პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩია

20 მარტი 2015
პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩია

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურას 88 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ნინო გვენეტაძის ბიოგრაფიული და პროფესიული მონაცემები საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გააცნო.

დღესვე, პლენარულ სხდომათა დარბაზში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საზეიმო ვითარებაში პარლამენტისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე ფიცი დადო, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა.

„კოლეგებო დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მივიღეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, რომელმაც მოახერხა კონსენსუსის მიღწევა პარლამენტში. ეს მისი დამსახურებაა და არა ჩვენი, და არა მარტო პარლამენტში, არამედ სახელისუფლებო შტოებს შორის. შეგახსენებთ, კანდიდატურა დასახელებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჩვენ საშუალება გვქონდა მიგვეღო შესაძლოა ჩვენი მოწვევის პარლამენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც 10 წლის ვადითაა გამიზნული და განსაზღვრული და მინდა გამოვთქვა არა მარტო იმედი, არამედ რწმენა იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყოს ყველაზე უფრო სანდო, ისეთი ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებში იწვევს ნდობას. არის ბოლო იმედი ყველაზე უფრო უიმედო სიტუაციაშიც კი, რომ სიმართლე და სამართალი არ დაიკარგება. გისურვებთ ამ პრინციპების ერთგულებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.