პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა

01 სექტემბერი 2020
 პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა

2020 წლის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

რეგლამენტის თანახმად, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა პარლამენტის წევრებს პოლიტიკური განცხადებებისთვის დაეთმოთ.

ირაკლი მეზურნიშვილი: „ხშირად გვესმის სააკაშვილის მოძრაობისგან, რომ საქართველო იფლობა თურმე კორუფციაში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნებს შორის და  საუკეთესო ათეულშია შესული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერი სარეიტინგო სააგენტოების გადაწყვეტილება, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული მაქსიმუმი, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, სწორი ნაბიჯები იდგმება ამ ძალიან რთულ პერიოდში, მაშინ როდესაც წარმატებულმა და განვითარებულმა ქვეყნებმაც კი დაკარგეს ეს რეიტინგები.

ნინო წილოსანი: „ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა, აგრო და ეკონომიკური სექტორების დახმარება, ჩვენი სოფლებისა და ქალაქების განვითარება არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, რომლის საპირწონედაც დგას  გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთმა ოდიოზურმა ლიდერმა 8 წლის თავზე მოიხადა ბოდიში და ისიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ  აგრესიაში გვაცხოვრებდა და ქვეყანა დემოკრატიის რეგრესული გზით მიჰყავდა. სწორედ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება გაგრძელდება, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისი მუდმივი კონტროლი იქნება მომავალშიც ჩვენი პოლიტიკური  გუნდის სამუშაო პრიორიტეტი. ქვეყნის მართვაში ჩვენ დელეგირება გადმოგვცა მოსახლეობამ და დიდი იმედი მაქვს , რომ იგივე დელეგირებას გადმოგვცემს 2020 წლის არჩევნებში.

სოფო კილაძე: „ჩვენ ვნახეთ ბატონი სააკაშვილის კლიპი, სადაც ის აანონსებდა ბოდიშს მძიმე შეცდომებისთვის და აანონსებდა საქართველოში ჩამოსვლასაც. უბრალოდ ერთი რამ ვერ გათვალეს, რომ უმძიმეს დანაშაულებს შეცდომის დონეზე რომ ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში უფრო უარყოფითი რეაქციები მოყვება და ძალიან სამართლიანადაც. ამ კლიპის შემხედვარე ვიფიქრე, რომ როგორც ყორანი არ გათეთრდება და როგორც კუდი ძაღლისა არ განემართება, ისე ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედები, მაღალი თუ დაბალი რგოლი, ვერ გამოსწორდება და ვერ ჩადგება ქვეყნის სამსახურში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიციის ასეთი ნაწილი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას ვერასდროს ვერ გაუწევს ხელისუფლებას, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ადამიანის უფლებების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებით და აგრძელებს ამ რეფორმას.

დავით მათიკაშვილი: „დიახ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის მიმართაც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს  მიუძღვის დანაშაული. ალბათ უკვე ყველა კითხვას გაეცა კოლეგებო პასუხი. თქვენ თვითონ ძალიან კარგად ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ.  ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. ეს ნიანგის ცრემლები და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ქართველ ხალხს ის ვეღარ მოატყუებს. და ხომ არ მიბაძავდით მას კოლეგებო და იმ დანაშაულებისთვის,  რაც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და საზოგადოებას მოუხდით ბოდიშს. ეს თქვენ პასუხისმგებლობისგან არ გაგათავისუფლებთ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი“.

გენადი მარგველაშვილი: „მე არ მგონია, რომ „ნიანგის ცრემლები“, რომლებიც ახლა ჩვენს ოპონენტებს სდის, იყოს გულიდან გამოწვეული  ელემენტარული მიზეზის გამო,  მაშინ ჩამოთვალონ ის „შეცდომები“, რაც ჰქონდათ მათ. ამ შეცდომებს, მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო დანაშაულია, ვიმკით ახლა ჩვენ თუნდაც სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის არქონიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ასეულობით საბავშვო ბაღი, მისი ინფრასტრუქტურა, მისი ტერიტორია იქნა გასხვისებული და  განადგურებული იმ პერიოდში, რომელსაც სწორედ ახლა იმკის ჩვენი ქვეყანა“.

ირაკლი სესიაშვილი:  „ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მინდა ოპონენტებს მოვუწოდო, რომ არის ქვეყანაში ეროვნული ინტერესები, სადაც მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, ყველას მოგვეთხოვება დავიცვათ ეს სტანდარტი და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის დეპოლიტიზაცია, ეს არის ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოვუწოდებ თქვენს პოლიტ მედია საშუალებებს, ხელი აიღეთ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე თავდასხმაზე, თქვენივე პოლიტიკური ინტერესებისთვის და მინიმუმ დავიცვათ ის სტანდარტი, რაც ემსახურება ჩვენს ქვეყანას, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას“.

სიმონ ნოზაძე: „პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ხაშურის მუნიციპალიტეტში გრძელდება მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. 22 აგვისტოს გაიხსნა ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს გახლავთ უნიკალური  საინჟინრო პროექტი და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქართველოში ყველაზე მაღალ ბურჯებზე მდგომი ხიდი. ხაშურის - ხევის გზის მონაკვეთზე დასაქმებულია 1000-ზე მეტი ხაშურელი. გზის მიმდებარედ მოეწყობა სავაჭრო ადგილები, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება რეალიზაცია გაუკეთოს საკუთარ პროდუქციას“.

დიმიტრი ხუნდაძე:  „არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და ეს ასეც იქნება, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია მისი ჩატარება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს, რათა არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შევქმნათ. ამ პერიოდში ჩვენ საკმაოდ ვიწრო გზაზე მოგვიწევს გავლა. ქვეყანაში  ყოველ წელს  არჩევნებია და ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება და ზოგი არჩევნების შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების  შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არის დახმარება იმ მიზნობრივი ჯგუფებისა, ვისაც ესაჭიროება, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და არა ისე, როგორც ჩვენამდე იყო. მინდა ყველას გთხოვოთ, მითუმეტეს,  ამ პერიოდში - წინასაარჩევნოდ, როცა უფრო ჭარბად არის სოციალური თემატიკით სპეკულირება, ეს არის უზნეობა და მოეშვათ ამ უზნეობის წარმოებას. მივმართავ იმ პოზიციურ ჯგუფებს, რომელთაც ეს ხელეწიფებათ  და რომელთაც  სოციალური ჯგუფები გამოყენებული ჰქონდათ 2012 წლამდე, წინასაარჩევნოდ ხმათა სანაცვლოდ გაცემული დახმარებებით“.

გურამ მაჭარაშვილი:  „ჩვენ არსებული კანონმდებლობითაც აუცილებლად უზრუნველვყოფდით, რომ წინასაარჩევნო კამპანია და ასევე, არჩევნების დღე იქნებოდა სამაგალითო ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, მაგრამ აქაც გვინდა, რომ მინიმალურ დონეზე დავიყვანოთ სპეკულაციები ოპოზიციური სპექტრიდან და შემოვედით საკანონმდებლო ინიციატივით, რითაც ჩვენ ვამკაცრებთ ისეთი ტიპის შესაძლო დანაშაულებს, როგორიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა ან დაშინება. ეს ცვლილებები მოიწონეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩმა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ეს ცვლილებები, ვიდრე აქამდე არსებული კანონმდებლობა, მაგრამ აქ გამონაკლისი ვერ იქნებოდა ოპოზიცია, რომელმაც თავისი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა და არგუმენტები, აქაც არ აქვთ. ასეთი სურათია - ის რაც მოსწონს ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს, არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის რაც მოსწონს ქართულ საზოგადოებას, მაგალითად, პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა, სოციალური და მატერიალური დახმარებები, არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს“.

მირიან წიკლაური: „მინდა შევეხო ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე მოვლენებს. სამინისტროს არაკომპეტენტური და ხშირ შემთხვევაში, მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო ზიანდებიან და ზარალდებიან თანამშრომლები, მედპერსონალი, შესაბამისად პაციენტები და მთლიანად ჯანდაცვის სისტემა. დღეს პატიმრობაში იმყოფება სრულიად უდანაშაულო ექიმი, რასაც მოჰყვა მედპერსონალთა პროტესტი. მე მთლიანად ვუერთდები მათ მოთხოვნებს და სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს უდანაშაულოდ დაჩაგრულ კოლეგას. კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მინისტრმა შეასრულოს მასზე კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, გამოცხადდეს კომიტეტის სხდომაზე და პასუხი გასცეს დეპუტატების და დაინტერესებული საზოგადოების შეკითხვებს.

ალექსანდრე ერქვანია: „სამწუხაროდ, ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება ძალადობისა და აგრესიის ფაქტები. ერთმანეთისთვის მტრებად ვიქეცით. მშობლები შვილებს კლავენ, შვილები მშობლებს, ქმარი ცოლს, ცოლი ქმარს, მეგობარი მეგობარს და ეს არის შედეგი მიმდინარე რწმენისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის. ღვთისგან განდგომისა და იმ აღვირახსნილი, უზნეობის პროპაგანდის, რომელიც ბოლო წლებია მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და რომლის შესაჩერებლად არაფერი კეთდება. ირგვლივ ყველგან უსამართლობა, თვალთმაქცობა, უზნეობა, შური ღალატი,  უიმედობა, ერთმანეთის მტრობა და ზიზღია. ასეთი გარემო კი, ხელს უწყობს საზოგადოებაში სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას. ყველაზე დიდ ძალადობად კი ქვეყანაში დაკანონებული აბორტია. სწორედ, იმ ასი ათასობით უდანაშაულო ბავშვის დაღვრილი სისხლი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული აგრესიისა“.

ბიძინა გეგიძე: „მოახლოვდა არჩევნები და ჩვენ ვხედავთ პოზიტიური შინაარსით სავსე, ძვირადღირებულ ვიდეოებს, ბანერებს, „ივენთებს“, შეხვედრებს, პრეზენტაციებს. ამას გვთავაზობს ორი დევალვირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი სუბიექტები, რომლებიც მთელი 16 წელი იყვნენ ხელისუფლებაში, რის შედეგადაც ქვეყანა სიღარიბეში, იმედგაცრუებაში და ნიჰილიზმშია ჩაფლული. პარადოქსია, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პოზიტიური პროცესის გარეშე ვერ დგება პოზიტიური შედეგები. თქვენი, ორივესი, ამდენწლიანი პროცესი იყო მხოლოდ ნეგატიური და არჩევნების წინ უეცრად შეცვლილი რიტორიკით, ლექსიკით, ძვირადღირებული ვიდეოებით და პოზიტივზე გადასვლის სურვილით ეს არ გამოვა, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს“.

ზვიად ძიძიგური: „„კონსერვატორებს“ გვაქვს რამდენიმე შეთავაზება - ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ სექტემბრის თვეში უნდა შემოიტანოს. საქართველოში ნარკოდამოკიდებულების თემა არის კატასტროფულად საგანგაშო, ძალიან შემაშფოთებელი, განსაკუთრებით მოზარდებში და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ამას პასუხი უნდა გასცეთ. მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით ამ პრობლემას არ ეშველება. საჭირო არის შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ალტერნატივა - სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად. ჩვენ გამოვდივართ წინადადებით  და ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, ბიუჯეტის ახალ პროექტში გაითვალისწინოს ეს მიმართულება. მეორე საკითხი როდესაც ქვეყანაში მთავარი ფრაზა არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ვეტერანები უნდა იყვნენ ღირსეულ მდგომარეობაში. გთავაზობთ, 22 ლარის ნაცვლად ეს თანხა გახდეს 100 ლარი. მესამე საკითხიც ეხება ვეტერანებს და მათ დაუბეგრავ მინიმუმს. გთავაზობთ 3000 ლარის ნაცვლად დაუბეგრავი მინიმუმი იყოს 14 400 ლარი. სახელმწიფომ უნდა იპოვის სახსრები იმისთვის, რომ ვეტერანები ვამყოფოთ ღირსეულ მდგომარეობაში“.

გიორგი ლომია: „მინდა შევეხო იმ შავ „პიარ“ კამპანიას, რომელიც ხორციელდება „პატრიოტთა ალიანსის“ გარშემო ბოლო რამდენიმე კვირაა და დღევანდელ გამოქვეყნებულ ე.წ. „დოსიეს“ , მორიგ ყალბ საბუთებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ არსებობს ბრალდება და მხილება. მაგალითად,  როდესაც ჩვენ ვამხელთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ისინი, კლავდნენ, აწამებდნენ - ეს არის მხილება.  თითქოს ჩვენ კრემლიდან ვიღებთ დავალებებს და ვასრულებთ ამ დავალებებს - ეს არის ეს ბრალდება. სწორად უნდა გავიგოთ განსხვავება მათ შორის. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძეც ჩაერთო და რომელიც წერს, რომ ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვართ ერთი მედლის ბნელი მხარე. გთხოვთ თქვენს ლიდერს აუხსნათ, როდესაც ის განცხადებას აკეთებს კარგად დაფიქრდეს, რას ამბობს და სად ამბობს ამას. რაც შეეხება აჭარაში გაკრულ ბანერებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება, რომ აჭარის ფერი უნდა ყოფილიყო სხვა. ეს იყო შეცდომა“.

ირმა ნადირაშვილი: „15 და შეიძლება ჩემი მეტი კოლეგა „ქართული ოცნებიდან“ გამოვიდა განცხადებით და ყველაფერზე გველაპარაკა, მაგრამ არც ერთს არ გიხსენებიათ „პატრიოტთა ალიანსი“ და მათთან დაკავშირებული პრობლემები. თუ თვლით, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა მომგებიანია, ეს ასე ნამდვილად არაა, მაგრამ გასაგებია, რატომაც იქცევით ასე. საკუთარი კუდის მოჭრა არ შეგიძლიათ. ეს ადამიანები არიან თქვენი შემოყვანილი პარლამენტში, მთლიანად თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს კრემლის ინტერესებს. ესაა თქვენი შექმნილი პრობლემა და თუ ეს ასე არაა, „ევროპული საქართველო“ დღეს ვაყენებთ ინიციატივას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ ხელმოწერებით და ამისთვის საკმარისია პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერა და არჩევნებიდან „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნა მოვითხოვოთ. ჩვენი 20 ხელმოწერა იქნება და მივმართავ უმრავლესობას, დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები და თუ ეს გუნდი არაა თქვენი გაგრძელება, მაშინ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოხსნას ეს პოლიტიკური ჯგუფი არჩევნებიდან“.

სერგო რატიანი: „ერთი თვეა დავდივარ ჭიათურაში, ხარაგაულსა და საჩხერეში, უპირატესად სოფლებში ვხვდები მოსახლეობას და თავს მოვალედ ვთვლი, რომ ვისაუბრო პრობლემებზე. ჭიათურაში სამთო სამუშაოების დროს გარდაიცვალა 41 წლის მაღაროელი, კობა ჩაფიძე და მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. წლებია, შრომის უსაფრთხოება არის გადაუწყვეტელი პრობლემა და არა მარტო იქ. ჭიათურაში და ხარაგაულში უმძიმესი მდგომარეობაა. არის სოფლები, სადაც არ არის არც წყალი, არც გზა, არც გაზი. წლებია ეს პრობლემები მოუგვარებელია“.

გიორგი კანდელაკი: „ევროკონტროლის მონაცემებით, ევროპის 42 ქვეყანას შორის, საქართველოში არის ყველაზე ცოტა ფრენები. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ დაწესებული დეფაქტო, არაფორმალური აკრძალვა, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. ამას ემსახურება ის ორკვირიანი დისკრიმინაციული კარანტინი, როცა უსაფრთხო ქვეყნებიდანაც კი მომავალი ადამიანები, უნდა „ჩავაყუდოთ“ ორკვირიან კარანტინში. ამის ერთ-ერთი მოტივი არის ის, რომ საქართველოში არ დაბრუნდეს ათეულ ათასობით ემიგრანტი. ისეთი კარანტინი, როგორიც ჩვენთანაა არსად არ არის.  ყველგან არა, მაგრამ დაუშვით ფრენები თქვენს მიერ გამოცხადებულ უსაფრთხო ქვეყნებში. ამასთანავე, რატომ არ შეგყავთ საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომელსაც 5-ჯერ უკეთესი სტატისტიკა აქვს ვიდრე საფრანგეთს?!“

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ჩემთვის ცნობილი იყო კახეთში არსებული პრობლემები, მაგრამ გაოგნებული ვარ იმ მიტოვებულობით, რაც კახეთში იგრძნობა და კახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ ზუსტად ის, რასაც ვისმენთ ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის უმუშევრობა, ეს არის ფასების ზრდა, ეს არის სიღარიბე და ზუსტად ამიტომ, ჩვენ „ევროპული საქართველო“ არ ვერთვებით იმ ზიზღის, ლანძღვის კამპანიაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მისი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პოლიტიკური აქტივი აწარმოებს. ჩვენ პირიქით, მოქალაქეებს ვეუბნებით რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დაიძლიოს ეს ფასების ზრდა, სიღარიბე და უმუშევრობა და ჩვენი გეგმით ამას ვეუბნები მე ჩვენს მოქალაქეებს, „ევროპული საქართველოს“ გეგმით, მარტო ამ ოთხ რაიონში,  თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში ჩვენ შეგვიძლია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, 8700-ზე მეტი ოჯახი გამოვიდეს სიღარიბიდან და 60 000-ზე მეტ ადამიანს მედიკამენტის პრობლემა მოეხსნას“.

ეკა ბესელია: „2 თვე დარჩა ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებამდე და ეს არჩევნები ქვეყნისთვის და  მისი მომავლისთვის არის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და გადამწყვეტი 2012 წლის შემდეგ.  ვუსმენდი უმრავლესობის წევრების გამოსვლებს. გასაგებია, წინასაარჩევნო პერიოდია და რაც შეიძლება დამაჯერებელი პოზიცია გინდა გამოხატო და წარმოაჩინო საკუთარი როლი ყველაზე რომანტიკული პოზიციიდანაც კი, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ რომ იმდენად აცდენილია ეს რეალობას, რომ ძალიან მძიმედ გამოიყურება ასეთი სატრაბახო გამოსვლები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კოვიდ-ის თემით, ყველაფრის უფლება მიანიჭეთ მთავრობას, კონსტიტუციის დარღვევის გზით, იმ დაპირებების ფონზე, რომ ადამიანებისკენ ბიუჯეტით გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ყველა დახმარება მიემართებოდა, აღმოჩნდა რომ ისევ გამოსახლებებია, ისევ საბანკო დავალიანებებია, ცოტა ხნის წინ აქცია იმართება მოთხოვნით, სადაც ადამიანები ითხოვენ ელემენტარული საბანკო დანარიცხების შეჩერებას და გადავადებას, სუბსიდირებას და ჩავარდნილი ტურიზმის პირობებში მხარდაჭერას, ისევ ხდება ბინებიდან ადამიანების  გამოსახლება საბანკო დავალიანების გამო“.

თინა ბოკუჩავა: „ძალიან გულზე მოგხვდათ მიხეილ სააკაშვილის ბოდიში. პუტინის პაიკები გავეშებული საუბრობთ ყოველ მეორე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილზე, 8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების ბოლო წელს, დღესაც ვისმენთ აბსოლუტურად იგივეს“.

რომან გოცირიძე: „ცვლილებები, რომელიც წარმოადგინეთ „საარჩევნო კოდექსში“ ეს არის თვალის ასახვევად შემოგდებული ფანდი და ამ საკენკს არავინ კენკავს. კეთილი ინებეთ, ჩვენს მიერ დღეს დარეგისტრირებული ალტერნატიული კანონი განიხილეთ და მიიღეთ. ეს კანონი არ არის ჩვენ მიერ შეთხზული. ეს ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. კანონი ითვალისწინებს ამომრჩევლის სწორედ თავისუფალი ნების გამოხატვის უზრუნველყოფას, ითვალისწინებს იმ ადამიანების სასჯელს, რომლებიც საარჩევნო უბანთან ამომრჩეველზე ზემოქმედებას ახდენენ, ითვალისწინებს საარჩევნო კომისიაში  სამართლიანი განაწილების პრინციპს, ითვალისწინებს სასჯელს არჩევნების თუნდაც, კენჭისყრის შედეგების გამჟღავნებისა როდესაც აძალებთ ან თუნდაც, ფულს აძლევთ ადამიანებს, რომ სურათი გადაუღონ კაბინაში და გამოიტანონ გარეთ. ჩვენ, საკომიტეტო ფორმატში  ვმუშაობთ და პლენარულ სხდომაში მხოლოდ მაშინ მივიღებთ მონაწილეობას, როდესაც უმნიშვნელოვანესი საკითხები იხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ „საარჩევნო კოდექსი“ ეს არის ერთ-ერთი გარანტია თავისუფალი არჩევნებისა და ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ჩვენ დავიცავთ“. 

გედევან ფოფხაძე: „ამ არჩევნების შედეგად, საქართველომ უნდა მიიღოს სახალხო მთავრობა. მთავრობა, რომელიც იქნება არა მარიონეტული, არა ანტისახალხო და ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური არამედ, სახალხო. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი და თუ ჩვენ ამ შემთხვევაში, ვაპირებთ ვიღაცის კერძო ინტერესების დაცვას, იქნება სააკაშვილი, თუ იქნება ეს ივანიშვილი, ქართველი ხალხი სახალხო მთავრობას ვერ მიიღებს, არადა კონსტიტუციით სწორედ მას ეკუთვნის, რომ ჰყავდეს მთავრობა“. 

ბექა ნაცვლიშვილი: „ბედნიერები ხართ, რომ სააკაშვილი კიდევ გამოჩნდა ასპარეზზე, რადგან ისევ თქვენი მთელი ენერგიის, თქვენი მთელი ინტელექტუალური პოტენციალის კონცენტრირება მოხდა სააკაშვილზე. დღეს, უახლოეს ისტორიაში სააკაშვილი მორალურად, ინტელექტუალურად გაკოტრებული პოლიტიკოსია, უკვე კომიკური ფიგურაა, დაანებეთ თავი სააკაშვილისგან „ბუას“ შექმნას და რეალურად ოპონირება თუ გინდათ, მოდი, ჩვენთან იყავით ოპონენტები, იმ ადამიანებთან იყავით ოპონენტები, რომლებიც მორალური ღირებულებებით და ინტელექტუალური თვალსაზრისით, რეალურ ოპონირებას გაგიწევენ თქვენ და არა მორალურად გაკოტრებულ ძალასთან“.

ლევან გოგიჩაიშვილი: „სად იყავით მაშინ, როდესაც უჭირდა ამ ქვეყანას და თქვენ თანატოლებს ქუჩაში ხოცავდნენ?! თქვენ ხართ ერთი სისტემის ნაწილი, რომელიც თითქოს ერთმანეთს ავსებთ. არ გრცხვენიათ, როდესაც სააკაშვილზე ლაპარაკობთ და მურუსიძეს მხარი დაუჭირეთ?! ჩვენ ვეცდებით ყველანაირად რომ ამომრჩეველი გაერთიანდეს ჩვენს ირგვლივ, რათა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“  ერთიანად ჩაგაბაროთ პოლიტიკურ წარსულს.“

ლევან კობერიძე: „არჩევნები უკვე ოფიციალურად არის დანიშნული და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში იწყება უკვე ახალი ეტაპი, რომელიც ჩვენ, პოლიტიკოსებს, გვანიჭებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, მოვალეობას ამომრჩეველთა მიმართებაში. ყველაზე მთავარი ამოცანა ახლა უნდა იყოს ის, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შევუქმნათ მოსახლეობას. ყველაზე მთავარი ამოცანა არის ჩვენ-ჩვენი სათქმელი მივიტანოთ მოსახლეობასთან და ორპოლუსიან კინკლაობას არ გადაყვეს ეს ქვეყანა და რეალურად მოვახერხოთ ის, რომ ამომრჩეველმა რეალურად შეძლოს დაინახოს ახალი პოლიტიკური ალტერნატივები ქვეყანაში“.

თამარ ჩუგოშვილი: „ამ კვირაში თქვენ გაამკაცრებთ სასჯელებს საარჩევნო დარღვევებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში არ სრულდება ის კანონები, ანუ არ ხდება მათი იმპლემენტაცია,  რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს კანონმდებლობაში ჩადებული. ასევე, გვაქვს სხვადასხვა პრობლემები ზოგადად, კორუფციის თემასთან დაკავშირებით. იმედია დამეთანხმებით, ჩვენ, როგორც ქვეყანა,  საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მივცემთ, რომ კორუფციაში აღმოვჩნდეთ. კორუფცია აღმოჩნდეს ის ფაქტორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ეფექტურ, კარგ მმართველობას გამოუთხრის ძირს. სქართველოს  ნამდვილად არ აქვს და ჩვენ, როგორც ქვეყანამ არც უნდა დავუშვათ, რომ კორუფციის საფრთხეები და კორუფციული გარემო გაღრმავდეს, გაუარესდეს და ძირი გამოეთხაროს ამით ყველაფერს. ამიტომ ძალიან გთხოვთ სრულად კონსტრუქციულად, ყოველგვარი ნიშნის მოგების და პოლიტიკური კინკლაობის გარეშე, გაეცნოთ ინიციატივას, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში. ეს არის 30 კანონპროექტისგან შემდგარი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს, ეფექტური ინსტრუმენტის და მექანიზმის შექმნას და დღეს არსებული მექანიზმების ნაცვლად, ისეთი ინსტიტუტების განვითარებას, რომელიც რეალურად იქნება მომართული კორუფციის პრევენციისკენ, კორუფციის აღმოფხვრისკენ და  კორუფციული დანაშაულების დასჯისკენ“.

ანრი ოხანაშვილი: „ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ  „პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ თანმიმდევრულნი. „ქართულ ოცნებას“ არ ჭირდება ისეთ ინტერესის მატარებელი ჯგუფი, რომელიც არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ. მე მივესალმები სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე გასარკვევია მათ ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ საკითხებს უნდა გაეცეს პასუხი. მე მქონდა მოლოდინი, რომ ბატონი გიორგი ლომია აქეთ იერიშზე კი არ გადმოვიდოდა და მიუღებელი ფორმით კოლეგების მიმართ შეურაცხყოფას კი არ დაიწყებდა, არამედ ახსნიდა პარლამენტის წევრები როგორ აღმოჩნდნენ კონკრეტულ ადგილას და რა მიზნით. ეს არის აუცილებლად გასარკვევი და ამას უნდა გაეცეს პასუხი“.

რატი იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილს ფარისევლური ბოდიშის მოხდის უფლება ექნებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სამი ინსტანციით მსჯავრდებული ადამიანი მოიხდიდა სასჯელს, გამოვიდოდა საპატიმროდან და მაშინ მოიხდიდა ბოდიშს მთლიანად საზოგადოების წინაშე და იმ ოჯახების წინაშე, რომლებიც გააუბედურა თავისი მტარვალი რეჟიმის დროს და არა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი ორ თვეზე ნაკლები. ამიტომ არ არის ის გულწრფელი. ამიტომ იტყუება ის ამჯერადაც და ეს არის ზუსტად იმის სახე და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მას მხარს დაუჭერს, ვინც მის „გაპრავებას“ ეცდება, ავტომატურად იქნება მხარდამჭერი და თანამოაზრე მისი წარსულში ჩადენილი დანაშაულების, იმიტომ, რომ მომავალში მას დანაშაულის ჩადენის უფლებას და საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მას, გამოსწორების შანსი შეიძლება მივცეთ, როდესაც ის საბოლოო ჯამში ნამდვილად აღმოჩნდება ქართულ საპატიმროში, რადგანაც სამართლიანობა იმსახურებს ამას“.

პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, პარლამენტმა კანონშემოქმედებითი საქმიანობა განაგრძო.

კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განიხილეს   „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

საკითხის ინიციატორმა, ირაკლი სესიაშვილმა, სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად ხდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი პირველი მოსმენით განსახილველად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ წარადგინა. კანონის პროექტი ითვალისწინებს წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორ ახალ საფუძველს. კერძოდ, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული  პროფესიული სტუდენტი - შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. გადავადება განხორციელდება მხოლოდ ერთხელ; არის აპლიკანტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.

ამით პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა, რომელიც ხვალ 12.00 საათზე განახლდება.