პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინა

27 მაისი 2020
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინა

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართვა  მოისმინეს  ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს მკურნალობის სტრატეგია, ვაქცინა და ზუსტი, ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზები.

„დღეს არავინ იცის, როგორი იქნება სამყარო და მსოფლიო ხვალ ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით. ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია გაურკვევლობის ასეთ მაღალ დონეში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა,  გარკვეულ მომენტში საჭირო გახდა გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა შესაძლებლობად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი ინფორმაციით ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია საქართველოში  მთლიანად ექვემდებარება კონტროლს.

„ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ  ბოლო კვირების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ ასცდენია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმ ეტაპზე სამუშაოდ, როდესაც ვსაუბრობთ პანდემიიდან გამოსვლის ეტაპზე, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა: პირველ რიგში ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ახალი ქეისები ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან, რაც გახლავთ საკარანტინე ზონები, ცნობილი კლასტერები. საზოგადოების ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც. 1 ივნისიდან ამოქმედდება ყველა სახის სავაჭრო ობიექტები, მათ შორის, მოლები, ასევე ღია სახის რესტორნები, ხოლო 8 ივნისიდან ყველა სახის რესტორნები და ასევე ის სასტუმროები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შეუძლებელია ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 590 000-ზე მეტი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 347 000-ზე მეტია.

მისივე განცხადებით, საქართველოში ინფიცირებულთა  რაოდენობაა 735, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 557, გარდაცვლილი კი - 12.

„დღეს საქართველოში 100 სულ მოსახლეზე 0,3 გარდაცვალების მაჩვენებელი ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით ვართ 123-ე ადგილზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის დამსახურება, ეს არის მთავრობის, ბიზნესის და, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, მაგრამ ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს ინფექციის გავრცელება კონტროლის ქვეშ გვქონდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ ეკონომიკის გახსნით გადავდგით ის სწრაფი ნაბიჯები, რომელიც შეგვეძლო გადაგვედგა. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, რამდენად ზუსტად და ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომელსაც წარმოგვიდგენენ ეპიდემიოლოგები. ეს მოგვცემს საშუალებას ვიყოთ პროაქტიულები ეკონომიკის გახსნაში და ეს გლობალური კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ ახალ მსოფლიოში, გლობალური კონკურენციის სრულიად ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც  ქვეყანას აქვს წარმატების შესაძლებლობა როგორც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად და თანმიმდევრულად მიმოიხილა ინფექციის გავრცელების თითოეულ ეტაპზე  საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

მისი ინფორმაციით, საქართველოში პირველი ინფიცირებულის გაჩენამდე 1 თვით ადრე მთავრობამ  მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დაიწყო კონტროლი.

მისი განცხადებით,  საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა. მისი ინფორმაციით, Covid19-თან ბრძოლის პირველივე ეტაპზე გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და მათზე პასუხისმგებელი პირები.

„ეს გახლავთ: ჯანდაცვა - რომელსაც უნდა ეზრუნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომზადებაზე კოვიდთან გასამკლავებლად და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკატერინე ტიკარაძე; ეკონომიკა - მივხვდით, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც იმოქმედებდა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მაია ცქიტიშვილი. უსაფრთხოება - თავიდანვე ჩანდა, რომ გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე შეიძლება გადასულიყო სამოქალაქო ცხოვრებაზე და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ვახტანგ გომელაური. მარაგები და ლოგისტიკა - პირველივე დღეებიდან აშკარა ხდებოდა, რომ ქვეყნები იწყებდნენ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის შეზღუდვას და ბაზრები იკეტებოდა. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ლევან დავითაშვილი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით,  Covid19-თან ბრძოლის მეორე ეტაპზე, როდესაც შიდა გავრცელების რისკი შეიქმნა, სასწავლო პროცესი შეჩერდა.

„კოვიდთან ბრძოლის მეორე ეტაპი იყო ვირუსის გავრცელების შენელების ეტაპი, როდესაც პირველი ფაქტი დაგვიფიქსირდა ქვეყანაში. ეს იყო 26 თებერვალი. ეს გახლდათ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსული ჩვენი მოქალაქე. ჩვენ შევძელით საზღვარზევე დაგვეფიქსირებინა ეს შემთხვევა. ამას მოჰყვა კიდევ ერთი მოქალაქე, ასევე ირანის გავლით და ამ დროს უკვე ქვეყანაში გაჩნდა შიდა გავრცელების სერიოზული რისკი. ამიტომ შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდა სასწავლო პროცესი, რასაც ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა ჩვენთვის. მოგეხსენებათ, ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა განსხვავდება ევროპული ოჯახი სტრუქტურისგან. ჩვენს ოჯახებში რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა დაგვეცვა ვირუსის იმ გადაცემისგან, რომელიც შეეძლო ბავშვებს მოეტანათ ოჯახში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, 16 მარტს ჩატარდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც მიიღეს 19 მარტისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება. 

პრემიერ-მინისტრმა ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ლუგარის ცენტრს და მის თანამშრომლებს იმიტომ, რომ ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში შრომობს და მექნება კიდევ შესაძლებლობა, მოვყვე, რას აკეთებენ იმისთვის, რომ ერთი ინფიცირებულის ასობით კავშირი გამოავლინონ, მერე ამ ადამიანებთან მივიდნენ, იმუშაონ,  დაარწმუნონ, რომ საჭიროა მათი ტესტირება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით,  უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან.

„ბევრმა ჩვენზე უფრო ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ისე ემკურნალათ. ამან რა შედეგები გამოიღო ყველამ კარგად ვნახეთ. ჩვენი შედეგი იყო მიღწეული სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ეს ერთობლივი მუშაობა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროში იყო შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომლითაც კლინიკებს ეტაპობრივად რთავდა კოვიდთან ბრძოლაში. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ იყო აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მართა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი როლი ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

„დღეს  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვისაც, როგორ ეფექტურად შევძლებთ ჩვენ ეფექტურად ეკონომიკის გახსნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი შეფასებით,   პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემა ეფექტურად მუშაობდა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სხვადასხვა უწყების დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოში პირბადის დეფიციტი არ არის.

„მათ შეძლეს ის, რომ ქართველ ექიმებს პირადი დაცვის აღჭურვილობის დიდი პრობლემა არ შექმნიათ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში საკმარისზე მეტი რაოდენობის პირბადე იწარმოება, რაშიც ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული და დღეს ფაქტობრივად, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში რიგებია  მსხვილი შესყიდვების გამო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც გაატარა პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამაში იყო ჩართული 10 000 ქართველი პოლიციელი.ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ კომენდანტის საათის და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არცერთი დღით არ შეჩერებულა.

„ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის ხელიდან გაშვება შეიძლება გამხდარიყო დიდი კონკურენტული პრობლემა. ეს სატვირთო ნაკადები სხვა მიმართულებით გადაეწყობოდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ეს არის ათასობით სატვირთო მანქანა. მაგრამ არცერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეზღუდვების მოხსნას კონტროლის შესაბამისი მექანიზმები მოჰყვეს.

„იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავინახეთ გადაცემის კლასტერული ფორმა, როდესაც ვნახეთ როგორ დაეცა მობილობა ქვეყანაში, მივხვდით, რომ უკვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ვირუსის გავრცელებას მთავრობა აკონტროლებს და ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები სწრაფად, რომლებიც აძლევდა საშუალებას ეკონომიკას უფრო მეტი ჟანგბადი მიეღო და უკვე ეკონომიკის გახსნის, შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპები დავიწყეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც საქართველოს და მსოფლიოს მოთხოვნა-მიწოდების რისკი აქვს  და არავინ იცის, როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი მომდევნო თვეებში, პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბარი ნაადრევია.

„უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი გაეგება ეკონომიკაში. ამიტომ, როდესაც ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2, 3, 4 თვეში, მას შემდეგ, რაც ეკონომიკა და საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება. პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობის დაპირება ბაზარზე ფასების სპეკულაციური მერყეობისა და კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება იყო, რაც შესრულდა.

„პანდემია გლობალურია არა მხოლოდ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არამედ ის ეკონომიკური გამოწვევაა. მსოფლიო და ჩვენი მეზობლები ამას ძალიან სწრაფად მიხვდნენ. ჩვენთვის ამის პირველი მესიჯები იყო ის, როდესაც ჩვენმა მეზობლებმა, ან მომწოდებელმა ქვეყნებმა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე - ხორბალზე, შაქარზე, ბურღულეულზე ბაზრები გადაკეტეს. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომ, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ეფექტურად იმუშავა მსხვილ იმპორტიორებთან და ჩვენ 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები გავაკეთეთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში უცხოეთიდან  მრავალი მოქალაქე დაბრუნდა.  

„ძალზე აქტუალური თემა ზოგიერთი „პოლიტიკური მოცეკვავისთვის” არის ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთიდან დაბრუნება, მარტივ ციფრებს ვიტყვი - დღეს საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი, სახელმწიფოს დახმარებით, ორგანიზებულად, ეს ხდებოდა, ძირითადად, ევროპის ქვეყნებიდან.  21 198 ადამიანს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება. ეს ის ხალხია, რომელმაც ადგილზე დაკარგა სამსახური. ეს იყო ბინის ქირა,  კვების პროდუქტები, სამედიცინო მომსახურება, წამლები და კიდევ ბევრი რამ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.  

მისი თქმით,   საქართველოსა და ამერიკის მთავრობების ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ჩვენი 90 ადამიანი, სკოლის მოსწავლე ჩამოვიდა აშშ-დან, მათ შორის, სომხეთის 30 მოქალაქე.

„ამ ღონისძიებისთვის მინდა, აშშ-ის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეს გახლავთ ქართველი არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებით აშშ-ში იღებდნენ განათლებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი  განცხადებით, დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, თუ როგორი ეპიდსიტუაცია იქნება შემოდგომაზე და რამდენად ძლიერი იქნება კორონავირუსის მეორე ტალღა.

„დღეს მსოფლიოში ვერავინ  გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა და რამხელაა ალბათობა მეორე ტალღის, როგორი სიძლიერის იქნება ეს მეორე ტალღა, იქნება ვაქცინა თუ არ იქნება, დღეს დასაბუთებულად ასეთი მონაცემები არ არსებობს. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა ნებისმიერი ღონისძიება, იქნება ეს სოციალური თუ ბიზნესის დახმარება, იყოს მდგრადი და პასუხისმგებლიანად დროში გადანაწილებული“, - აღნიშნა გიორგი  გახარიამ.

მან მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციასა და საზოგადოებას მოუწოდა, ერთად ებრძოლონ Covid19-ის გამო შექმნილ გამოწვევებსა და კრიზისს, რათა ქვეყანამ ეპიდემიის დაძლევის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი შეფასება დაიმსახუროს.  

„ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში რამდენად ეფექტიანად და ერთიანად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს. ეს არ არის საქართველოს კრიზისი, ან რომელიმე რეგიონის კრიზისი. ეს არის გლობალური კრიზისი და არავინ იცის, როდის დამთავრდება. ამიტომ როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ კრიზისზე, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ეს ის შემთხვევაა, როცა კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როცა გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში. ისინი შეაფასებენ საქართველოს, არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციელს და არც მინისტრს. ისინი შეაფასებენ ქვეყანას და ეს არის შეფასება, რომელიც შეგვიძლია დავიმსახუროთ უაღრესად მაღალი. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციას, რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც მომენტში გვქონდეს შესაძლებლობა, ვიამაყოთ ერთმანეთითაც და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით, სხვებთან შედარებით,  ჩვენი რესურსის გათვალისწინებით, ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მოხსენების შემდეგ, გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დებატებში როგორც სახელისუფლებო გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რომელსაც აღიარებს მთელი მსოფლიო.

„ეს თემა, რა თქმა უნდა, გამორჩეულია, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო. კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილება პრაქტიკულად არავის ჰქონდა, მაგრამ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა, რომელსაც აღიარებს მთელი მსოფლიო,“ - განაცხადა  დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეს შედეგი აღიარეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, არაერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა  „ამას არ აღიარებს არც ნაციონალური მოძრაობა და არც მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ახალი დადასტურებული შემთხვევა არის მხოლოდ და მხოლოდ სამი, ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთნიშნა ციფრი ფიქსირდება“.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რაც შეეხება მეორე და მესამე ტალღას, ამის შესახებ პროგნოზები კეთდება.მისი თქმით,  არის ვარაუდები, რომ შესაძლოა ეს იყოს და სახელმწიფოც ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს.

„სხვანაირად არ შეიძლება, სწორედ ამისთვის იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი რომ შემოვიღეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე მთავრობას ჰქონდეს საშუალება რომ მართოს კრიზისი, მაგრამ თქვენ აქ მახსოვს როგორ შეფარულად თუ ღიად გვიბიძგებდით, რომ საგანგებო მდგომარეობა დაგვეტოვებინა“, - მიმართა მან ოპოზიციას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

„მდგომარეობა არაორდინარულია, ყოველ ახალ დღეს რეალობის ახალი სურათი შემოაქვს. ასეთ ვითარებაში ზუსტი პროგნოზის და შესაბამისად ბიუჯეტის რეალისტური პროექტის მომზადებას  დრო სჭირდება, ბიუჯეტის თავიდან გაკეთება გვიწევს. შევასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც იყო გაწერილი.  ველოდებით ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების პროექტს, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ანტიკრიზისული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, “- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე და ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში დაგეგმილ ცვლილებებზე. 

„მთლიანობაში კრიზისული მენეჯმენტისათვის და პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენისათვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 9 მლრდ. ლარის ალოკაციას, მათ შორის დაახლოებით 4.5 მლრდ. ლარი საჯარო სექტორის კუთხით, ხოლო 4.5 მლრდ. ლარი კი ბიზნეს სექტორის კუთხით სესხების, გარანტიების და ა.შ. მიწოდების გზით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი ოთხ თვეში საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა ჯამურად 667 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, თუმცა მათი საოპერაციო საქმიანობა ჯერ კიდევ მომგებიანი რჩება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას  განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა.

„თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ რა ჩაიდინეთ 2011 წლის 26 მაისს. უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს“, - მიმართა ზაზა გაბუნიამ ოპოზიციას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ყველაზე დიდი საფრთხე,  რაც დემოკრატიას აქვს  ეს არის დემოკრატიის  ილუზიის შექმნა და ამ ილუზიასთან ბრძოლის გასაღება დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად.

მისი თქმით,  ქვეყანას აქვს გამოწვევები, რომელთა  შორის ყველაზე დიდი გამოწვევაა, სწორი საგარეო ორიენტირების ჩამოყალიბება.

„ადამიანები ამაზე აგროვებენ პოლიტიკურ ქულებს, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ზუსტად უნდა დავინახოთ რასთან გვაქვს საქმე, დღეს ყველა დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე საუბრობს, ყველაზე დიდი საფრთხე დემოკრატიას რაც აქვს  და მთელი ევროპა საუბრობს ამაზე,  ეს არის დემოკრატიის  ილუზიის შექმნა და ამ ილუზიასთან ბრძოლის გასაღება, როგორც დემოკრატიასთან ბრძოლის ინსტრუმენტად“.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, დღეს დიასპორის დღეა, რომელსაც საქართველო ტრადიციულად  ღირსეულად აღნიშნავს ხოლმე, თუმცა, ამის შესაძლებლობა ქვეყანას წელს არ მიეცა.

 „პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ბრძანა, რომ ჩვენ რამდენიმე ფრონტზე ვიბრძვით, ეს ფრონტებია ეკონომიკის და ჯანმრთელობის, თუმცა ბატონმა პრემიერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან გაძლიერებული ინსტიტუციებით უნდა გამოვიდეთ. ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნამდვილად ეკუთვნის ეს კომპლიმენტი, მინდა ვთქვა ჯერჯერობით უხილავი ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ადამიანების მიმართ დიდი მადლიერება. ჩვენს დიასპორელებს ასევე მინდა მივულოცო, რომლებმაც თავისი ინიციატივებით და სახსრებით შექმნეს კრიზის ცენტრები და გვერდში დაუდგნენ საქართველოს სახელმწიფოს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, პედაგოგებმა მოახერხეს ციფრულ ტექნოლოგიებზე  ძალიან მოკლე დროში გადასვლა, რაც  „ქართულო ოცნების“  გუნდის დამსახურებაა.

მისი თქმით, დისტანციურმა სწავლებამ და განათლების ტელევიზიამ  სრულფასოვნად იმუშავა და ამას მოწმობს ის, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, პრობლემა პრაქტიკულად არ შექმნილა.

 „ჩვენ თავიდან ავიცილეთ სასწავლო წლის აკადემიურ წლად გამოცხადება;  შეიქმნა ელექტრონული რესურსი, რომელიც სამომავლოდ დახვეწილი სახით შეიძლება გვაძლევდეს განათლების ერთ-ერთ ფორმას -  დისტანციურ სწავლებას და ელექტრონულ განათლებას; ჩამოყალიბდა განათლების ტელევიზია, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და გაძლიერდება ეროვნული სასწავლო გეგმების სტანდარტების შესაბამისად და მივიღეთ საერთაშორისო აღიარება“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

დეპუტატი ლევან კობერიძე დაინტერესდა, რით არის ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებული დღეს, ვიდრე 2 თვის წინ იყო.

მისი თქმით, ეპიდემიის მართვა საქართველოში ახლა იწყება.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე,გამოსახლებების  თემას შეეხო.

„თუ თქვენ შესაბამის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ და 15 ივლისიდან შეეცდებით გამოსახლებები განახორციელოთ, მაშინ გპირდებით, რომ სახალხო მორატორიუმის ფარგლებში არ მოგცემთ ამის საშუალებას და ხელჩართულ ბრძოლებს გავუმართავთ აღსრულების სამსახურს“, - მიმართა გედევან ფოფხაძემ პრემიერ-მინისტრს.

პარლამენტის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ Covid19-თან დაკავშირებით დახმარებების მიღების თაობაზე ისაუბრა.

დეპუტატ  ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მაღალშემოსავლიანმა მოქალაქეებმა ხელფასიდან მეტი უნდა გადაიხადონ არამხოლოდ კრიზისის შემთხვევაში.

„პროგრესული გადასახადია სოციალური სამართლიანობის და დოვლათის გადანაწილების გარანტი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლის,  სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლება  დანაშაულს სჩადის, როცა ეკლესიას 20 ჰა მიწის ნაკვეთს გადასცემს.

„შუა საუკუნეებში აბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს, როცა მიწათმფლობელთა განსაკუთრებულ ფენას აჩენთ“, - მიმართა სახელისუფლებო გუნდს სერგო რატიანმა.

დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებით, ფრაქციის გეგმაში 25 სახის ხარჯის შემცირებაა დასახელებული, რომლის საჭიროებას ამ ეტაპზე ფრაქცია ვერ ხედავს.

პარლამენტის წევრმა, ოთარ კახიძემ საპენსიო ფონდში არსებული თანხის შესახებ ისაუბრა.

„მე ვამბობ ამ თანხის დაბრუნებას  იმათთვის, ვისაც ეს ფული გამოართვით და ამ ადამიანებს ყველაზე მეტად ეს თანხა ახლა სჭირდებათ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დეპუტატ ფატი ხალვაშის  განცხადებით, ხელისუფლება პანდემიას წარმატებით გაუმკლავდა.

„როგორც ცენტრალური ხელისუფლების , ასევე აჭარის მთავრობის მიერ სწორად იქნა მართული პროცესები კრიზისის დროს. სახელმწიფომ შეიმუშავა ვირუსთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგია“, - აღნიშნა ფატი ხალვაშმა.

დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პოზიტიურად შეაფასა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. მას მიაჩნია, რომ  საქართველოს სჭირდება ახალი სოცლიალურ-ეკონომიკური პოლიტიკა.

„პირველ ადგილზე ბიუროკრატიის სიმცირით კი არ უნდა ვიყოთ, არამედ თანასწორობით“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

პარლამენტის წევრის,  ეკა ბესელიას განცხადებით,კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე დროებითი საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას, სადაც მსჯელობა არა დახურულ ფორმატში, არამედ სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად უნდა მოხდეს.

ოპოზიციის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა 20 ივნისს დაზარალებული ადამიანებისთვის და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრს.

დეპუტატის,  თინათინ ბოკუჩავას თქმით,  ანტიკრიზისული გეგმა პარტიული აქტივის წინასაარჩევნო დაფინანსების გეგმაა.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“  თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ  განაცხადა, რომ  პატიმრების გათავისუფლება მოხდა, რადგან ხელისუფლებამ უცხოელი პარტნიორების ზეწოლას ვერ გაუძლო.

„არა მგონია ისეთ ძალას ფლობდეს „ნაცმოძრაობა“, რომ მათ ქვეყანაში არეულობა გამოეწვიათ. მათი გათავისუფლება ქვეყნისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა“, - განაცხადა გიორგი ლომიამ. 

ამავე ფრაქციის წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსახლეობის დახმარება ამ ეტაპზეა საჭირო და არა 3 თვის შემდეგ.

„კატეგორიები, რომელიც გამოყო მთავრობამ, უფრო მეტი გულმოდგინებით უნდა გამოეყოთ, რადგან დაგვრჩა ადამიანების უზარმაზარი ფენა, რომლებიც ვერ ადასტურებენ, რომ თვითდასაქმებულები არიან. ეს ადამიანები დღეს სასიცოცხლო დახმარებას საჭიროებენ“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველო- რეგიონების“ სახელით ფრაქციის წევრმა აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ გზა, რომელიც ბოლო დროს ხელისუფლებამ გაიარა, არ იყო კორონავირუსთან გამკლავების გზა.

„ჩვენ რომ კიდევ ერთხელ ჩავკეტოთ ქვეყანა, იგი თავზე დაგვემხობა, რადგან ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას. ამიტომ კორონავირუსთან ბრძოლის გზა ჩაკეტვით და იზოლაციის გამოცხადებით არ არის  სწორი გზა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ფრაქციის წევრმა სერგი კაპანაძემ გადასახადების შემცირებასთან და ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ბიუჯეტის თემას შეეხო. მისი თქმით, მოსახლეობისთვის მთავრობას  პირდაპირი ფულადი დახმარება უნდა გაეღო.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პანდემია არ შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების დაჩრდილვის მიზეზი, როგორიცაა ოკუპაცია, სიღარიბის დაძლევა, განათლების საკითხები.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ სახელმწიფოს წინაშე მდგარი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი მოსაზრებით, ამ საკითხზე მსჯელობა აკადემიურ და კოსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილისგანცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება არის იმ გონივრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართული ოცნების“  გუნდმა გადადგა ჯერ კიდევ იმით, რომ ადრეულ ეტაპზე მიიღო შესაბამისი ზომები.

„მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მცდელობისა, როგორმე ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ გუნდის ძალისხმევას, ჩვენ გვესმის საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები.  მინდა გამოვყო გაეროს გენერალური მდივნის, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ევროკავშირის ელჩის, სხვა პარტნიორი ელჩების განცხადებები“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.  

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით  დეპუტატმა ირაკლი კობაძიძემ აღნიშნა, რომ დასრულდა ბრძოლის პირველი ეტაპი, სადაც  ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს - კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცედენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

მისივე თქმით,  ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ.

„სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

როგორც  ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მიღწევებით  შეგვიძლია ვიამაყოთ ყველამ, რადგან  ამ ეტაპზე გამარჯვება არის საქართველოს  და არა მხოლოდ „ქართული ოცნების გამარჯვება.

„თუ ჩვენ ამით ვიამაყებთ, ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნით და საქართველოთი. ამის საფუძველი რადგან  ქართული ოცნების გუნდი და ხელისფულება იყო, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ბუნებრივია, მას და მის გუნდს მთლიანად ეკუთვნის დაუყვედრებელი და მართალი მადლობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის გამოსვლების შემდეგ, პრემიერმა დასკვნითი სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის.

„ეს ჩვენი საერთო მიღწევებია, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეგვიძლია გამარჯვება დავარქვათ. ჩვენ გადავლახეთ გლობალური პანდემიის პირველი ტალღა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მომავალი 6 თვის განმავლობაშიც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უნდა იქნეს მიღწეული წარმატებები პანდემიასთან ბრძოლაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ როგორც სახელისუფლებო გუნდს, ასევე ოპოზიციას მადლობა გადაუხადა სხდომაში მონაწილეობისთვის.