დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა

05 მარტი 2018
დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს „ევროპული საქართველოს“ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე განხილული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხები.

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ელჩი კელი ტოვებს საქართველოს, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გრძელდება. „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნაში ოპოზიციის გაძლიერება და ამ გზით ქართული დემოკრატიის გაძლიერება. ჩვენ აუცილებლად ერთად ვიმუშავებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებზე, როგორებიც დღეს განვიხილეთ, ეს არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პროცესის მხარდაჭერა. ყველა ამ საკითხში შეერთებული შტატების პოზიციას, მის მხარდაჭერას, მის გვერდში დგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისთვის, და ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ძალა გააგრძელებს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ შეხვედრის კომენტირებისას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ევროპული საქართველო“ ჩვენი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოში დემოკრატია. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო პლურალიზმს, პლურალიზმს როგორც პარლამენტში პარტიებს შორის, ასევე მედიაში. მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტების განვითარება. ზოგადად, განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ვიმუშაოთ და როგორც შეიძლება გაგრძელდეს პარტნიორობა ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად, რაც გულისხმობს ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის შექმნას და საბოლოო ჯამში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას“, - განაცხადა იან კელიმ.

გალერეა

  • დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა, 2018 წლის 5 მარტი
  • დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა, 2018 წლის 5 მარტი
  • დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა, 2018 წლის 5 მარტი
  • დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა, 2018 წლის 5 მარტი