ფრაქციების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციები წარმოადგინეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, სამწუხაროა როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავითარებს ისეთ ლოგიკას, როდესაც მტრის ხატი იქმნება და ხდება კერძო მედიასაშუალებების დაპირისპირება საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მისივე თქმით, ასეთი არგუმენტების ფონზე, ვეტოს დაძლევა სწორი გადაწყვეტილებაა.

„აქ უფრო იკითხება შეტევა მაუწყებელზე, როგორც კონკურენტზე. ასეთი გამოსვლის და ასეთი არგუმენტების ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ ყოფილა ჩემი და ჩემი კოლეგების თვითმიზანი ვეტოს დაძლევა, მიმაჩნია, რომ ვეტო უნდა დაიძლიოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შანსი მიეცეს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ წარადგინა. მან მაუწყებლის კანონით შეთავაზებული ცვლილებები უარყოფითად შეაფასა.

„ის, რაც დღეს ხდება, არ ეხება მარტო მედიას, მედიასაშუალებებს. ეს ეხება ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. თუ როგორი ტიპის საზოგადოებრივი მაუწყებელი გვექნება ჩვენ“, - განაცხადა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ირმა ინაშვილმა.

მისი განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, წლების განმავლობაში ვერ მოახერხა კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა, საზოგადოებრივი ინტერესების ასახვა და რეიტინგის აწევა და მიზანი ამ შემთხვევაში არის მისი დახმარება განვითარებაში.

ირმა ინაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, ცვლილებათა იმ პაკეტით, რაც არის წარმოდგენილი, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. „საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი უნდა შენარჩუნდეს და უნდა განვითარდეს, მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იდეაზე, პრიორიტეტებზე და კონცეფციაზე, თუ რას უნდა სთავაზობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს. სწორედ იმის გამო, რომ კომერციული რეკლამის მოზიდვის და განთავსების კუთხით, ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, დაირღვეს მედიაპლურალიზმი და მოისპოს ჯანსაღი კონკურენციის პირობები, ჩვენი ფრაქცია წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა მაუწყებლის შესახებ კანონში კომერციულ რეკლამასთან და სტარტაპებთან დაკავსიორებული ცვლილებები კრიტიკულად შეაფასა.

ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სახელით, კოლეგებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, კანონპროექტი ზიანს მიაყენებს რეგიონულ მაუწყებლებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი შესყიდვებთან და სტარტაპებთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც შეეხო.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ამ არგუმენტებს მოისმენთ და გაიაზრებთ, აქ არ არის საუბარი ერთჯერად გადაწყვეტილებაზე. ეს არის მთლიანად დაფინანსების სისტემის ცვლილება და ეს მიმართულია როგორც კერძო მაუწყებლების, ისე თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ და ეს ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს ეწინააღმდეგება“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის სახელით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გაახმოვანა.

„არ მინდა, რომ ამ პოლიტიკურ დისკურსში შევყვე ოპონენტებს, არ ვფიქრობ, რომ ახლა იქნება რაიმე თვალსაზრისით სასარგებლო ამ პროცესისთვის ან მაყურებლისთვის, რომელიც ამ პროცესს აკვირდება. ვაპირებ, რომ ძალიან მოკლედ შევახსენო მათაც და იმ ადამიანებსაც, ვისთვისაც საინტერესოა ჩვენ რა ცვლილებებს ვუჭერთ მხარს, რა მივიღეთ და რამდენად წაადგება ეს მაუწყებელს - ეს არგუმენტები იყოს უფრო ნათლად ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, პროცესის პოლიტიზირება იმაზე მეტად მოხდა, ვიდრე ეს ახლავს პროცესს, რომელიც ისედაც არის პოლიტიკური შინაარსით დატვირთული და პრეზიდენტის ვეტომ უფრო მეტად გაზარდა პროცესის პოლიტიკური შინაარსი. ეკა ბესელიამ კიდევ ერთხელ წარმოადგინა არგუმენტები იმ ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მეტად გახდა ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი.

კომიტეტის თავმჯდომარემ კომერციული რეკლამის საკითხთან დაკავშირებით კოლეგებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დასკვნაში ასახული, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის, ინგრიდ დელტერნის შეფასება გააცნო, სადაც აღნიშნული ცვლილება მკვეთრად დადებითად არის შეფასებული.

„ამდენად, ყველა ეს სტანდარტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორი ექსპერტიზით და მესამე იყო ასევე კომენტარები ყველა ცვლილებასთან დაკავშირებით, ამბობს ერთ რამეს, რომ ის აბსოლუტურად თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან. ამიტომ, ეს ყიჟინი, ოპონენტების მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი იმ რეალობასთან, რაც არის სტანდარტი და როგორადაც მიიჩნევენ მას იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ ნამდვილად დემოკრატიულ სტანდარტებს და ფასეულობებს სცემენ პატივს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან განმარტება სარეკლამო შემოსავლების შედარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„ჩვენ მივიღეთ ის ცვლილებები, რაც მე მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას დაუჭერს მხარს, გააძლიერებს, რომ შედეგი მიიღოს საზოგადოებამ. შეასრულოს საზოგადოებრივი ინტერესი და მისაღები და ხელშესახები იყოს საზოგადოებისთვის. ეს არის ერთადერთი მოტივაცია, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით და ვიელმძღვანელებთ დღესაც გადაწყვეტილების მიღების დროს“-განაცხადა ეკა ბესელიამ გამოსვლის დასასრულს.

საკითხზე მსჯელობა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეაჯამა. „როგორც მოგეხსენებათ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გავმართე შეხვედრები მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და მოგახსენებთ იმ შედეგების თაობაზე, რომელიც ქონდა ამ განხილვას.
ცვლილებების მიზანი არის ის, რომ არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი პრაქტიკულად ნულოვან რეიტინგში. რეიტინგიც არ არის აქ მთავარი. მთავარია სოციალური გავლენა. ანუ, ნულოვან სოციალურ გავლენაში არ უნდა გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ამ ვითარებას ესაჭიროება, ბუნებრივია, ცვლილება და ზუსტად ამ ცვლილებას ემსახურება მათ შორის ის ორი ასპექტი კანონპროექტის, რომელიც არის დღეს ვეტოს საგანი. მომდევნო წელიწად ნახევრის განმავლობაში დავაკვირდებით მედიაბაზარს და თუ მოხდება რაიმე პრობლემის იდენტიფიცირება მედიაბაზარზე კერძო მაუწყებლებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ჩავერევით საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე.

და ბოლოს ვიტყვი, რომ მედიაპლურალიზმი არის ის, რაც 2012 წლამდე არ იყო საქართველოში, იყო სრული მონოპოლია მედიის სფეროში და მედია პლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც დადგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით, და ამ მიღწევას ჩვენ კვლავაც განსაკუთრებულად გავუფრთხილდებით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 75-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე კი დეპუტატებმა ვეტო 83 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაძლიეს.

პლენარულ სხდომაზე, დღესვე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, თანმდევ პაკეტთან ერთად განიხილეს. პროექტით გათვალისწინებული სიახლეები კოლეგებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარუდგინა. მომხსენებელმა ცვლილებათა პაკეტის მომზადების მიზეზები განმარტა. „სასამართლო რეფორმის სამი ეტაპის განხორციელების შედეგად, ჩვენ გავაანალიზეთ სამივე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგები და მათ შედეგად გვაქვს მნიშვნელოვანი რეალობა, სიახლეები და თამამი და გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები. დარჩენილი საკითხების და გამოწვევების დასაძლევად შექმნილია ახალი სამუშაო ფორმატი, რომელშიც ჩართულია ხელისუფლების სამივე შტო. ასევე, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები. მთავარი საკითხი, რის საფუძველზეც შეიქმნა ცვლილებები, არის საქმეთა ნაკადის მართვა, ანუ სწრაფი მართლმსაჯულება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მომხსენებლის განმარტებით, პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) უფლებამოსილებებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, გათვალისწინებულია მისი კომპეტენზია, საქმიანობის თავისებურებანი და დამოუკიდებლობის გარანტიები, აგრეთვე განისაზღვრება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც. სასამართლოს შესაბამისი მოხელეს (მაგისტრს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლოში განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. ზუსტდება სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულების წესი და პირობები. ასევე ზუსტდება მოსამართლის შვებულებასთან დაკავშირებული მითითებითი ნორმა. პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის ამოქმედებისთანავე საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეები (მაგისტრები) იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები საერთო სასამართლოების შესაბამისი მოხელეების (მაგისტრების) დანიშვნამდე, რომლებიც უნდა დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში) მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენისთვის პროექტის ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე იურიდიულ დახმარებას განახორციელებს აგრეთვე უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ, საქართველოს შრომის კოდექსიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საკითხებზე. მომხსენებლის განმარტებით, შესაძლებელი ხდება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევაში. დგინდება კონკრეტული მოთხოვნები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენ კანდიდატთა მიმართ, განისაზღვრება და ყოველწლიურად, დამნიშვნელი სუბიექტების მიერ, 1/3-ით განახლდება იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების როტაციის წესი. გარდამავალი დებულებით კი თავდაპირველად აღნიშნული როტაციის განხორციელების ერთჯერადი წესი დგინდება. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენის დროს გამოთქმული რედაქციული ხასიათის შენიშვნები პროექტში სრულად არის ასახული.

კანონის ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 მარტი განისაზღვრა.

პლენარულ სხდომაზე, დღესვე, მთავრობის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე სარატიფიკაციო დუკუმენტი განიხილეს.
საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განსახილველად, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარადგინა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების -„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, განხილვის შედეგად კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ადვოკატებთან ერთად და წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს სიახლეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით.
კანონპროექტის თანახმად, საადვოკატო საქმიანობის პრინციპებად განისაზღვრება სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების პატივისცემა, პროფესიული კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; ადვოკატთა ტესტირება იცვლება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდით; განისაზღვრება ადვოკატის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების განსაკუთრებული (გამონაკლისი) შემთხვევები. ცვლილების მიხედვით ადვოკატობის მსურველთათვის გათვალისწინებული სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლის მოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5 წლისნი გამოცდილება; ცვლილება ეხება ადვოკატთან სტაჟირების გავლის წესს და ხელმძღვანელი ადვოკატის არჩევის პროცედურას; კანონიდან ხდება გამოცდისთვის დადგენილი საგნების ჩამონათვალის ამოღება; განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის უფლება-მოვალეობები, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი; ცვლილება ეხება ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების პროცედურებს, ამ პროცესში ეთიკის კომისიის ჩართულობას და განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების განხილვის წესი. აგრეთვე გათვალისწინებულია მაღალი სტანდარტი ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების კუთხით.

სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, რომლებიც სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ წარადგინა.

რეგლამენტის პროექტით წესრიგდება პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარკვეული საკითხები, ასევე პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით განისაზღვრება ის წესები, რაც პარლამენტის წევრმა თავის საქმიანობაში უნდა გაითვალისწინოს. კოდექსს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. რეგლამენტის პროექტი, ასევე ითვალისწინებს ეთიკის საბჭოს შექმნის წესსა და პირობებს, მისი საქმიანობისა და შემადგენლობის განსაზღვრის თავისებურებებს. პროექტით გათვალისწინებულია პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში შესაძლო დისციპლინური სანქციები.

პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცება საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტით ხდება.

წარმოდგენილი ცვლილებების მიმართ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა დააფიქსირა. მან ასევე პროექტის ინიციატორს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ირინა ფრუიძეს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს, ირინა ფრუიძეს, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტში, ჩვენი პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალეობის და მოქალაქეებისთვის ჩვენი საქმიანობის ხელმისაწვდომობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პარლამენტს ეს ძალიან ჭირდება. და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი შეფასებებით, უწყებებს შორის პარლამენტი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უწყება, რაც დიდი პლუსია ჩვენთვის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პლენარული სხდომა ხვალ, 22 თებერვალს, 12 საათზე გაიმართება.