პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

07 დეკემბერი 2017
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს 86 ხმით დაუჭირა მხარი.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილა. 

დეპუტატებმა, წარმოდგენილი კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილ დოკუმენტში პირველი მოსმენისას გამოთქმული არსებითი შენიშვნები გათვალისწინებული და ასახულია. მისი განმარტებით, კანონპროექტის თანახმად ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო, რის შესაბამისადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკითხის განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც 99 კანონპროექტს მოიცავს, მესამე მოსმენით განიხილეს. მესამე მოსმენისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. განხილვის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.