საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს

28 ნოემბერი 2019
საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს

საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს მთავრობის წევრს, ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმინეს.

მინისტრმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საბიუჯეტო პოლიტიკასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა და 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები წარადგინა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმისათვის, რომ ინსტიტუციურ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი ეფექტიანი სახელმწიფო ფინანსების მართვა, აუცილებელია არსებობდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები.

მინისტრმა აღნიშნული ამოცანის წარმატებით შესასრულებლად, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. ფისკალური ჩარჩოს შემუშავება, ფისკალური გამჭვირვალობა, რისკების მართვა, ფისკალური წესები და ფისკალური საბჭოს შემუშავება არის სწორედ ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც მინისტრმა თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა.

მან ასევე საზოგადოების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (IBP) შეფასებით, ღიაობის ინდექსით, საქართველო 82 ქულით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა და ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ შვედეთს და ნორვეგიას აქვთ უკეთესი შედეგი.

გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ფისკალური რისკების ანალიზი და მართვა და ამ მიზნით, ყოველწლიურად ბიუჯეტთან ერთად, პარლამენტს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი წარედგინება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ეფექტიანი სახელმწიფო ფინანსები საშუალებას გვაძლევს გვქონდეს უფრო მაღალი მმართველობის ხარისხი, რაც აისახება მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში, რომელის მიხედვითაც, მმართველობის ხარისხით, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყნების რიგში. ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა: კორუფციის კონტროლი, კანონის უზენაესობა, რეგულაციის ხარისხი, ჩვენ ვუსწრებთ აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, ხოლო ზოგიერთ მაჩვენებელში, პრაქტიკულად, ვუტოლდებით. ეს შედეგები ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისათვის იქნებოდა სასურველი პოზიცია“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს ფინანსთა სამინისტროს საოპერაციო მიმართულებებზე - ბიუჯეტის შესრულებასა და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით გაწეულ სამუშაოებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, 10 თვის მონაცემებით, შესრულებულია დაგეგმილი მაჩვენებლის 84%-მდე უკვე შესრულებულია. აღნიშნული მაჩვენებლის და ნოემბერში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით კი მიმდინარე წელს, საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით იქნება შესრულებული.

მომხსენებელმა ყურადღება კაპიტალური ხარჯების ათვისების ტენდენციებზე გამახვილა. მისი ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივ ბიუჯეტიდან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროექტების შესრულების მაჩვენებელი და მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროგნოზირებულთან შედარებით, წელს, ჩვენ საგადასახადო შემოსავლების გეგმას გადავაჭარბებთ და ველოდებით 130 მილიონით მეტ საგადასახადო შემოსავლებს. რაც ნიშნავს, რომ 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები იქნება 11 მილიარდ 410 მილიონ ლარზე მეტი, რაც გახლავთ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმების შედეგი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მომხსენებელმა კანონმდებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობისა და დროული დეკლარირების მაჩვენებლის გაუმჯობესების, აუდიტორული შემოწმებების, გადასახადების ავტომატური დაბრუნების პროგრამებისა და საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც ტრიბუნა სიტყვით გამოსვლებისთვის საპარლამენტო კომიტეტების და ცალკეული დეპუტატების გამოსვლებით გაგრძელდა.

დეპუტატების შეკითხვები ლარის კურსს, ინფლაციის მაჩვენებელს, დაკრედიტების პოლიტიკას, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შრომითი მიგრაციის საკითხს, სიღარიბის დაძლევის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მინისტრის მოხსენება იყო საინტერესო. მისივე თქმით, მოლოდინი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, რომლის საბოლოო ვერსია პარლამენტმა რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს, პოზიტიურია.

„ჩვენ მოვისმინეთ ფინანსთა მინისტრის საინტერესო გამოსვლა. მე მინდა ფოკუსირება გავაკეთო საბიუჯეტო პროცესზე და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე. ორ დღეში პარლამენტმა უნდა მიიღოს მთავრობისგან 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია. მე ველოდები, რომ მთავრობა გაითვალისწინებს პარლამენტის შენიშვნებს და წინადადებებს, მათ შორის იმ შენიშვნებს და წინადადებებს, რაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ამასთან დაკავშირებით მოამზადა. ველოდები, რომ ასიგნებების ნაწილი იქნება გაზრდილი. რაც შეეხება შუალედურ ვერსიას, რომელიც ჩვენ ათი დღის წინ განვიხილეთ, ითვალისწინებდა 14 მილიარდ 212 მილიონი ლარის დახარჯვას ხარჯების ნაწილში და თითქმის 900 მილიონით აღემატებოდა 2019 წლის კორექტირებულ ვერსიას და ითვალისწინებდა პენსიების ზრდას ყველა კატეგორიის პენსიონრებისთვის, ხელფასების ზრდას პედაგოგებისთვის, პოლიციელებისთვის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის. ბიუჯეტის ეს ვერსიაც ამ თვალსაზრისით იყო ძალიან დაბალანსებული. ბიუჯეტი იყო კარგი, მაგრამ ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საკითხები, რომლის გათვალისწინებასაც ჩვენ მთავრობას ვთხოვდით და ველოდები, რომ ბიუჯეტის ასიგნებების ნაწილი იქნება გაზრდილი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დამოუკიდებელი პარლამენტის დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი შრომითი მიგრაციის პრობლემას შეეხო. მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სტატისტიკას განაპირობებს არსებული საგადასახადო სისტემა და ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ალტერნატიული ეკონომიკური პოლიტიკის შექმნა.

„რატომ გარბის ხალხი აქედან. იმიტომ, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი საგადასახადო სისტემა, რომ მთელი წნეხი დაბალშემოსავლიან მოქალაქეებზე მოდის. არ არსებობს მინიმალური ხელფასი და ეკონომიკის სტრუქტურა გვაქვს მახინჯი. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე ეკონომიკის პოლიტიკა ალტერნატიული არსებობს თუ არა, თუ სხვა ქვეყნებმა ეს გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ ალტერნატიული ეკონომიკის პოლიტიკა არსებობს. ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, რაც ბენდუქიძის დროს საქართველოს ეკონომიკამ დაუშვა“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შრომით მიგრაციასთან და ზოგადად მიგრაციასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირია სპეკულაციები და ეს დაუკავშირეს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამსაც, თითქოს ქართული ოცნების ლიდერი მოსახლეობას საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლისკენ მოუწოდებდეს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტმა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობაზე მუშაობა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო და ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ აქ არ უნდა დასაქმებულიყო ხალხი და რაც შეიძლება ბევრი უნდა გასულიყო საზღვარგარეთ.

„როცა ეს საკითხი არ იყო წესრიგში, ხშირად იყო ტრეფიკინგის საშუალება, ამიტომ აუცილებელია, რომ გარე მიგრაცია, შრომითი მიგრაცია იყოს ლეგალური, კონტროლირებადიც და კანონმდებლობის დონეზეც გამყარებული, რომ დავიცვათ ისევ მოქალაქეების უფლებები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, არც შრომითი მიგრაციაა ნეგატივში წარმოსაჩენი, რადგან ეს არის მსოფლიოში მიღებული, როცა ზოგიერთი მოქალაქე გადის საზღვრებს გარეთ და იქ ეძებს სამუშაოს.

„მიგრაციულ პროცესზე მსურს გავაკეთო განმარტება. ესეც სპეკულაციის საგანი ხდება და გვესმის ჩვენ თითქოს დღეს, ამ ბოლო წლებში უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას, ვიდრე ეს იყო აქამდე. სხვათა შორის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მოაქვთ ხოლმე მტკიცებულებად და ვფიქრობ უპრიანი იქნება ისევ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით შევეცადო გავაკეთო განმარტება. სწორედ ამ სტატისტიკის მონაცემებით პიკური მაჩვენებელი, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, იყო 2009-2011 წლები, როცა ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რიცხვი იყო ორნიშნა. დღეს ეს ციფრი არის ერთნიშნა. მიგრაციული სურათი დღეს არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ვიდრე ეს იყო აქამდე. ამიტომ შეეშვით სპეკულაციას, თუ თქვენ გაწუხებთ ქვეყნის ბედი, ვისაც ეს ეხება, იმათ გასაგონად ვამბობ, სწორად, ობიექტურად წარმოაჩინეთ სურათი და არ ეძებოთ მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი, ქვეყანა და მისი მომავალი სწორად დაიგეგმება მაშინ, როცა რეალობას გაუსწორებთ თვალს და არა იმის ძიებას, ვინ როგორ შემოაღწიოს პარლამენტში და როგორ წარმოაჩინოს შენება - ნგრევად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პლენარულმა სხდომამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინ „სააგენტოს“ განმარტებას, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებების შესრულება და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საჭირო რესურსების კონსოლიდირება. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან, სტატუსის მინიჭების წესთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები.

მისივე თქმით, კანონპროექტი მეორედ მოსმენით განხილვისას წარმოდგენილი იქნება საკომიტეტო მოსმენების დროს რიგ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.

საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით განსახილველად იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

კანონის პროექტის თანახმად მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. კანონის პროექტით იცვლება კანონის სახელწოდება და ნაცვლად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა, იგი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის პროექტის თანახმად, რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. კანონის პროექტით ახლებურად რეგულირდება, აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადასთან, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლებთან და ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული საკითხები.

„მთავარი ამოცანა, რაც კანონპროექტზე მუშაობისას გვქონდა, იყო მოსპობა მაქსიმალურად ყველა ისეთი წინაღობისა, რომელიც შეიძლება ჩაგვეთვალა უსარგებლოდ და ხელისშემშლელად რეგისტრაციის განხორციელებისათვის. შედეგად, შემიძლია მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, რომ კანონის მხარდაჭერის შემთხვევაში, რეგისტრაცია გახდება უპრეცედენტოდ ეფექტიანი და უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება საქართველოს მთლიანი ტერიტორიის მოცვა დაზუსტებული, სრულფასოვანი და სწორი საკადასტრო მონაცემების მქონე რუკით. რაც იქნება დიდი სტიმული ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დეპუტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მთავრობის ინიციატივები, რომლებსაც დღეს პლენარული სხდომა იხილავს საგანგებო მნიშვნელობის სახელმწიფო თემებს ეხება და ამ სიახლეებმა სიტუაცია სოფლად მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი შეაჯამა.

„ეს არის ძალიან მნიშნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული. ძირითადი არსი კანონპროექტის არის მიწის რეგისტრაციის რეფორმის გაგრძელება და პროცედურების კიდევ უფრო გამარტივება. ჩვენ, მთელი გუნდი, პარლამენტარები და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ვიყავით გასული რეგიონებში, გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები და ყველგან ეს იყო აქტუალური საკითხი, რომელზეც იყო ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა, რომ შევამციროთ ბიუროკრატია და გამარტივებული პროცედურებით მათი ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ.
ეს პროექტი ჩენი საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ვერც ერთმა ხელისუფლებამ აქამდე ასეთი გაბედული ნაბიჯი ვერ გადადგა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სწორედ იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის მეშვეობით წარმოვადგინეთ პროექტი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესების გატარება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტზე იუსტიციის სამინისტროს აქტიურად აქვს ნამუშევარი, პროცესში საპარლამენტო კომიტეტები აქტიურად არიან ჩართული, რათა რიგი საკითხები კიდევ მეტად დაიხვეწოს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კოლეგებს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულების, მიწის რეგისტრაციის გამარტივების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„რეგიონებში შედგა 1500-მდე შეხვედრა და მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ თითქმის არ ყოფილა შეხვედრა, სადაც მიწის რეგისტრაციის გამარტივების საკითხზე არ ყოფილიყო მსჯელობა და მოთხოვნა მოსახლეობისგან. აქ არის საუბარი საკითხზე, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებულად კი, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ერთერთი პირველი და მთავარი მოთხოვნა. მხარი უნდა დავუჭიროთ იმ მოთხოვნას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებთან ავიღეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კანონმდებლებს საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით განსახილველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონის პროექტის თანახმად იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელწოდება. კეძოდ, ის განისაზღვრება შემდეგნაირად - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

პლენარულმა სხდომამ ასევე პირველი მოსმენით იმსჯელა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტი კანონმდებლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა წარუდგინა.

კანონპროექტის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებულ ნატოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შემოსვლის და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მომხსენებლის განმარტებით, ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ურთიერთ თავსებადობის ამაღლება და ამა მიმართულებით ცალკეული წვრთნების გაძლიერება და წარმოდგენილი კანონპროექტი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებების და რეგულაციების პრაქტიკაში უფრო მეტად იმპლემენტაციას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ასევე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“ - ის დაფუძნებას ითვალისწინებს დასაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველთან, ამოცანებთან და ფუნქციებთან, სტრუქტურასთან, მართვასა და წარმომადგენლობასთან, ქონებასთან, სახელმწიფო კონტროლთან, საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს. დღესვე, კანონმდებლებმა სხდომაზე განხილულ საკითხებთან ერთად კენჭი პარლამენტის პოლიტიკურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებსაც უყარეს.

კენჭისყრის შედეგად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ კახაბერ კუჭავა 83 ხმით, და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გურამ მაჭარაშვილი-81 ხმით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი - 76 ხმით აირჩიეს.