პარლამენტის პლენარული სხდომა

30 სექტემბერი 2020
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტთან ერთად.

კანონპროექტის მიხედვით, ხდება იმ რეგულაციის გადავადება, რომელიც გარდამავალი პერიოდის სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისთვის და ნაცვლად არსებული 2021 წლის 1 იანვრისა, აღნიშნული რეგულაციებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 1 იანვრამდე.

კერძოდ, იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელი იქნება რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი, 2022 წლის 1 იანვრამდე.

ამასთან, ოქროს სიაში შეყვანით პირს 2022 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით, ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრისა.

აგრეთვე, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, მიიჩნევა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად 2022 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად არსებული 2020 წლის 1 სექტემბრისა.

პროექტი ითვალისწინებს ასევე საბაჟო ორგანოსთვის საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისაგან განთავისუფლების 2022 წლის 1 იანვრამდე გადაწევას, ნაცვლად 2020 წლის 1 სექტემბრისა.

კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსის X წიგნის მოქმედების შეჩერებასაც 2022 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, ხდება საბაჟო ვალდებულებისგან საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გათავისუფლების მარეგულირებელი დებულებების შეჩერება.

საბაჟო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 83 ხმით მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.

„ჩვენ, პრინციპულად, ამ ორგანული კანონის პროექტში შევიტანეთ ისეთი სახის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს გასაჩივრების წესის შემოღებას და ასევე,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან დასაბუთებულობის პროცედურის შემოღებას“, - განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტმა 88 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი - საქართველო 12Q)“ პირველი ცვლილების“ რატიფიცირების შესახებ“.

შეთანხმება, რომელში შესატანი ცვლილებაც პარლამენტმა განიხილა, ითვალისწინებდა საქართველოსთვის 90 მილიონი ევროს გამოყოფას. აქედან, 60 მილიონი ევრო იყო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის და მისი განმკარგავი იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი,  ხოლო  30 მილიონი ევროს -  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  და ის განათლების ხარისხზე იყო მიმართული. 

მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის  თანადაფინანსება უნდა ყოფილიყო 20%-ი, თუმცა წარმოდგენილი ცვლილებით პროექტს 100%-ით  რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო  ბანკი დააფინანსებს.

პარლამენტმა 90 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს) და ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის 150 მილიონ ევრომდე)“ და „საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს) და საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) და ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს) შორის სასესხო შეთანხმების (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის)“ რატიფიცირების შესახებ“.

მემორანდუმი ითვალისწინებს 150 მილიონი ევროს გამოყოფას საქართველოსთვის. აქედან, 75 მილიონი ევრო გადმოირიცხება მიმდინარე წელს, ხოლო მეორე 75 მილიონი ევრო გადმოირიცხება 2021 წლისთვის და ამისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, გარკვეული მიმართულებებით, გასატარებელი იქნება რეფორმები, რაც ითვალისწინებს  საკანონმდებლო ცვლილებებს და მიღებული კანონების პრაქტიკაში ასახვას.

პარლამენტმა 83 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ რატიფიცირების შესახებ“.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის სესხის სახით 35.7 მილიონი ევროს გამოყოფას.

აღნიშნული თანხა მიემართება ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხაზების მშენებლობისთვის. პროექტი განსაზღვრულია საქართველოს რეგიონებისთვის. სესხის ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 14 წელია. 

როგორც სხდომის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომ, როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, პარლამენტში პლენარული სხდომები არ იმართება, თუმცა საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და დეპუტატებსაც მანდატი უნარჩუნდებათ ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის გამართვამდე.

„ამ წესით, ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალება ეძლევა წინასაარჩევნო კამპანიაში, ბოლო ერთი თვის მანძილზე, აქტიურად ჩაერთოს და შეძლოს მისი სრულფასოვნად განხორციელება. შესაბამისად, დღეს IX მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულებულია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.