პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს

12 ივნისი 2020
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო „მინისტრის საათის“ ფორმატში, მთავრობის წევრების მოსმენებს აგრძელებს.

დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

„ეს ფორმატი არის გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ის ახალი სტანდარტი, რომლის ნებაც გამოხატა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და რომელსაც საფუძველი ჩაუდო 2012 წლის არჩევნებმა. თქვენს წინაშე გამოვდივარ ჩვენ მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებით და საქმით. ჩვენი ღირსეული სამხედროები, იცავენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მსოფლიოს უსაფრთხოებას და მშვიდობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მომხსენებელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებზე.

მინისტრმა უმთავრეს გამოწვევად რუსული ოკუპაცია დაასახელა.

„ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ურთულესი უსაფრთხოების გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება. რეგიონის მნიშვნელობის ფონზე იკვეთება საქართველოს წინაშე, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე მომდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას. შავი ზღვა, კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები, მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს, მაღალი სიზუსტის და დიდი სიშორის სახმელეთო-საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არსებობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად დაასახელა ე.წ ბორდერიზაციის პროცესი, თანმდევი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ოპერაციების წარმოებით.

მთავრობის წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებული შიდა და გარე საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლითაც თავდაცვის უწყება, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ხელმძღვანელობს.

მომხსენებელმა, რეგიონისთვის გლობალური მასშტაბის გამოწვევად კიბერსივრცე დაასახელა.

მინისტრმა კიბერუსაფრთხოების კუთხით ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ესტონეთთან და ლიეტუვასთან მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

მინისტრის განცხადებით, გარე საფრთხეების გარდა, ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჩანს სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურება, რომელთა უპასუხისმგებლო ქმედებებით ქვეყანაში ძლიერდება რყევები.

„ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დესტრუქციული ძალის გააქტიურებას, ქვეყანაში რყევები ძლიერდება მათი უპასუხისმგებლო ქმედებებით, რომელთა ერთ-ერთ მიზანს წარმოდგენს მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტება. დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია, მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი ნდობის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიც არის ეკლესია, ჯარი, პოლიცია, ასევე მიუღებელია საზოგადოების განწყობაზე მნიშვნელოვანი აზრის მქონე ლიდერები და ინდივიდები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გააქტიურდა და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს, როგორც უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უწყების დისკრედიტაციის მცდელობის კამპანია.

„რიგ შემთხვევაში, დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმასაც იძენს – სამხედრო ფეხსაცმელის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების, თუ სადეზინფექციო ხსნარების შეძენის საკითხებით მანიპულირება.

ჩვენში განსაკუთრებულ შეშფოთებს იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება.

აღნიშნული მიზანმიმართული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა თავდაცვის ძალების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, თავდაცვის ძალების მიერ გამოვლენილი მაღალი ეფექტური რეაგირების ფონზე.

დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება.

საბოლოო ჯამში, დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალებისა და პირადად ჩემს მიმართ, ჩემ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის მიზანია, საზოგადოების თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას და ერთ-ერთი იდეის, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებით ბარიერების შექმნას და საბოლოოდ თავდაცვისუნარიანობის მოშლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამის პასუხად მთავრობის პოლიტიკაა სტაბილურობა და განვითარება, პროვოკაციებზე მშვიდი, ეფექტიანი და კომპეტენტური რეაგირება.

„სამშვიდობო პოლიტიკა სამეზობლოში და პარტნიორებთან სამხედრო და უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის მაქსიმალური გაღრმავება წარმოადგენს დესტრუქციული ძალებისთვის ერთ-ერთ ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარეობს მთელი რიგი ფსევდოდასავლური ორგანიზაციების დესტრუქციული აქტივობა და ძლიერდება ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალების მიერ საზოგადოებრივი განწყობების სხვა მიმართულებით შეცვლის პროცესი.

სიტყვით გამოსვლისას მომხსენებელმა ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და თავდაცვის სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედად სწორედ, ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა დაასახელა.

მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით, საქართველომ როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში.

„საქართველო დღეს ნატო-ს ღირსეული სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

„აშშ-სთან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის ახლა. ეს არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მთავრობის წარმომადგენელმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად მიმდინარე წარმატებულ პროექტს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას.

მინისტრის განცხადებით, ამ პროექტმა სრულიად ახალ ეტაპზე გაიყვანა ქართული ჯარის მომზადების ხარისხი და ის ბევრად მაღალია, ვიდრე წინა წლებში.

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეშვეობით, თავდაცვის ძალებს უკვე აქვს შესაძლებლობა არა მარტო მოამზადოს ქვედანაყოფები ეროვნული მისიების შესასრულებლად, არამედ სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა ასევე წარმატებული თანამშრომლობა აღნიშნა დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებთან, თურქეთთან, შავი ზღვის რეგიონის, ქვეყნებთან.

სიტყვით გამოსვლისას, მომხსენებელმა საერთაშორისო წვრთნებში სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და როგორც აღნიშნა, მრავალმხრივ საერთაშორისო წვრთნებში დინამიური მონაწილეობა ზრდის სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან.

მისი განცხადებით, დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია.

მისი თქმით, უფრო ეფექტიანი და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ათწლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება.

მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები.

თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ის ძირითადი მიმართულებები გამოყო, რაც თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.

მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია და უწყების ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის, საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობების და საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის მოდერნიზების მიმართულებებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ავიაციის განვითარებაზეც გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით.

„ყველა რეფორმა ემსახურება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას, სწორედ. ეს იყო მთავარი მოტივაცია, როდესაც 2020 წელი ჩვენ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოვაცხადეთ. ჩვენი გეგმა დაეფუძნა იმ საჭიროებებზე და ნაკლოვანებებზე კვლევას, რაც აწუხებდა ჩვენს ჯარს“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ჯარში ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურისა და სოციალური თვალსაზრისით იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა.

„ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტა. 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება სრულად მოდერნიზებული, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა, რითიც კიდევ ერთხელ დავაფასებთ ჩვენს ჯარისკაცებს და მათ ღირსეულ პირობებს შევუქმნით“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიის დროს გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობისთვის ქართველ სამხედროებს მადლობას გადაუხადა.

„სამხედროებმა, პოლიციელებმა და ექიმებმა ერთად, ეფექტიანად განახორციელეს ყველა საპრევენციო ზომა და საკონტროლო ღონისძიებები. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს კორონავირუსის მსოფლიო პანდემიისას გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მოხსენების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და გარკვეულ მიმართულებებზე დამატებითი ინფორმაციები წარმოადგინა.

სხდომა საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციებისა და ცალკეული დეპუტატის გამოსვლებს დაეთმო.

საკითხზე თანამომხსენებელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი
ირაკლი ბერაია:

 „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, თავდაცვის სფეროში განხორციელდა და მიმდინარეობს ყველაზე მასშტაბური, ამბიციური და შედეგზე ორიენტირებული რეფორმები - ეს არის ნაბიჯები, რაც ხორციელდება თავდაცვის მინისტრის ლიდერობით და რომლითაც ვამტკიცებთ არა მარტო ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, არამედ ასევე, ვიცავთ ჩვენი პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესებს ამ რეგიონში. ჩვენ მოვისმინეთ ამომწურავი ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს ნატოს ყველაზე მთავარი ასპირანტი პარტნიორის - საქართველოს თავდაცვის ძალების ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარება, მისი შეიარაღების და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, პირადი შემადგენლობის ეკიპირების, საცხოვრებელი, სარეაბილიტაციო და სოციალური პირობების გაუმჯობესება. ეს არის ნაბიჯები, რომელიც მთლიანად ეფუძნება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს, გამოწვევებს და მათ საპასუხოდ განსაზღვრულ ძალთა ოპტიმალური სტრუქტურის ფორმირების ამოცანებს და მისი ეფექტური ფუნქციონირების მიზნებს. ეს არის ნაბიჯები, რომლის მიზანიც არის ბრძოლისუნარიანი და თვითმყოფადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება, რომელიც მთლიანად შესაბამისობაშია უელსის და ვარშავის სამიტებზე განსაზღვრული ალიანსის განახლებული შეკავების პოლიტიკის პრიორიტეტებთან“.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ალექსანდრე ქანთარია:

„ვერ წარმომიდგენია თავს თვლიდე პოლიტიკოსად, ოპოზიციონერად და თავდაცვის მინისტრთან არ გქონდეს შეკითხვები. ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს ზიანი მიაყენოს და ეროვნული სულისკვეთების განცდა წაშალოს და გააუფერულოს. მათი დარბაზში არყოფნის მიზეზი კი არის ის, რომ მათ არ სურთ თავიანთი მომხრეების თვალში კიდევ ერთხელ გაბითურდნენ. თამამად შიძლება ითქვას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა საიმედო ხელშია, რაც მინისტრის და მისი გუნდის დამსახურებაა. მე მჯერა, თქვენ ყველაფერს ეცდებით, რომ არ მოახდინოთ ომის პროვოცირება, მაგრამ თუ ეს მოხდა, იმისიც მჯერა, რომ თქვენ ჯარისკაცებს არ დატოვებთ ბრძოლის ველზე, მჯერა იმის, რომ მტრის თვითმფრინავის დანახვაზე თვალი წითელი ხიდისკენ არ გაგექცევათ და მჯერა, რომ მაქსიმალურად შეეცდებით რომ ჯარი იყოს მუდმივად მზადყოფნაში ქვეყნის დასაცავად“.

დეპუტატის სახელით
მამუკა მდინარაძე:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2017 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა 78-ე მუხლი: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ბატონო ირაკლი, დღეს ჩვენ თქვენგან მივიღეთ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია კონსტიტუციის ამ დავალების შესასრულებლად რა კეთდება და რა ღონისძიებებს ატარებს თქვენი უწყება. მე ქედს ვიხრი ყველა ჯარისკაცის და ყველა სამხედრო პირის წინაშე. დარწმუნებული ვარ ეს მიზანი აღსრულდება, აქ საუბარია მხოლოდ დროზე.
საპარლამენტო ოპოზიცია არ ერთვება თქვენთან დისკუსიაში და ამის მიზეზი შეძლება იყოს რამდენიმე. პასუხი პირველი - ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად, ცდილობდნენ ეს რუსული საქმე დაებრალებინათ სხვისთვის და დღეს ეს გაუჭირდებოდათ. პასუხი მეორე - მათ რეალურად თქვენთან კითხვები არ აქვთ. პასუხი მესამე - ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მათი დღევანდელი ერთ-ერთი ლიდერი ე.წ პოლიტპატიმარი ასე ფიქრობს და მოდით მას თავად მოვუსმინოთ: (ირაკლი ოქრუაშვილის აუდიო ჩანაწერი „...ეს ონკანი მდებარეობს დიღომში ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას“). ეს არის ოპოზიციის პასუხი, მათი რეალური სახე და ეს მათ ყოველთვის უნდა გაახსენდეთ, როდესაც ვინმეს პრორუსულობას დააბრალებენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ივლის იმ გზაზე, რაც მისი ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა“

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“
გია ჟორჟოლიანი:

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით, 2004 წლიდან 2012 წლამდე თავდაცვის სამინისტროს, ჯარის, შეიარაღებული ძალების პოლიტიზირების მცდელობა ხდებოდა. ეს მცდელობა იყო დამღუპველი. დღესაც კვლავ არის მცდელობა პირდაპირ ვიტყვი „ნაციონალური მოძრაობის“ და სამწუხაროდ, არა მხოლოდ. შეიარაღებულ ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან „ქართული ოცნების“ პერიოდშიც საქმე ჰქონდა ადამიანებს, რომლებიც პოლიტიზირებას დღესაც აგრძელებენ. აქ დეპოლიტიზირება კი არ არის საჭირო, არამედ ნეიტრალობაა საჭირო, თორემ პოლიტიკური კარგი გაგებით, პატრიოტები და ქვეყნის მსახურები, ჯარი და შეიარაღებული ძალები უნდა იყვნენ მაგრამ ისინი არ უნდა იყვნენ პარტიასთან აფილირებულები, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებასთან“. სამწუხაროდ, პოლიტიზირების ის ფორმა, რომელიც გრძელდება, ხშირად იწვევს უკურეაქციას და მთავარია აქ დავიცვათ ისეთი ზღუდე და ზღურბლი, რომ პირიქით არ გავაკეთოთ. თუ მართლაც გვინდა დეპოლიტიზირება, ამისთვის ყველაზე კარგი იქნება ის, რომ ისეთი პოლიტიკური ძალები არ იყვნენ ასპარეზზე, რომლებიც ამის პოლიტიზირებას ცდილობენ. ჯარი, თავდაცვა, პატრიოტიზმი, ეს არის ხელშეუხებელი. ყველამ ერთად გავაგრძელოთ სახელმწიფოს მშენებლობა“.

ფრაქცია „ქართული ოცნება“
გიორგი ვოლსკი:

„დეპოლიტიზაციის თემა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან, როდესაც ადამიანს აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას მეორე ადამიანი და აცვია სამხედრო ფორმა, ის არ კითხულობს რომელ პარტიას განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება, მისი შვილი, ან მისი ოჯახის წევრი და ამით ის ჩვენზე მაღლა დგას, ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსზე, ვინაიდან მზად არის შესწიროს სიცოცხლე. რათა დაგიცვას შენ, დაიცვას თავისი სამშობლო. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ჩვენ ვერ ვპოულობთ საერთო ენას ხშირ შემთხვევაში თუნდაც. ისეთ საკითხებზე, სადაც საზღვარგარეთ განვითარებულ დემოკრატიებში ოპოზიცია და უმრავლესობა ჯერდებიან კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ეს თემა არის დაღუპული ჯარისკაცები, ბრძოლის ველზე მიტოვებული ჯარისკაცები. ეს არის ერთ-ერთი საგანგებო საკითხი, რომელიც ახასიათებს ჩვენს თანამედროვე ისტორიას და რასაც არა აქვს პატიება. არც არავის უთხოვია პატიება. დიდი მადლობა ყველას, რიგითიდან დაწყებული დამთავრებული მაღალი რანგის ოფიცრებით, ქალბატონებს განსაკუთრებით იმისათვის, რომ ჩვენ მშვიდად ვართ, იმისათვის, რომ გვაქვს იმედი, რომ საქართველოს როგორც კი გაუჭირდება, უამრავი ადამიანი დადებს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი თითოეულის ოჯახისათვის, ჩვენი შვილებისათვის თავს, დიდი მადლობა ამისათვის“.

საპარლამენტო უმრავლესობა
ირაკლი სესიაშვილი:

„ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ოკუპაცია და თავისთავად ცხადია, რომ ბევრი რამე არ არის დამოკიდებული თუ როგორ იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ომს არ იგებს ჯარი, ომს იგებს სახელმწიფო, ქვეყანა იგებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ერთობა. თავდაცვა და უსაფრთხოება არის საერთო-ეროვნული ინტერესი. აქ ყველას მოეთხოვება კონსოლიდირება საერთო ინტერესებისთვის, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ დარბაზის მარჯვენა ფლანგზე, რომელთაც გგონიათ, რომ ხელისუფლება არის მხოლოდ უმრავლესობა. არა ბატონებო, ხელისუფლება არის ოპოზიციაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან უნდა სდევდეს სწორი პოლიტიკური კულტურა. მეორე მთავარი მიზანი ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და აქ თავდაცვის სამინისტრო არის ფლაგმანი, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები არიან ფლაგმანები. როდესაც საქმე თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეეხება და თავად ვამბობ, რომ აქ კონსოლიდაცია გვჭირდება ხოლმე, სულ ვამბობ, რომ ჩემი გამოსვლა არ იყოს პოლიტიზირებული, მაგრამ მიწევს, რამდენადაც ჩვენი ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერს“ ვგულისხმობ, მუდმივად ცდილობს დარტყმა მიაყენოს ჩვენს ღირებულებებს. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მაზოხიზმი არის, როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტს ეჭვქვეშ აყენებ. იმიტომ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი. ის ხელისუფლება, რომელიც ამ გზაზე სწორად და შემართებით არ იქნება, ის ვერასდროს მიიღებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. როდესაც ვიღაცა ამ მიმართულებით კითხვას სვამს, ეს ნიშნავს, რომ ის ამ ოჯახის წინააღმდეგია. ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი ოჯახი და მეორე მხარეს გვყავს ოკუპანტი, რომელიც არის მკვლელი და როდესაც ამ მარტივ რეალობასთან მიმართებაში კითხვას სვამ, ეს აცდენილია ყველანაირ გონიერებას, ამიტომ ვთვლი, რომ ასეთი კითხვა და ასეთი ეჭვების გამოთქმა, პოლიტიკური მაზოხიზმია“.

თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი:

„მინდა მადლობა გითხრათ ყველას, თქვენი ჩართულობისთვის, თქვენი მოსმენისთვის, შეკითხვებისთვის. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ჩვენ გვაძლიერებს, გვაძლევს დამატებით მოტივაციას. ჩვენი ერთობა არის გადამწყვეტი. ერთობით ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი გავუკეთოთ თავდაცვის ძალებს, მთავრობამ პარლამენტმა ერთად, გავაძლიეროთ ჩვენი ღირსეული საამაყო ჯარი. ვემსახურები საქართველოს!“

გალერეა

  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი
  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს, 2020 წლის 12 ივნისი