პარლამენტის პლენარული სხდომა

21 აპრილი 2017
პარლამენტის პლენარული სხდომა

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2016 წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა წარმოადგინა. 

მომხსენებლის განმარტებით, ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ მოახდენენ ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციას, რომელიც ფარავს ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის, კონკურენციის, განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის, ნავთობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის სფეროებს. „საკმაოდ მრავალფეროვანი ფორმატია წარმოდგენილი ამ ხელშეკრულებაში იმ მიზნით, რომ განხორციელდეს ხელშეკრულების საკვანძო პრიორიტეტები და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნას რეგიონული ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი“, -განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე კანონპროექტები. კანონპროექტი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონი დაარეგულირებს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ღონისძიებებს, არამედ იგი გავრცელდება, ზოგადად, ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.

ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა როგორც ქალის საზოგადოებრივ, ისე მის პირად ცხოვრებაში.

ცვლილება შედის იმ მუხლებში, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის, ასევე ძალადობის პრევენციის ღონისძიებებს და გარანტიებს და აღნიშნული აგრეთვე გავრცელდება ძალადობის მსხვერპლ ქალებზეც. ცვლილება ეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესს და აღარ არის გათვალისწინებული მისი სასამართლოს მიერ დამტკიცების საკითხი. გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების ცალკეული ღონისძიებები, აგრეთვე რეგულაციები გარდამავალი პერიოდისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული პაკეტის პარლამენტში შემოსვლამდე უდიდესი მუშაობა გასწია. „თქვენი მხრიდან არსებობდა მზაობა, რომ ბევრ საკითხზე კონსესუსი ყოფილიყო. მინდა იცოდეს საზოგადეობამ, რომ ჩვენ შეგვიძლია მართლაც ვიამაყოთ, რომ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი კონვენცია, რომლის რატიფიცირებასაც ვახდენთ და თანმდევი ცვლილებები, რომელიც უფლებების დაცვის გარანტიის თვალსაზრისით საუკეთესო სტანდარტს იძლევა“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, კონვენცია ახდენს ძალადობის შემცირების პრევენციას საკანონმდებლო დონეზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკანონმდებლო პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია, მასზე მუშაობა ხანგრძლივად მიმდინარეობდა. „ეს არის ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი“, -განაცხადა თამარ ჩუგუშვილმა.

ალექსანდრე ბარამიძემ მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ყველა იმ დეპუტატს, ექსპერტს, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობაში მონაწილეობდა.

პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ და გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ წარმოადგინა.

წარმოდგენილი პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი. პროექტით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციას, ხოლო მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აწარმოე საქართველოში“.

აქვე განისაზღვრება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი. სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, აღნიშნული პაკეტი გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით უნდა განხილულიყო, რადგან ძალადაკარგულად ცხადდება, თუმცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტში შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებიცაა, ამიტომ მისი განხილვა 3 მოსმენით უნდა მოხდეს. გიორგი კახიანის მოსაზრებას დაეთანხმა თამარ ჩუგოშვილი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა გიორგი კახიანის შენიშვნას.

კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა წარმოადგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი და გადატანილსაჭიანი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის დაუშვებლობას. კანონპროექტით ხდება მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღება, აღნიშნული ქულები შემცირდება განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში.

შალვა ხუციშვილმა წარმოადგინა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც მისი თქმით, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებას გულისხმობს უკანანო იარაღთან დაკავშირებით. ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს, რომელსაც შალვა ხუციშვილის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ უპასუხა. მისი განცხადებით, აღნიშნულ პროექტზე პარლამენტი დიდი ხანია მუშაობს. მისივე თქმით, შენიშვნები, რომელიც კომიტეტს სასჯელის ზომებთან დაკავშირებით ჰქონდა, ინიციატორმა გაიზიარა. „ვერსია, რომელსაც განვიხილავთ, პრევენციის შესაბამისია, მასში გათვალისწინებულია კომიტეტის შენიშვნები სასჯელთან დაკავშირებით, რომ ყოფილიყო უფრო პროპორციული სასჯელები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ერთი მოსაზრება, რომელსაც მეორე მოსმენისას დავუბრუნდებით, საბრძოლო მასალის შენახვის საკითხს ეხება, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში გადავიტანოთ მცირე ოდენობა, ხოლო გარკვეული ოდენობის ზემოთ - სისხლის სამართლის წესით იყოს დასჯადი. ეს არ არის პრინციპების დონეზე განსახილველი და მასზე მუხლობრივად განხილვისას ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი მოსაზრებით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება მომეტებული საფრთხის წყაროა. „ამიტომ პრევენციის თვალსაზრისით ჩვენ დავუჭირეთ მხარი წარმოდგენილ ვარიანტს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დღესვე განიხილეს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ კონვენციის არსზე და ჩვენი ქვეყნისათვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელი გახდა, რომ საქართველომ საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების დიაგონალური კუმულაციის პრინციპით ისარგებლოს. ქვეყნიდან, რომელთანაც გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, იმპორტირებული სამრეწველო ნედლეულის გადამზადება მოხდება საქართველოში.

„ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე. აღნიშნულ კონვენციაზე მიერთება მოგვცემს საშუალებას საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის გამოვიყენოთ დიაგონალური კუმულაცია - თურქეთში წარმოშობილი ნედლეული გამოვიყენოთ საქართველოში პროდუქტის საბოლოო წარმოებაში და შემდეგ იგი გავიტანოთ ევროკავშირში, როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქტი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2017 წლის 21 აპრილი