საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს

21 დეკემბერი 2017
საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებების და პოზიციების გამოსახატავად, საპარლამენტო ტრიბუნა ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს დაეთმოთ.

სახელისუფლო გუნდის კრიტიკას დაუთმეს თავის გამოსვლა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომან გოცირიძემ და ნიკანორ მელიამ. მათ საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების სფეროში გატარებული რეფორმები გააკრიტიკეს. მათივე განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია განსხვავებულ აზრს სათანადო პატივი სცეს და მათი მოსაზრებებიც მოისმინოს.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროინტეგრაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ყველა იმ პროცესის, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დეოკუპაციას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.

მისი თქმით, მთავრობის დამტკიცების პროცესში მთავრობისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ოპოზიციამ პრობლემები წარმოაჩინოს.
გიორგი წერეთელმა ყურადღება ნარკოპოლიტიკის საკითხსაც დაუთმო და აღნიშნა, რომ დაცული უნდა იყოს ბალანსი, რომ არ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების წახალისება, მაგრამ ის იზიარებს პოზიციას, ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. გიორგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიცია მხარს არ უჭერს მთავრობას და პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებს, მაგრამ იმ საკითხებში, რომლებსაც მთავრობა კარგად დაგეგმავს და ქვეყნის მოსახლეობასაც წაადგება, წარმატებას უსურვებს, რათა ქვეყნის მოსახლეობას ნაკლები პრობლემები ჰქონდეს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის გუნდს სანდო მთავრობის ფუნდამენტური ნიშანი აქვს. დეპუტატმა წარმატებით განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მომავალზე ორიენტირებული ლიდერია.

„გიორგი კვირიკაშვილის გუნდს აქვს სანდო მთავრობის ფუნდამენტური ნიშანი. ის ყოველთვის იყო ანგარიშვალდებული ხალხთან. ყველას შეუძლია დაინახოს, რომ წლების წინ დეკლარირებული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ღირებულებებისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი განურჩევლად მისი სტატუსისა, მისი დამოკიდებულებისა, მისი შესაძლებლობისა და ამაზე მეტყველებს უამრავი რამ, დაწყებული წარმატებით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმით, სადაც უმნიშვნელოვანესი სიახლეები აისახა ადამიანის უფლებების ნაწილში, გაგრძელებული იმ უმნიშვნელოვანესი რეფორმებით პენიტენციურ სისტემაში, იმ ხედვების პრეზენტირებით, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების, მათ შორის, ბავშვთა უფლებების საკითხს“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ფორმირება, რაც, მისი შეფასებით, გამოწვევებზე საპასუხო ხმამაღალი განაცხადია.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ მთავრობის

განახლებულ შემადგენლობას ნდობას უცხადებს.ფრაქცია „ევროპული საქართველოსთვის“ განკუთვნილი დროით, პარლამენტის წევრებმა სერგო რატიანმა და გიორგი კანდელაკმა ისარგებლეს. პირველი გამომსვლელი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და პედაგოგთა ანაზღაურების წესს შეეხო. მანვე სტატუს შეჩერებულ სტუდენტების საკითხებზე ისაუბრა და პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების საკითხი გააკრიტიკა. მთავრობის წევრების პარლამენტში არც თუ ხშირად სტუმრობის თემას შეეხო თავის გამოსვლაში გიორგი კანდელაკი. მისი განცხადებით, პარლამენტი არა მხოლოდ კანონების შესაქმნელად არსებობს, არამედ მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას მთავრობის საქმიანობის კონტროლიც წარმოადგენს და შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ვალდებულნი არინ უფრო ხშირად ეწვიონ პარლამენტს. გამომსვლელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებსაც შეეხო და ევროსაბჭოში რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნაზე ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შეფასებისას ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების “ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა რომ სოციალ-დემოკრატები მთავრობის შემადგენლობას მხარს უჭერენ. „ამ ცვლილებებს აღვიქვამთ პირველ და მნიშვნელოვან ნაბიჯად 4-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის, რომლის ერთ-ერთი პუნქტია მმართველობის გაუმჯობესება. ჩვენ ამ ცვლილებებს აღვიქვამთ მნიშვნელოვან ნაბიჯად სწორედ ამ მიმართულებით. ამავე დროს გვაქვს მოლოდინები და სურვილები და მზად ვართ ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა და შემდეგ კოლეგებს გაუზიარა ფრაქციის ხედვები ჯანდაცვის, განათლების ბიუჯეტებთან დაკავშირებით, ცალკეული მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე და სხვა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მთავრობა უფრო რადიკალურ ნაბიჯებს გადადგავს.
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართა და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უსაგნო ქმედებები განახორციელეს, რაც მისივე შეფასებით, მცდარი ნაბიჯები იყო.

არლამენტის წევრმა განახლებულ სამთავრობო გუნდთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, სწორ გზაზე დგას. სიმონ ნოზაძემ როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, მთავრობის წევრებს სურამის განვითარების გეგმის მომზადების და შესაბამისი თანხების მოძიების თხოვნით მიმართა. დეპუტატი თავის გამოსვლაში ხაშურის რაიონში პროფესიული სასწავლებლების აღდგენის მნიშვნელობასაც შეეხო.

ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ მთავრობის მიერ გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააკრიტიკა. ამ კუთხით, მან გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თამბაქოს და მანქანების იმპორტზე გაზრდილ გადასახადებზე. მომხსენებელმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა სოფლის მეურნეობის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, რამაც მისი თქმით, სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა.

„პარლამენტი დღეს ახორციელებს თავის ერთ-ერთ ფუნქციას, რაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებას წარმოადგენს. და ეს დაძაბული პროცესია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ სახელით ისაუბრა.

მისი შეფასებით მთავრობის დამტკიცების პროცესს დაძაბული პოლემიკა და დებატები ახლავს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც ის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს მთავრობის ნდობის საკითხს. მანვე ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის გუნდს კონსერვატორები და აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამა ქვეყნის კეთილდღეობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიღწევის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. „პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს წარმოადგინა სამთავრობო პროგრამა და მან ისეთი მხარდაჭერა მიიღო, რომ დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობით ვართ წარმოდგენილი. ეს პროგრამა გაიზიარა ქართველმა ხალხმა და შესაბამისი პოლიტიკური შედეგი დადგა. საქართველომ სერიოზული რეფორმები განახორციელა, რომლებსაც დიდი გამბედაობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჭირდებოდა და გარკვეული შედეგები უკვე მივიღეთ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახით, სადაც საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ კახაბერ ოქრიაშვილმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ფრაქციის ხედვასთან სრულ თანხვედრაშია. მან მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის საკვანძო საკითხები მიმოიხილა. კახაბერ ოქრიაშვილმა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის მზარდ დინამიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას იკავებს. „ქვეყანაში შექმნილია შესაბამისი გარემო, რომელიც ეკონომიკაში აღნიშნულ პოზიტივს განაპირობებს“ - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. მან დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო და ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

მომხსენებელმა ქვეყნის კრიმინალურ ვითარებაზეც ისაუბრა. „მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში დამარცხებულია ორგანიზებული დანაშაული და ზოგადი კრიმინალური ფონი არის დაბალი, შეშფოთება იწვევს ბოლო პერიოდში, მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობის ფაქტები. ეს არის უდიდესი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, მთავრობის განახლებული შემადგენლობა აღნიშნულ გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევს“, - განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა. ფრაქციის თავმჯდომარემ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. „განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების რაოდენობა და მოცულობა აღნიშვნის ღირსია, რის შედეგადაც მოდერნიზებულ ქვეყანას ვიღებთ“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით სამთავრობო პროგრამაში ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საგარეო პოლიტიკას და ქვეყნის უსაფრთხოებას. „ვემხრობით მთავრობის მეირ დეკლარირებულ გრძელვადიან მიზანს ავაშენოთ დემოკრატიული და სტაბილური ევროპული სახელმწიფო. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. “, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმცირესობისთვის განკუთვნილი დროით პარლამენტის წევრებმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და სერგი კაპანაძემ ისარგებლეს. ზურაბ ჭიაბერაშვილი თავის გამოსვლაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, საპენსიო რეფორმა და სახელმწიფო საწარმოებში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკა. სერგი კაპანაძემ კი ის კონკრეტული არგუმენტები დაასახელა, რის გამოც ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას არ უჭერს მხარს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ერთიანი გუნდი ქართული ოცნების სახით, რომელსაც აქვს საერთო ხედვა, საერთო პრინციპები, საერთო ღირებულებები და საერთო პროგრამა, რომლის გამოც, ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას ნდობა ჯერ კიდევ შარშან მაღალი ლეგიტიმაციით დაუდასტურა. მ

ამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება, ისე, როგორც არასდროს, არის მომართული ადამიანის უფლებებისათვის, ადამიანისათვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და ამან არ შეიძლება ასახვა არ პოვოს ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, მთავრობის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი ამ ორი დღის განმავლობაში არც ერთი წამით არ გაქცევიან პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბარს, ამასთან მიმართებით იყვნენ აბსოლუტურად ადეკვატურები. და ამ პრობლემების და გამოწვევების გადაჭრის გზებზე ზუსტად, მიზანმიმართულად, შეგნებულად, გააზრებულად საუბრობდნენ.
„ქართველმა ხალხმა აირჩია ეროვნული და ამავე დროს, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხელისუფლება. ასეთი კონსტიტუცია მივიღეთ წელს ჩვენ, პრაქტიკულად ახალი. ასე მოფიქრალი ადამიანებით არის დაკომპლექტებული პრემიერ კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტი და ამ მთავარი არგუმენტის გამო, იმ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეების გამო, სწორი აზროვნებისა და გამოსავლის სწორად პოვნის უნარის გამო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერა ექნება პრემიერ კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს და მთავრობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა კრიტიკულ შეფასებებს უპასუხა და ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა.
„წინა წელთან შედარებით, 4,7%-იანი ეკონომიკური ზრდა არის. წინა წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. ევროკავშირთან ხელმოწერილია ასოცირების ხელშეკრულება და წინა წელთან შედარებით უვიზო რეჟიმიც გვაქვს ევროპასთან. აშშ-სთან წინა წელთან შედარებით, სტრატეგიული ურთიერთობები უფრო გაღრმავებულია და ბევრად უფრო მტკიცე მხარდაჭერა აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, ვიდრე წინა წლებში ჰქონდა. რაც შეეხება კიდევ ერთ სერიოზულ მიღწევას-შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ევროპოლთან გაფორმებული ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობის ხელშეკრულება. ახლა გვაქვს 15-ზე მეტ ქვეყანასთან და ერთობლივ ოპერაციებსაც ვატარებთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. წინა წელთან შედარებით, 7 მილიონი ტურისტი შემოვიდა წელს საქართველოში და 2.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა ქვეყანას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, განხორციელებულმა 911-მა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა 38 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო კერძო სექტორში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 133 ათასით მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, გაგრძელდება ადმინისტრაციული ხარჯების ტენდენცია, ხოლო ბიზნესის კეთების რეიტინგით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა. დეპუტატმა, ასევე, განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვისა და უფასო სახელმძღვანელოების პროგრამებმა მოქალაქეთა დიდი ნაწილი მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს აარიდა.

უმრავლესობის ლიდერმა განახლებულ სამთვარობო გუნდს წარმატებები უსურვა.
ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების გამოსვლების შემდეგ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.