პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

01 ივლისი 2020
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 91 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძის, ანრი ოხანაშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი.

საკითხი თანმდევ პროექტებთან ერთად, განსახილველად, ერთ-ერთმა ინიციატორმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება განპირობებულია საარჩევნო კოდექსის ნორმების მაქსიმალურად დახვეწის, მასში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საქართველოს კონსტიტუციასთან მისი სრულად ჰარმონიზაციის მიზნით.

„საქართველოს ხელისუფლება უკვე ერთი წელია მუშაობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს ეფუძნება. პროექტის მიზანია საარჩევნო კოდექსისა და თანმდევი კანონების გადასინჯვა და საქართველოში უკეთესი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. სწორედ, ამ სულისკვეთებით არის გაწერილი თითოეული ის ნორმა, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ირაკლი კობახიძემ სფეროების მიხედვით წარმოადგინა ის ძირითადი ცვლილებები, ზოგადი დებულებები და პრინციპები, რომლებიც ასახული არის საარჩევნო კოდექსსა და თანმდევ კანონებში.

საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან წარმოდგენილი შემდეგი სახის ცვლილებები:

  • ქვედა დონის (საუბნო) საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მიუკერძოებლად, პარტიული ინტერესებისგან განყენებულად წარმართვას;
  • საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. კერძოდ, ზუსტდება პირების წრე, რომლებიც ოჯახის წევრთა შორის იგულისხმებიან. აგრეთვე, ემატება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება იმ პირის პროფესიული ნიშნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა, რომელიც წინა საერთო არჩევნებზე კომისიაში პარტიული ნიშნით იყო განწესებული;
  • მეტი გამჭვირვალობისათვის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება არამხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის (შერჩეულ) წევრთა სია, არამედ სრული სია იმ აპლიკანტებისა, რომლებმაც წარადგინეს განაცხადი შესაბამისი კომისიის წევრობაზე.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების მეორე სფერო, რომელსაც არეგულირებს წარმოდგენილი პროექტი ეხება მედიაკამპანიას და საეთერო დროს:

  • პროექტში უფასო საეთერო დროის მოსაპოვებლად დადგენილი „ბარიერის“ შესახებ გათვალისწინებულია 2 პუნქტი: პირველი პუნქტი გარდამავალ პერიოდზე იქნება ორიენტირებული და დაადგენს, რომ უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც ბოლო (2020) საპარლამენტო არჩევნებში გადალახავენ კონსტიტუციით დადგენილ ბარიერს (პარტიებისთვის 1%); ხოლო მეორე პუნქტი - ამოქმედდება 2024-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და დაადგენს 3%-იან ბარიერს. 2020- ის საპარლამენტო არჩევნებისთვის იმოქმედებს კანონმდებლობაში ამჟამად მოქმედი პრინციპი (უფასო საეთერო დროს მიიღებს 19 კვალიფიციური პარტია);
  • მაუწყებელი ვალდებული იქნება ცესკოსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, გადასცეს საეთერო დროის ტარიფები, რომელთა გადახედვა (პირველი ტურის ფარგლებში) შესაძლებელი იქნება ერთხელ. მკაფიოდ დგინდება შესაბამისი ვადები („პირველადი“ ტარიფი ძალაში შევა კენჭისყრამდე 50-ე დღიდან; ტარიფის გადასინჯვის შემთხვევაში, ახალი ტარიფი ამოქმედდება კენჭისყრამდე 30-ე დღიდან);
  • წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. ზუსტდება, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირების აკრძალვის შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა;
  • პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას დგინდება სუბიექტის სახელწოდების/საარჩევნო ნომრის ვიზუალიზაციის პარამეტრები. კერძოდ, რეკლამის გაშვებისას შესაბამისი სიმბოლოები უნდა ფარავდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. რეკლამის დასასრულს, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში, მკაფიოდ უნდა იქნას ნაჩვენები სუბიექტის სახელწოდება/საარჩევნო ნომერი;
  • მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად;
  • 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 რეგიონულ მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები;
  • რეკლამის განთავსების წესის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას მოახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ცესკო-ს თავმჯდომარე, ხოლო მაუწყებლებს - უშუალოდ კომუნიკაციების კომისია დააჯარიმებს ღია სხდომაზე.

მომხსენებლის განმარტებით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია წარმოდგენილი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

  • კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში;
  • კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას და დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

„აქ იყო წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ჯობდა მთლიანად ადამიანის დაყოვნება ყოფილიყო აკრძალული 25-მეტრიან რადიუსში, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა კონტრარგუმენტი, რომელიც პირველ რიგში, უკავშირდებოდა მენეჯმენტის შეუძლებლობას, ამ შემთხვევაში ამ ნორმის აღსრულება იქნებოდა სრულიად შეუძლებელი. შესაბამისად, ვერ გავწერდით ნორმას რომლის აღსრულებაც ვერ მოხერხდებოდა“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

  • ემატება მკაფიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესამე მხარისაგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება შემოწირულობად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი;
  • აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც.
  • აუდიტის სამსახური მონიტორინგის განხორციელებისას გამოიყენებს ელექტრონული დოკუმენტთბრუნვის სისტემას/ელექტრონულ ხელმოწერას;

ირაკლი კობახიძემ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის კუთხით გათვალისწინებულ ცვლილებებზეც ისაუბრა, კერძოდ:

  • საჯარო სკოლების პედაგოგებზე, აგრეთვე, სსიპ-ებისა (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა) და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებზე გავრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებზე (სამუშაო საათებში ვერ ჩაერთვებიან წინასაარჩევნო აგიტაციაში);
  • კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას;

რაც შეეხება საარჩევნო დავების განხილვას, ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი რეგულაციები:

  • დგინდება შემჭიდროვებული ვადები ცესკოსთვის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენასთან დაკავშირებით (საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე 10-დღიანი ან 2-დღიანი ვადები);
  • სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან, სამართალდარღვევის ბუნების გათვალისწინებით, 2 დღეს ან 10 დღეს.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წარმოდგენილია დაზუსტებული რეგულაციები. კერძოდ:

  • კოდექსით მკაფიოდ დგინდება მე-2 ტურის ჩატარების ვადები და გასატარებელი ღონისძიებები, კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების დროს მეორე ტური ტარდება სამი კვირის თავზე;
  • მაუწყებელს მეორე ტურისთვის ექნება რეკლამების განთავსებისთვის დადგენილი ტარიფის ერთხელ გადასინჯვის შესაძლებლობა;
  • უფასო საეთერო დრო მეორე ტურში შესაბამისი პროპორციით გადანაწილდება მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტზე, მიუხედავად იმისა, პირველი ტურში სარგებლობდა თუ არა კონკრეტული სუბიექტი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით (მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატებიც).

გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შემოთავაზებულია შემდეგი სახის ცვლილებები:

  • 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ;
  • 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი)

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონცეპტუალურად გენდერული კვოტირება განიხილება, როგორც დროებითი ზომა, აქედან გამომდინარე, კვოტები გაწერილია სამი მოწვევის პარლამენტისთვის.

წარმოდგენილი ცვლილებებით ახალი რეგულაციები დგინდება სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, კერძოდ:

  • კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედია ორგანიზაციას უფლება ექნება საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა, რომელიც იმავდროულად ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი;
  • მხარდამჭერთა სიების ბლანკების წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახითაც, რაც ქმნის ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტიან მექანიზმს.

მომხსენებლის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში, გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, მიღებული კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, ხორციელდება ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას შერეული სისტემით - პარლამენტში 120 წევრი აირჩევა პროპორციული, ხოლო 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესის განსაზღვრა. აღნიშნულის თანახმად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება (თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის).

ირაკლი კობახიძის განმარტებით, წარმოდგენილია კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ეხება პანდემიიდან გამომდინარე მისაღებ ზომებს რაზეც დეტალური მსჯელობა საკითხის მეორე მოსმენით განხილვის დროს გაიმართება. მისი განმარტებით, ცესკო-ს ასევე წარმოდგენილი ჰქონდა ცალკე საკანონმდებლო ცვლილება, სადაც ძირითადად ტექნიკური ხასიათის რეგულაციები იყო წარმოდგენილი და ეს წინადადებაც არის ასახული პროექტში. მისივე თქმით, რამდენიმე ინიციატივა იყო წარმოდგენილი საკითხის საკომიტეტო მოსმენისას, რომელთა ნაწილი სავარაუდოდ უკვე მეორე მოსმენით განხილვისას აისახება. მისი განმარტებით, ერთ-ერთი ეხებოდა, გენდერული თანასწორობისთვის დანამატის მიზნობრივად გამოყენებას.

„კერძოდ, შემოთავაზება იყო, რომ თუ თანასწორობის უკეთ დაცვისთვის მიიღებს პარტია ფინანსურ დანამატს, მაშინ ეს დანამატი უნდა იყოს გამოყენებული ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის. შესაძლებელია ეს ინიციატივა გავიზიაროთ თუმცა, შესაძლოა, აქაც აღსრულების კუთხით წარმოიშვას პრაქტიკული პრობლემები თუმცა, შეგვიძლია ამაზე შევჯერდეთ და ავსახოთ ეს ყველაფერი საარჩევნო კოდექსში. ასევე, იყო ინიციატივა იმის თაობაზე, რომ რადგან გენდერული კვოტები არის დროებითი ზომა, რომელიც პარლამენტის შემთხვევაში ვრცელდება სამ მოწვევაზე, ეს გავრცელდეს საკრებულოს შემთხვევაშიც სამ მოწვევაზე. ესეც შეიძლება გავიზიაროთ. ასევე, იყო ინიციატივა, იმის თაობაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარდამჭერთა ელექტრონული სიების წარდგენა აღარ მოეთხოვებოდეს - ჩვენ ესეც შეგვიძლია გავიზიაროთ. ასევე იყო ინიციატივა იმის თაობაზე, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის გადაგვევადებინა 5000 ხელმოწერის შეგროვების ვადა და ჩვენ შეგვიძლია 1 აგვისტოს ნაცვლად საბოლოო ვადად გავწეროთ 15 აგვისტო. ეს წინადადებები შეგვიძლია კანონში ავსახოთ საკომიტეტო სხდომებზე საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო კოდექსის გარდა, ცვლილებები, ასევე, შედის ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ძირითადი ცვლილება ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას.

„ჩვენ დავადგინეთ ძალიან სამართლიანი და მარტივი წესი, კერძოდ: პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში თითოეული ხმისათვის ,პოლიტიკური პარტია წლის განმავლობაში მიიღებს დაფინანსებას 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, თუ რომელიმე პარტია აიღებს დაახლოებით სამ პროცენტს არჩვენებში, რაც უდრის დაახლოებით 50 ათას ხმას, ამ შემთხვევაში, ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 ათას ლარს. ამას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%. დაახლოებით, შესაბამისად, 1 მილიონიანი დაფინანსება შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3%-ის მიღების შემთხვევაში. რაც უფრო მეტად იზრდება მისი შედეგი, მით უფრო იზრდება დაფინანსება თუმცა, ყოველი შემდეგი ხმისთვის პარტია იღებს 5 ლარის ოდენობის დაფინანსებას. შესაბამისად 3-4-5-10%-ის შემთხვევაში პარტია ყოველწლიურად იღებს საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას, რომლის განაწილება მას შეუძლია რაციონალურად იმისთვის, რომ დაგეგმოს რეგულარული ხარჯები, მიმდინარე ხარჯები და ასევე საარჩევნო კამპანიის დროს გასაწევი ხარჯები. ეს ფორმულა ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის რომ დაფინანსება გამოიყოფა საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. მისივე განმარტებით, ბლოკების შემთხვევაში დაფინანსება განაწილდება თანაბრად, საარჩევნო სუბიექტში ბლოკშიო შემავალ პოლიტიკურ პარტიების შორის.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მეტწილად ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება.

ცვლილება შედის ასევე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“. განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად:

  • ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში მკაცრდება რეგულირების მექანიზმი, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემაც1 სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას (დაჯარიმებას) გამოიწვევს.
  • რაც შეეხება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემებისა თუ ინფორმაციის, საკუთარი და ასევე მხარდამჭერი პირის ხელმოწერის გაყალბებას, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება მხოლოდ ჯარიმა.

ცვლილება შედის ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ირაკლი კობახიძის განმარტებით, განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კამპანიის დროს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად.

საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ სხდომის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

ცალკეული დეპუტატების გამოსვლები

გუგული მაღრაძე: „1999 წლიდან სულ შემოდის გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით დროებითი წამახალისებელი ზომების საკითხი და ვერცერთმა პარლამენტმა ვერ შეძლო და ვერ გადალახა ეს მასკულინური ბარიერი. საქართველოს 70%-ზე მეტი მხარს უჭერს, რომ ყოველი მესამე სიაში იყოს ქალი. როცა ლაპარაკია იმაზე, თუ რატომ არის ეს საჭირო, საჭიროა, რადგან, რაც შეიძლება სრულად იყოს წარმოდგენილი როგორც ქალი მოსახლეობის, ისე მამაკაცი მოსახლეობის ინტერესები, ამიტომ ვლაპარაკობთ ბალანსზე და არა იმაზე, რომ მეტი ქალი იყოს. კრიტიკული მასის სოციოლოგიური თეორიიდან გამომდინარე, თუ 30%-მდე არ არის წარმომადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების დროს, მისი ხმა არ არის ხოლმე სათანადოდ გათვალისწინებული, აი ამიტომ არის ეს 30%-იანი კვოტა. თუ კი ჩვენ ბუნებრივად ამ პროცესს დავუცდით, კვლევების მიხედვით, 40 წელი დასჭირდება იმას, რომ თავისთავად, თვითრეგულაციით მივიდეს პარტიებამდე. სახელმწიფო პოლიტიკის გატარება როცა არის ეს, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება პარტიას მივუთითოთ და მივცეთ ასეთი რეგულაცია. ეს სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულებაა“.

ეკა ბესელია: „ როდესაც საუბარია ყოველ ოთხში ერთი განსხვავებული სქესის ადამიანზე აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც ქალზე. შეიძლება ეს განსხვავებული სქესი იყოს კაციც. ისინი ვინც ამ ტერმინებს ვიყენებთ და განმარტებებს ვაკეთებთ, იქნებ სწორად იყოს ეს განმარტებული. თანასწორობის იდეა, რომელმაც კონსტიტუციის მე-11 მუხლში განსხვავებულად, ახლებურად და უკეთესად გააკეთა განმარტება და ეს არის ღირებული იდეა - ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო სიების წარდგენის დროს, სადაც მეტი ამომრჩეველი ქალია, მეტი ქალია ჩართული საარჩევნო კამპანიისას - ეს საარჩევნო სიაში უნდა ჩანდეს. მნიშვნელოვანია, რომ კანონში წერია ეს იდეა, სავალდებულოობის პრინციპი“.

ადა მარშანია: „აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ თქვენ დაგვითმოთ ჩვენ ადგილები საარჩევნო სიაში. საკითხი ასე არ აღიქვათ, რომ თქვენ ჩვენ გართმევთ ადგილს. აქ საუბარი არის იმაზე, რომ მოხდეს ბალანსირება. მიმაჩნია, რომ როგორც დროებითი მექანიზმი, იმისთვის, რომ ჩვენ ბიძგი მივცეთ და აკუმულირება მოხდეს იმ იდეის, რომ არა ხელოვნურად, მაგრამ დაბალანსებული იყოს სია, ამისთვის ვიღებთ ჩვენ ამ კანონს“.

გიგა ბუკია: „იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ და ქალთა მონაწილეობა იყოს წარმოდგენილი როგორც პარლამენტში ასევე, თვითმმართველობაში, 7 წლის წინ პარტიის „კონსერვატორები“ წესდებაში შევიტანეთ. ეს არის ყველა პარტიისთვის კანონი, სადაც წერია, რომ სავალდებულოა ყოველი პოლიტიკური პარტიისთვის ყოველი მესამე წარმომადგენელი იყოს განსხვავებული სქესის. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ კანონში ამის ჩაწერის საჭიროება არ დგას. მე მოვუწოდებ ყველა პარტიის წარმომადგენელს თავისი პარტიის წესდებაში შეიტანონ ეს ცვლილება. ერთადერთი პარტია ვართ ვინც 7 წლის წინ ჩაწერა წესდებაში და ამას ჩვენ ვიცავთ და ვავალდებულებთ საკუთარ პარტიას“.

გიორგი ლომია - „ვინმე უცხო რომ გვისმენდეს და აკვირდებოდეს პარლამენტის დღევანდელ სხდომას, შთაბეჭდილება დარჩება, რომ საქართველოში ჩვენ ვცდილობთ შევზღუდოთ ქალების უფლებები. არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც არაერთხელ პარლამენტის თავმჯდომარე იყო ქალი, დღეს პრეზიდენტი გვყავს ქალი, პარლამენტში უამრავი პარლამენტარი ქალია, ფრაქცია დაბალანსებულია, არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ იზღუდება ქალის თავისუფლება ან ქალის უფლებები. ეს არის შექმნილი ილუზია, რომელსაც თავს ვახვევთ ჩვენს მოსახლეობას. არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ პარლამენტში მეტი ქალი იყოს, მაგრამ ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ძალით პარტიამ შეიყვანოს პარტიულ სიაში ქალბატონები, რომლებსაც თუნდაც პარტიაში არ უმოღვაწიათ. ჩვენ დღეს გენდერულ ბალანსს ხელოვნურად ვაბალანსებთ და ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც დისკრიმინაცია დასჯადია“.

გედევან ფოფხაძე: „იმ ცვლილებებთან ერთად, რომელიც დღეს საარჩევნო კოდექსში ხორციელდება, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რამდენიმე საკითხია, რაც უნდა იყოს საერთო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, პირველ რიგში, ძალოვანი სტრუქტურები არანაირი ფორმით არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში, ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ. საარჩვენო პროცესში არ უნდა მოხდეს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა. მთავარი გზავნილი ხალხის მიმართ, უნდა იყოს ის, რომ ჩვენ არ გვინდა მთავრობა, რომელიც ბატონობს ქართველ ხალხზე, ჩვენ გვინდა მთავრობა, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. არჩევნების დროსაც, შემდეგაც, პოლიტიკური საქმიანობის პროცესშიც, ეს უნდა იყოს ჩვენი და ამომრჩევლების ურთიერთობის განმსაზღვრელი პრინციპი“.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი I მოსმენით წარადგინა. კანონის პროექტით წესრიგდება ეკოტურიზმთან, კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის მოწყობასთან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტო-მოტო ტრანსპორტის გამოყენებასთან და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად II მოსმენით განხილვისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარადგინა. პროექტის მიხედვით, ახლებურად რეგულირდება გამარტივებული შესყიდვის სააგენტოსთან შეთანხმების წესებთან, დავის განმხილველ ორგანოებთან, საბჭოს ინსტიტუციურ მოწყობასა და დამოუკიდებლობის გარანტიებთან, გადაწყვეტილებების გასაჩივრებასა და დავის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით განიხილა და 89 ხმით მიიღო „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი.

რეგლამენტის პროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციასთან, საპარლამენტო თანამდებობებთან და თანამდებობებისთვის დადგენილ გასამრჯელოსთან, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა თანამდებობებთან, კომიტეტის მუშაობასთან და კანონის პროექტის გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა რეგლამენტის პროექტით იცვლება პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის დროის განაწილების და პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის პროცედურის დაწყების სავარაუდო დროს გამოცხადების წესები. ზუსტდება, საბიუჯეტო პროცესის ვადები და კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონის პროექტით, წესრიგდება ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძვლებთან, დემპინგის დადგენასთან, წარმოების ღირებულებაზე დაბალ ფასში არსებულ გაყიდვებთან, ჯამურ ხარჯებთან, საექსპორტო ფასთან, ფასთა სამართლიან შედარებასთან და შედარების მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

ასევე მესამე მოსმენით მიიღეს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლითაც განისაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობი და საზღვრები (კოორდინატები).

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად III მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარადგინა.

კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოში საინვესტიციო ფონდებისთვის შესაბამისი წესების დადგენას, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესების და სამართლებრივი საფუძვლებს დადგენას. კანონის პროექტით აგრეთვე, წესრიგდება საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციასთნ, რეგისტრაციასა და აღიარებასთან, აქტივების მმართველ კომპანიასთან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან, საინვესტიციო ფონდების შერწყმასთან, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელებასა და სესხის აღებასთან ან გაცემასთან, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების შეფასებასთან და საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები.

რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მიიღეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. მეორე მოსმენით კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები.

სხდომაზე, ასევე, მეორე მოსმენით მიიღეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი რომელიც განსახილველად, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ წარმოადგინა. კანონის პროექტით წესრიგდება პროსტიტუციაში ჩაბმასთან, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმასთან და სექსუალური მიზნებისათვის არასრულწლოვანი პირისათვის შეხვედრის შეთავაზებასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა არასრულწლოვნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუნდაც მხარეებს შორის გაფორმებული იყოს საპროცესო შეთანხმება. არასრულწლოვნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აკრძალული იქნება მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება. მკაცრდება პასუხისმგებლობა 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის.

მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო საკითხის შემუშავებაში. განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარება და ამ კონკრეტულ პროექტში კერძოდ, მაიკლ გრანტის წვლილი აღნიშნა.

„პროექტი ეხება ჩვენი ბავშვების დაცვას, ისეთი საშინელი დანაშაულებისგან, როგორიც არის ბავშვთა პროსტიტუციაში ჩაბმა, ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩაბმა. ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მგონია ვალდებულები ვართ გავამკაცროთ ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც მგონია ამ ტიპის დამნაშავეების მიმართ არის ძალიან ლიბერალური“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად პარლამენტმა ზაზა აბაშიძის - 98 ხმით, ბონდო მძინარაშვილის - 95 ხმით 13-ის წინააღმდეგ და გრიგოლ მურღულიას 92 ხმით 1-ის წინააღმდეგ კანდიდატურები დაამტკიცა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე გაიმართება.

გალერეა

  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 1 ივლისი