პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

16 ივლისი 2020
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა დღის წესრიგის საკითხების განხილვით დაიწყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ დეპუტატებს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განსახილველად საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განაპირობა მარეგულირებელი გარემოს დახვეწის საჭიროებამ, რაც განსაკუთრებით მკვეთრად უკანასკნელი თვეების განმავლობაში კოვიდ ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში გამოიკვეთა.

კანონის პროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის უფლება, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე. ამასთანავე ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა ცალკეული დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და გარკვეული საკითხები დააზუსტა.

საკითხის განხილვის შემდეგ პარლამენტის წევრებმა კანონპროექტის შესახებ შეფასებები გააკეთეს და მოსაზრებები გამოთქვეს.

„აუცილებლად იქნება კონსულტაციები დარგთან, იმასთან დაკავშირებით, თუ რომელია კრიტიკული კრიტერიუმი და რა მოდიფიკაციაზე შეიძლება ვისაუბროთ ამ კრიტერიუმების დაცვის, როდესაც შეჩერებაზე იქნება საუბარი. ამაში არ არის არც ინტერესთა კონფლიქტი და არც პრობლემა, რომ ეს შეთანხმდეს დარგთან მათივე მზაობის უზრუნველყოფის კუთხით. ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალია, რისი ასახვაც კანონმდებლობის დონეზე ვერ მოხდება, მით უფრო რომ ეს არის ცვლადი დოკუმენტი. ეს არის ტექნიკური სამუშაო პროცესი, რაც დარგის მონაწილეობით უნდა განხორციელდეს და სამინისტრო მზად არის ამისთვის. ეს პაკეტი აბსოლუტურად არ შეეხება სასამართლოს როლს. თუ ჩავთვლით, რომ სასამართლოს როლის მეტად გააქტიურებაზე უნდა ვისაუბროთ სამომავლოდ, ამისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განსახილველად პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ნინო წილოსანმა წარადგინა და კოლეგებს მეორე მოსმენისთვის პროექტში გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო.

კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტისას, წარმოებისას ან/და მიწოდებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევისთვის.

საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით კოლეგებს ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა გოგა გულორდავამ გააცნო.

მომხსენებელმა პროექტის მუხლობრივი განხილვისას დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც საკომიტეტო მოსმენებზე იქნა გამოთქმული და შესაბამისი ასახვა ჰპოვა კანონპროექტში.

კანონის პროექტით წესრიგდება ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ნებართვის მქონე ტაქსის გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებასთან, სატრანსპორტო საშუალების 3 თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვებასთან, დედაქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევასთან და ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესთან დაკავშირებული საკითხები.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა დეპუტატებს მეორე მოსმენით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარუდგინა. მომხსენებელმა ისაუბრა საბოლოო ვარიანტში შესული ძირითადი ჩასწორებების შესახებ, კერძოდ, კონცენტრაციის საკითხის გარდა, რომელიც აქტივების წილის გასხვისების და შერწყმის წინასწარ შეთანხმებას გულისხმობს. ასევე, სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგულისხმებოდა დროებითი მმართველის მექანიზმის ჩართვა, აქაც ხუთიდან სამი სპეციფიური ვალდებულება ამოღებულია და საბოლოო ვარიანტში დარჩა 2 სპეციფიკური ვალდებულებისთვის დროებითი მმართველის დანიშვნის მექანიზმის გამოყენება და ესეც ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ კანონით გათვალისწინებული მექანიზმის შესაბამისად.

ამდენად, დროებითი მმართველის მექანიზმი საბოლოო ვერსიაში წარმოდგენილია შემდეგნაირად, რომ კონცენტრაციის საკითხებზე და 2 სპეციფიკური ვალდებულების - თავისუფალი დაშვების და სატარიფო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება ჩაირთოს, ისიც, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებისა და სანქციების შემდეგ.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პირველი მოსმენისას კომიტეტში გამოთქმული იყო შენიშვნები, რაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული წარმოდგენილ ვერსიაში.

წარმოდგენილ კანონპროექტში განსაზღვრული რეგულირების მექანიზმი მარეგულირებელ კომისიას საშუალებას მისცემს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სისტემის ოპერატორის შერწყმის ანდა 5% ან მეტი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 % და მეტი წილის გასხვისების, ანდა მაკონტროლებელი პირის ცვლილებისას, რაც მომხმარებლების ინტერესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც. მათ შორის, წინმსწრებ რეჟიმში დაინტერესებული სუბიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმგვარი სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. წარმოდგენილი კანონპროექტი არ გავრცელდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის კანონით გათვალისწინებულ განცალკევების რეგულაციებზე.

პარლამენტმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. ანგარიშში მოცემულია ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვა და აუდიტირებულ-ფინანსური ანგარიშგება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება იმ პრიორიტეტულ მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

„ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ამ არაორდინარული ვითარების ფონზე, სწორედ აღნიშნული რეზერვებს ვიყენებთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის. შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ ახალი პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების ეკონომიკურ ზეგავლენაზე ისაუბრა და დეპუტატებს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

„დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა. თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება, ვინაიდან ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მისი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა: ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსების შეუფერხებელი მიწოდება, დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის გაფართოება.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

„ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება. ფასების სტაბილურობის გარდა, ეროვნული ბანკის მანდატია საბანკო ზედამხედველობის ადეკვატური განხორციელება. გასული წლის განმავლობაში კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობის კოეფიციენტები, გადახდისუნარიანობა, საბანკო სექტორში ნორმაში იყო და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. ეროვნულმა ბანკმა ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი წარმატებით იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.

ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა საბანკო სფეროში არსებულ ვითარებაზე, დეტალურად ისაუბრა გამოწვევებზე და იმ სიახლეებზე, რომელიც 2019 წელს ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საბანკო სექტორს შესთავაზა

„მივესალმები ეროვნული ბანკის ყოველ ახალ წამოწყებას, რომელიც ემსახურება საბანკო სფეროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. ერთ-ერთ ასეთად უნდა მივიჩნიოთ გასულ წელს ახალი ინსტრუმენტის - სავალუტო ოფციონების ამოქმედება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის სამომავლო საქმიანობას, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების ფონზე მარტივი არ იქნება 2020-2021 წელი.

„თუმცა, ამაზე პარლამენტს საუბარი მოუწევს „ეროვნული ბანკის 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცესში",  - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ეროვნულ ბანკს წარმატებები უსურვა.

მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 17 ივლისს 12 საათზე გაიმართება.

გალერეა

  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი
  • პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, 2020 წლის 16 ივლისი