პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

22 დეკემბერი 2017
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ „გრიგოლ ლილუაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა წარადგინა.

მისი განმარტებით, გრიგოლ ლილუაშვილი პრემიერმინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. „საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის სტატუსი ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან შეუთავსებელია. შესაბამისად, წამოდგენილი დადგენილების პროექტის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება და ეს დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილების პროექტს დეპუტატებმა მხარი 81 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.

კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ გააცნო.

წარმოდგენილი კანდიდატები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად 6 წლის ვადით აირჩიეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი I მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარადგინა.

ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332 მუხლის მეოთხე ნაწილში, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესს უკავშირდება. მომხსენებლის განმარტებით, ტერორისტულ დანაშაულებებთან მიმართებაში, როგორც საგამონაკლისო წესი, 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

„თანამედროვე სამყაროსთვის, ყველაზე მზარდი საფრთხე არის ტერორიზმი, ტერორისტული აქტები. სწორედ ამ მზარდი საფრთხეების გამო ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ცდილობს გაუმკლავდეს მას. გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით, არსებობს საპროცესო საფუძველზე მიღებული საგამონაკლისო წესები, რომლითაც შესაძლებელია ცალკეულ დანაშაულებებთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდეს განსხვავებულ პროცედურებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წვერებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად, 76 ხმით დაუჭირეს. 

დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, თანმდევ პროექტთან ერთად მხარი ერთხმად, 77 ხმით დაუჭირეს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, იურიდიული დახმარების სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს გადახდისუუნარო მოქალაქეებს გარკვეული კატეგორიის საქმეებზე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური, რომელიც კარგად მუშაობს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განავლობაში მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით სარგებლობს და საკმაოდ ხარისხიან მომსახურებას აწვდის საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პორველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ის ინიციატივა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, შემუშავებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ, საერთაშორისო ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით და ემსახურება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გაფართოებასა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დაკომპლექტების წესის დახვეწას.

„წარდმოგენილი ინიციატივით ჩვენ ვაფართოებთ იურიდიული სამსახურის კომპეტენციას. მათ უფლებამოსილებას ემატება სამი კატეგორიის საქმეები კერძოდ: ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კატეგორია, შრომითი დავები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები."

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, იურიდიული დახმარების სამსახურს მართავს და გადაწყვეტილების მიმღები არის იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისგან. აქედან 3 წევრი დანიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ, 3 - სახალხო დამცველის მიერ და დანარჩენი 3 წევრიდან თითო-თითო წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იურიდიულ დახმარების სამსახურის თანამშრომელთაგან.

პროქტის თანახმად, ცვლილება ეხება ადვოკათტა ასოციაციის მიერ წარდგენილ წევრებს.

„დღეს არსებული რეგულაციის თანახმად, ეს სამი წევრი აირჩევა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოდან თუმცა, ცვლილება გულისხმობს, რომ ადვოკატთა ასოციაციამ თავისი ყველა წევრიდან კონკურსის წესით გამოარჩიოს მაღალი რეპუტაციის და 5 წლიანი საადვოკატო საქმიანობის მქონე ადვოკატები და სწორედ ეს სამი წევრი წარადგინოს იურიდიული დახმარების საბჭოში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, მეორე ცვლილებით განისაზღვრება იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების როტაციის წესი.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, როტაცია მოხდება ყოველწლიურად, რათა საბჭოში ყოველ წელს შედიოდეს „ახალი სისხლი“ და ამასთან ინსტიტუციური მეხსიერება რჩებოდეს, რათა საბჭოში იყვნენ როგორც ახალი ისე, გამოცდილი წევრები. წარმოდგენილი პროქტის მიხედვით საბჭოს უფლებამოსილების ვადა 3 წლამდე მცირდება.

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განხილულ კანონნპროექტებს უყარეს კენჭი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს 66 ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

ასევე კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“კანონპროექტთა პაკეტს.

პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მეორე მოსმენით იმსჯელეს. „იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას, დეპუტატების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა, შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით განსახილველად, თქვენს წინაშე უცვლელადაა წარმოდგენილი“, - მიმართა კოლეგებს ეკა ბესელიამ.

კანონმდებლებმა II მოსმენით განიხილეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი. საქართველოს მთავრობის ინიციატივა კანონმდებლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა გააცნო. მომხსენებლის განმარტებით, კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად განხილვის დროს, გამოითქვა ერთადერთი შენიშვნა, სადაც მთავრობის მიერ ნორმატიული აქტის გამოცემის ვადა 1 დეკემბრის ნაცვლად 1 იანვრამდე გადაიწია.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი II მოსმენით წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება შედის აღნიშნული კანონის 1261 გარდამავალ მუხლში. კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენის შემდეგ, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ჩასწორდა რამდენიმე საკითხი. შესწორების თანახმად, გარდამავალ პერიოდში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე შრომის კანონის მოქმედება გავრცელდება გარდა, შრომის ანაზღაურების საკითხებისა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტთა პაკეტი II მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა მისი განმარტბით, ეს არის წამყვანი კანონი მედიაწიგნიერების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობის ინიციატივისთვის. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება საქართველოს კონუმიკაციების ეროვნულ კომისიას ეკუთვნოდა, რომლის ინიცირებაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მოახდინა. „მე მქონდა საშუალება გამეცნო ის ძირითადი პრინციპები, რომელიც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიურ სამყაროში მედიაწიგნიერების კონცეფციის შემუშავების სტრატეგიის შექმნასა და ანხორციელების აუცილებლობასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების წევრები შესაძლებელია იყვნენ საჯარო მოხელეებიც. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. საბჭოში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია შესაბამისი რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და მათ გააჩნიათ ხმის უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა განისაზღვრა 4 წლით. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა 7 წლით, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი სახის გარდამავალი რეგულაციაც. სხდომაზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე კანონპროექტებიც განიხილეს.

„2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. მისი განცხადებით ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. „ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა. ასევე, ხელი შუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. სწორედ ფასების სტაბილურობაა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც აუცილებელია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მისივე განმარტებით, ამის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კონკრეტულ რეჟიმს - ინფლაციის თარგეთირებას იყენებს. მომხსენებელმა გამოსვლისას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა.

„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის მისაღწევად შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. მისივე განმარტებით, ინფლაციის მაჩვენებლის უფრო სწრაფად შემცირებაც არის შესაძლებელი თუმცა, ეს გამოიწვევდა. ეკონომიკური ზრდის მკვეთრად კლებას და უმუშევრობის ზრდას. „ინფლაციის თარგეთირების პირობებში ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია. შესაბამისად, მიღწეულია ეროვნული ბანკის მანდატით განსაზღვრული ამოცანა: ფასების სტაბილურობა და ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ინფლაციის ოპტიმალური საშუალოვადიანი მაჩვენებელი 3%-ია. „მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებელი მიღწეული იყოს ეტაპობრივად, საშუალოვადიან პერიოდში, რათა ერთდროულად შევინარჩუნოთ სტაბილური ფასებიც და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გრძელვადიან და მდგრად ზრდას. სწორედ ამისათვისაა საჭირო ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი - მონეტარული პოლიტიკის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდი“, - განაცხადა მომხსენებელმა. პრეზიდენტის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციის თარგე-თირებისას, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალოვადიან ინდიკატორს. მისივე განმარტებით, საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ვინაიდან, იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება. „ის ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი, ზოგჯერ კი – მიზნობრივზე უფრო დაბალი. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებლის მიმართულებით და საშუალოვადიან პერიოდში იქნება მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინფლაციის არსებულ დინამიკასა და პროგნოზებზე.

მან აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელი იყო ინფლაცია ყოფილიყო უფრო მაღალი ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი, მაგრამ ეს გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და ამიტომ, საშუალოვადიანი პერიოდზე გათვლით, ამ ფაქტორის გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არასწორი ნაბიჯი იქნებოდა.

მომხსენებელმა, სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დროებითი ზრდის მიზეზებად აქციზის გადასახადების მატება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა დაასახელა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. „არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში მიაღწევს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, ფასების არსებულ დინამიკასა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე ისაუბრა.

როგორც კობა გვენეტაძემ საქართველოს სავალუტო პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს მცურავი კურსის რეჟიმი, რომელიც მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის არის ოპტიმალური. მისივე თქმით, საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტ¬უნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისათვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. იგი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაის შეფასებით, დღეს წარმოდგენილ დოკუმენტში კარგადაა განხილული, გაანალიზებული და დასაბუთებული ე.წ. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის არსი და მისი უპირატესობები. ასევე ის თუ საიდან, რატომ და როგორ იქნა განსაზღვრული ეროვნული ბანკის მიერ 2018-2020 წლების ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 3%, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენს თანამოქალაქეებს. მისი თქმით, ასევე საინტერესოდაა გაანალიზებული ეგზოგენური ფაქტორები, შესაძლო რისკები, მათი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ამ მიმართულებით.

„ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებული, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობა ასევე, საქართველოს მოსახლეობის სოციალური ყოფა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კენჭისრყრის პროცედურა გაიმართა.

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე დაიწყება.