პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა

29 ნოემბერი 2019
პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რითაც ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ცილისწამებას და სპეკულაციურ განცხადებებს გამოეხმაურა და ოპოზიციის ბრალდებებს პარლამენტში დეპუტატების დილის საათებში „შეპარვასთან“ დაკავშირებით, მორიგი სპეკულაცია და ბინძური ტყუილი უწოდა.

კოლეგებო, ერთი განმარტება მინდა გავაკეთო დღევანდელი დღის დასაწყისთან დაკავშირებით, რომელსაც კიდევ ერთხელ მოჰყვა უბინძურესი სპეკულაციები. მოგეხსენებათ დღევანდელი დღის წესრიგი - 10 საათზე ჩანიშნული იყო კომიტეტის სხდომები, 12 საათზე უნდა დაგვეწყო პლენარული სხდომა და ალბათ ყველანი დარწმუნდით, უმრავლესობის სხდომიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარებულიყო და რომელ საათზე უნდა დაგვეწყო ეს უმრავლესობის სხდომა, ან როდის უნდა ჩაგვეტარებინა? შემოპარვას რომ არქმევენ. კიდევ ერთი მკაფიო სპეკულაცია, კიდევ ერთი ბინძური ტყუილი ხალხის მოსატყუებლად, რომ თითქოს ვიღაცა სადღაც დაიპარება.
ვთავაზობ, რომ ქუჩაში გავიაროთ თუნდაც ერთად და ვინ სად დაიპარება, მერე ვაჩვენებ ნებისმიერს, ვინც ასეთ ბინძურ ტყუილებზე დ სპეკულაციებზე დადის. ის ხალხი აკეთებს და აცხადებს ამას, ვინც 12 წლის მერე, განსაკუთრებით ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ქუჩაში ისე დაიპარებიან, რომ ვერ ხვდებიან სად შეძვრნენ და ეს ხალხი ლაპარაკობს ამ ყველაფერზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამის შემდეგ, პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა და პირველ საკითხად მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, დაჩქარებული წესით განსახილველი საკანონმდებლო პაკეტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა.

საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გამოიტანა.

ცვლილების მთავარი არსი - კანონპროექტის თანახმად იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელწოდება. კერძოდ, ის განისაზღვრება შემდეგნაირად - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განიხილეს თანმდევი კანონპროექტებიც.

პარლამენტმა III მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მთავრობის ინიციატივა წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტს ცვლილება არ განუცდია. პროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული შესყიდვები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა II მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“, რომლითაც რეგულირდება სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრასთან და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ზომებთან, განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან, ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების პრინციპებთან, რეგულაციებთან და წესებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტით აგრეთვე განისაზღვრება განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატებთან, ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის მდგრადობის კრიტერიუმებთან და საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები. მომხსენებლის განცხადებით, შენიშვნები არ გამოუთქვამთ და კანონპროექტი ცვლილებების გარეშეა წარმოდგენილი.

დავით თვალაბეიშვილმა ასევე II მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლითაც წესრიგდება ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებასთან, გადაცემასთან, განაწილებასთან, მიწოდებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. კანონპროექტი აგრეთვე არეგულირებს ენერგეტიკულ საქმიანობებთან, ენერგეტიკულ ბაზრებთან, მიწოდების უსაფრთხოებასთან, წყალმომარაგებასთან, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი თქმით, კანონპროექტში გათვალისწინებულია პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის რამდენიმე შენიშვნა.

როგორც დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, საბოლოოდ ამ კანონის მიღებით, გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები რეფორმების სფეროში, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და ამ კანონის საფუძველზე ჩვენ რამდენიმე წელში გვექნება ღია ბაზარი, კონკურენტუნარიანი ბაზარი, ფასწარმოქმნა იქნება გამჭვირვალე და ეს ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში, რადგან ინვესტორებს ექნებათ უკვე საფუძველი ღიად დაინახონ თამაშის წესები, რომელიც იქნება ყველასთვის თანაბარი და შესაბამისად, ყველა მხრივ მისასალმებელია ამ კანონის მიღება. 

პარლამენტმა ასევე II მოსმენით მიიღო დაჩქარებული წესით მისაღები საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. კერძოდ, კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარადგინა და კანონმდებლებს საკომიტეტო მოსმენაზე შეჯერებული წინადადებები და შენიშვნები გააცნო.

ხოლო საკანონმდებლო პაკეტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კი მუხლობრივად იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გამოიტანა.

პარლამენტმა განიხილა ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტები „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ 2007 წლის 6 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ოქმის რატიფიცირების თაობაზე“ და „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“. საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გამოიტანა.

პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე განსახილველად გამოიტანა პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა

წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში გაჩნდება ნორმა, რომელიც დაადგენს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის, ხოლო მის აღსრულებაზე უფლებამოსილი გახდება სამშენებლო ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო.

კანონის პროექტის მიხედვით, კოდექსს დაემატება მუხლი, რომელიც დაადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის. კანონპროექტი ასევე არეგულირებს აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხსაც.

აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

რატი იონათამიშვილმა განსახილველად ასევე გამოიტანა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ვანო ზარდიაშვილის ინიციატივას წარმოადგენს.

პარლამენტმა ეს კანონპროექტიც პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე განიხილა. ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, კერძოდ, მშენებლობის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას და მასთან დაკავშირებით აღსრულების ეფექტური მექანიზმის შემუშავებას.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა). საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა გამოიტანა.

პარლამენტმა დღესვე მოისმინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ (01.01.2019 – 30.06.2019) ანგარიში, რომელიც ამავე სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ წარადგინა.

როგორც ლევან სურგულაძემ განაცხადა, ნახევარი წლის ანგარიშის წარდგენის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში 450 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული, დარიცხული სარგებელი კი 13 მილიონ ლარზე მეტია.

მისივე თქმით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში 939 130 ადამიანია ჩართული. მათ შორის, 761 828 კერძო, ხოლო 218 687 საჯარო სექტორშია დასაქმებული. ამასთან, სქემაში ჩართულია 60 134 კერძო კომპანია. როგორც მან აღნიშნა, სულ საპენსიო შენატანები და დარიცხული სარგებელი შეადგენს 491 613 901 ლარს. წლის ბოლომდე დარიცხულმა სარგებელმა მოსალოდნელია 17 მილიონ ლარს მიაღწიოს. საპენსიო დანაზოგს ერიცხება 8.5-8.75% სარგებელი. საპენსიო სქემა დატოვა 163 403-მა ადამიანმა. მათ შორის, კერძო სექტორში დასაქმებულია 121 172, ხოლო საჯარო სექტორში 42 231 ადამიანი.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოში ხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური რეფორმა. ვინაიდან ეს რეფორმა ემყარება ხალხის გარკვეულ ნდობას, ჩვენს უკან არის მილიონამდე ადამიანი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც პარლამენტი, ისე მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამ საკითხს და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ამ რეფორმას“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ. 

როგორც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ბუნებრივია, მხარდაჭერა იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ კი სააგენტოს მხრიდანაც მეტი პოპულარიზაცია გაეწევა სააგენტოს მიზნებს და მოსახლეობის ინფორმირებულობაც უფრო მეტად მოხდება. 

პარლამენტმა ამის შემდეგ კენჭი უყარა უკვე განხილულ კანონპროექტებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას, რომელიც პარლამენტმა დადებითად შეაფასა.

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა.

გალერეა

  • პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა, 2019 წლის 29 ნოემბერი
  • პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა, 2019 წლის 29 ნოემბერი