პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა

13 ნოემბერი 2019
პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე   „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა.  საკითხი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობის თითოეულ წევრს, იმ ერთობლივი შრომისთვის, რისი შედეგიცაა დღეს პარლამენტში წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ჩვენი ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა ჩამოგვეყალიბებინა და რესურსები მაქსიმალურად მიგვემართა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელთა შედეგები სარგებელს მოუტანს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.

2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი. შესაბამისად, მასში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. ასევე, ეს იქნება ბიუჯეტი, სადაც პრიორიტეტად რჩება სახელმწიფოს კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება. ყველა ეს კომპონენტი მიმართულია ჩვენს მოქალაქეებზე და უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისთვის.  თუმცა, ბიუჯეტის ზოგიერთ საკითხზე ბუნებრივია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეულ დეტალებზე სრული შეთანხმება ვერ გვექნება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა მიმოიხილა ის ფისკალური პროცესები და რეფორმები, რომლებმაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად გააძლიერა  ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის წამახალისებლის როლი.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში იყო მიმდინარე ხარჯების შემცირების  ტენდენცია და 2020 წლის ბიუჯეტით ეს მაჩვენებელი 23.2% და ესეც იმ პირობებში, როდესაც იზრდება სოციალური და განათლების ხარჯები.

„ჩვენ მცირე მთავრობის პრინციპის ერთგული ვრჩებით. ბიუროკრატიის სახელფასო ხარჯი შეადგენს მშპ-ს 4.8% უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.  ხარჯების სიმცირესთან ერთად მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებზე. ამ თვალსაზრისით საქართველო ბოლო პერიოდში უწყვეტად პროგრესირებს და ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე იმყოფება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანად და დადგენილ ვადაში უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულებები და განახორციელონ დაგეგმილი პროექტები.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროგრესია კაპიტალური ხარჯების ნაწილშიც.

„ჩვენი კაპიტალური ხარჯები ყოველწლიურად იზრდება და 2016 წელს არსებულ მშპ-ის 6.7%-ის ნაცვლად ინარჩუნებს მშპ-ის 8%-თან ნიშნულს. ეს იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების ინვესტიციებია, რომელიც ქვეყნის ძირითად მაგისტრალებს ქმნის. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია ან დასკვნით, მოსამზადებელ ფაზაშია. ასევე, მნიშვნელოვანია ინვესტიციები სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებითაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით,  საბიუჯეტო დეფიციტი,  დაახლოებით, 2.5 -2.7%-ია და  ეს ნიშნული წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საყრდენს და იმავდროულად, პასუხობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გამოწვევებს.

მისივე თქმით, ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდა წინასწარი შეფასებით იყო 5,7 %, ხოლო წლის განვლილ პერიოდში კი  -5 %.

„ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი იმ ფონზე, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების საშუალო ეკონომიკური ზრდა, წლის პირველ ნახევარში იყო ერთ პროცენტზე დაბალი. რეგიონში უკეთესი მდგომარეობა რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი იქნებოდა. მაგრამ აქვე მინდა ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენად აღემატება ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ზრდას. ეს არის ბოლო წლებში გამოკვეთილი დინამიკა. ჩვენი ქვეყნის ლიდერობა რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება - ასეთია სავალუტო ფონდის პროგნოზი 2020-2024 წლებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით,  ბოლო პერიოდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მათ შორის, ფისკალურმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვან უფრო ჯანსაღ ეკონომიკამდე. 

„აქ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სადაც  გვაქვს  მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკა.  2016 წელს დეფიციტი 13.3 % იყო, რის შემდეგაც  შემცირება დაიწყო და 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი  4.5 % ნაკლებია, რაც ისტორიული მინიმუმია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია ვალი საშუალოვადიან პერიოდში 40%-ზე დაბლა ჩამოვიდეს და ამ მხრივ მთავარი გამოწვევა საგარეო ვალის მაღალი წილია, რაც მთლიანი ვალის 81%-ს შეადგენს.

 „ჩვენი სტრატეგიული მიზანია  ამ მაჩვენებლის თანმიმდევრული შემცირება, რისთვისაც  ვავითარებთ ადგილობრივ ფასიანი ქაღალდების ბაზარს და ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იყო და არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი და მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს იყო შემცირება, ჯამური ინვესტიციები ქვეყანაში შარშან მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბოლო 12 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

„შემცირების მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავაც მაღალ დონეზე რჩება. ჯერ ერთი, ის სრულად აფინანსებს და აჭარბებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და მეორე მხრივ, როგორც S&P-ის რეიტინგში აღინიშნა საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი რეიტინგის ქვეყნებში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინფლაციის ზრდის ტენდენცია, რაზეც  ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური რეაქცია გააკეთა და რეფინანსირების განაკვეთი 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა;

„ეროვნულ ბანკს აქვს ინფლაციის მართვისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ასევე, ინფლაციის კონტროლის წარმატებული ისტორია. ბოლო  5 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია იყო 3.5%. ყოველთვიურმა ინფლაციამ შემცირება დაიწყო. ინფლაციური პროცესების გაგრძელება მოსალოდნელი არ არის. საბაზისო ეფექტის გამო წლიური ინფლაცია 2020 წელს დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს და საბაზო ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს ნარჩუნდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საკრედიტო რეიტინგებზე საუბრისას, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეგიონში განვითარებული კრიზისული მოვლენებიდან უფრო მაღალი რეიტინგით გამოვიდა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში მიღებული პოზიტიური შეფასებები, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ წინსვლას.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს პირველადი შეთანხმება სავალუტო ფონდთან პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე. მოგეხსენებათ, ჩვენი პროგრამა უნდა დამთავრებულიყო 2020 წლის აპრილში. თუმცა, რადგან მომავალი წელი პოლიტიკურად აქტიური წელია, ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება, სავალუტო ფონდის პროგრამა კი იქნება ეფექტური სიგნალი ამის გასამყარებლად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიუხედავად აღწერილი პოზიტიური დინამიკისა, საზოგადოების დიდი ნაწილის სოციალური მოწყვლადობა ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემაა, თუმცა, ამავდროულად, აქაც მნიშვნელოვანი პროგრესია.

მისი თქმით: უმუშევრობა წელს მნიშვნელოვნად ანუ 10 პროცენტით შემცირდება. ეს მაჩვენებელი 2010 წელს  17.4% იყო;  ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიზნეს სექტორში შეიქმნა 130 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი; სიღარიბე ბოლო 8 წელიწადში თითქმის განახევრდა და 20%-ს შეადგენს; ქვეყანაში უთანასწორობა, გამოსახული ჯინის კოეფიციენტით ისტორიულ მინიმუმზეა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე საჭიროებების გარდა, ყოველწლიურად ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართება 6 ძირითადი მიზნის მისაღწევად, რომელთა შედეგებსაც მოაქვს პირდაპირი სარგებელი მოქალაქეების  უმრავლესობისთვის. ეს მიზნებია: მაღალი ხარისხის განათლება; სოციალური მდგრადობა;   ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა; ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და  უსაფრთხოება.

მისივე თქმით,  სწორედ ამ მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული 2020 წლის ბიუჯეტიც.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი ფინანსური რესურსი, ჯამში შეადგენს 16 მლრდ ლარს, მათ შორის 13.6 მლრდ წარმოადგენს არადეფიციტურ შემოსავლებს, ხოლო 2.4 მლრდ ლარი დეფიციტური დაფინანსების წყაროებია.

მისივე თქმით, მთლიანი ფინანსური რესურსის 75.7%-ს მობილიზება ხორციელდება საგადასახადო შემოსავლებიდან, რომელიც 2020 წლისთვის დაგეგმილია 12.1 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო  გრანტების, სხვა შემოსავლების, პრივატიზაციისა და სესხების დაბრუნების ხარჯზე დაგეგმილია მთლიანი ფინანსური რესურსის 9.6%. 14.7%-ის აკუმულირება კი ხდება დეფიციტური შემოსულობებიდან, როგორიცაა საშინაო და საგარეო ვალის აღება და დეპოზიტების ცვლილება.

ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის წევრებს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურა გააცნო, რომლის თანახმად, 16 მილიარდიანი ფინანსური რესურსის 91% ხმარდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს როგორიცაა: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომელზეც იხარჯება 5.2 მლრდ ლარი; საგზაო, მუნიციპალური და სხვა ინფრასტრუქტურის დაფინანსება - 3.0 მლრდ ლარი; განათლების, მათ შორის განათლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება -1.9 მლრდ ლარი; უსაფრთხოების მიმართულებით, ჯარის, პოლიციის და სხვა ძალოვანი უწყებების დაფინანსება - 2.0 მლრდ ლარამდე; საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის აღებული სახელმწიფო ვალის მომსახურება და დაფარვა -1.7 მლრდ ლარი; კულტურისა და სპორტის დაფინანსება - 500.0 მლნ ლარზე მეტი; მცირე მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის, ასევე ინოვაციების მხარდაჭერა - 260 მლნ ლარი.

მისივე თქმით, მთლიანი ბიუჯეტის დარჩენილი 9% ხმარდება სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინსტიტუციების, მათ შორის: სასამართლოს სისტემის, საქართველოს პარლამენტის, ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახალხო დამცველის და სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების, ასევე ისეთი სამინისტროების დაფინანსებას, როგორიცაა საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროების და მუნიციპალური მმართველობის ორგანოების დაფინანსებას.

ივანე მაჭავარიანმა დეტალურად ისაუბრა განათლების სისტემის დაფინანსებაზე, სადაც   ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიური ზრდის შედეგად დაფინანსება გასამმაგდა და 2020 წელს 1.9 მლრდ ლარს შეადგენს, ასევე სოციალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილ ნაბიჯებზე, რისთვისაც დამატებით 300.0 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ასევე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსებაზე,  ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე,  უსაფრთხოებაზე და სხვა მიმართულებებზე. 

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ იმ მაღალ ხარისხს, რომელიც ვლინდება საბიუჯეტო პროცესში ჩართული ყველა მხარისაგან. მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობისათვის, ასევე, მსურს გამოვყო საპარლამენტო კომიტეტების როლი მომავალი წლის ბიუჯეტის დახვეწის პროცესში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით გამოვყოფდი წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და მის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი კოვზანაძეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მოხსენების დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

„მეც მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კოვზანაძეს და კომიტეტის წევრებს, ჩემს კოლეგებს აქტიურად ჩართულობისთვის. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, როგორც პარტიის შიგნით, ასევე საპარლამენტო ფორმატებში და ვფიქრობ, ეს განხილვებიც კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, რომ საკითხები, რომელიც რჩება ღიად განვიხილოთ მინისტრთან საპარლამენტო ფორმატში“, -  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა თანამომხსენებელი, პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

„ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა როცა ბიუჯეტი მშპ-ს საკმაოდ ამბიციური მაჩვენებლით - 5%-იანი ზრდით იგეგმება. მივესალმები მთავრობის თამამ გეგმებს, თუმცა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2020 წელს მარტივი  არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.  

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9%-ს მიაღწია, წლის შედეგებით სავარაუდოდ 7%-ს გადააჭარბებს. ირაკლი კოვზანაძის აზრით,  ეს ფაქტორი  დიდი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვის.

„ძვირი ფულის“ პოლიტიკა კი, რომელსაც ეროვნული ბანკი მიმართავს,  ინფლაციის შეკავებასთან ერთად,  ეკონომიკურ ზრდასაც შეაფერხებს,“ - განაცხადა  ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ვერსია არსებითად არ განსხვავდება პირველადი პროექტისგან და მასში არ არის ასახული გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციები.

იმედს გამოვთქვამ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე საბოლოოდ იქნება შეთანხმებული საერთაშორისო ფულად-საკრედიტო ორგანიზაციებთან და მასში ოპტიმალურად იქნება ინტეგრირებული საქართველოს პარლამენტში გამოთქმული რეკომენდაციები“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ  2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი  არსებულ რეალობას ითვალისწინებს, იგი დაბალანსებული დოკუმენტია და მასში ნათლად ჩანს, რომ  ხელისუფლების პოლიტიკური კურსი მიმართულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლიანობის გაზრდის, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური აღმავლობის და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის მშენებლობისაკენ.

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითად პარამეტრებზე დასკვნები წარმოადგინეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის ცალკეული წევრები, ასევე პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში:

„მისასალმებელია 2020 წლის ბიუჯეტში, განათლების მიმართულებით გათვალისწინებული, მნიშვნელოვნად გაზრდილი ინვესტიციები, თუმცა, კომიტეტის სახელით, გვინდა, მთავარი აქცენტი გავაკეთოთ კულტურის სფეროს დაფინანსებაზე. გვქონდა სამუშაო შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, მინისტრის მოადგილესთან და სულ მცირე, 15 მლნ ლარით ზრდა არის ის მინიმალური მოთხოვნა კომიტეტის სახელით, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება კულტურის სფეროს თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი ანაზღაურების შესაქმნელად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის ცალკეული წევრები:

ლელა ქებურია: „არასწორია ის, რომ ვერ მოიძებნა თანხები ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლების ხელფასების გასაზრდელად, სამაგიეროდ, ბიუჯეტიდან თვითმმართველობის აიპ-სთვის სუბსიდიის სახით 2018 წელს გაიცა 429 მლნ ლარი და არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს როგორ იხარჯება იქ თანხები“. 

სერგო რატიანი: „სტუდენტური  დაფინანსება შემოიღეს 2013 წლიდან და მე ვსაუბრობდი, რომ ეს არის მავნებლობა, ეს არის არარაციონალური  ხარჯვა, ეს არის უსამართლობა, როდესაც ის ვინც ვერ იღებს 50% - იან დაფინანსებას,  100%-ით აფინანსებთ იმიტომ, რომ გარკვეულ ფაკულტეტზე შედის, ვიღაცას კიდევ ორჯერ აფინანსებდით. გითხრათ აუდიტის სამსახურის უფროსმა, რომ ეს არის არარაციონალური ხარჯები, უსამართლობა  და წლების განმავლობაში ეს ასცდა 50 მლნ-ს ლარს“.

ბექა ნაცვლიშვილი: „ნუ ვაშინებთ ხალხს, რომ თითქოს  მინიმალური ხელფასი უმუშევრობას გამოიწვევს და ა.შ. ამის არც ერთი პრაქტიკული მაგალითი არ არსებობს. რაც შეეხება ჩრდილში გადასვლას, ამიტომ გვყავს შრომის ინსპექცია, რომ ამაზე გაამახვილოს ყურადღება და შეამოწმოს ნებისმიერი საწარმოო იქ ოფიციალურად ამუშავებენ ადამიანებს თუ არაოფიციალურად. ამიტომ, ნუ ვაშინებთ ადამიანებს იმის გამო, რომ დაწესდეს მინიმალური ხელფასი. ეს არის ადამიანების მანიპულირება“.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი კობა კობალაძე:

„ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საყოველთაო თავდაცვის სისტემაზე ქვეყნის გადასვლას. ამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შემადგენელი ნაწილი არის ის ქმედითი სამობილიზაციო რესურსი, რომელსაც წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დამსახურებული ვეტერანთა შემადგენლობა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება იმის, რომ ამ ხალხს რეალურად მივცეთ საშუალება, რომ რეორგანიზაციის, გადამზადების, სწავლებების და სხვა თვალსაზრისით, შესაძლებლობა გაუჩნდეთ საზოგადოების აღმშენებლობის საქმეში დაიკავონ თავისი ადგილი“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე:

„ეს ბიუჯეტი არ ემსახურება ქვეყნის განვითარებას, არ ემსახურება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ეს არის რისკის შემცველი ბიუჯეტი, ბიუჯეტი, რომლის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში არ იქნება  სტაბილური ლარი, კვლავ გაგრძელდება ფასების ზრდა და კვლავ იქნება ისეთი ვითარება, რაც ვნახეთ  ამ წლის განმავლობაში, როდესაც სურსათზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები 15-17%-ით გაიზარდა, თამბაქოზე 27%-ით  და მრავალ სხვა საქონელზე“.

უმრავლესობის სახელით გამოვიდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე:

„ეს ბიუჯეტი, ისევე როგორც ბოლო წლების ყველა ბიუჯეტი, დაბალანსებულია და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას და კანონს, რომელიც არის ევროკავშირის მოთხოვნებით,  მაასტრიხტის ხელშეკრულებით და ასევე, ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული. ამასთანავე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სავალუტო ფონდი ეთანხმება და მხარს უჭერს ამ ბიუჯეტს, ეს ნიშნავს, რომ  ბიუჯეტი მართლაც არის გაწონასწორებული და ყველანაირად აკმაყოფილებს კარგი ბიუჯეტისათვის საჭირო მოთხოვნებს“.

დეპუტატების გამოსვლების შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

„საბიუჯეტო პროცესს სათანადო ყურადღება ჰქონდა პარლამენტის მხრიდან. მგონია, რომ წელს განსაკუთრებით ამაღლდა  თანამშრომლობის სტანდარტი და მინდა გამოვყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის განსაკუთრებული როლი, რომელიც ყოველთვის  ჰქონდა, მაგრამ წელს ხარისხობრივად სხვა დონეზე ავიყვანეთ თანამშრომლობა და ეს სტანდარტი შენარჩუნდება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 14 ნოემბერს.

სხდომა 12:00 დაიწყება.

გალერეა

  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა, 2019 წლის 13 ნოემბერი