საპარლამენტო უმცირესობამ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანის და მათი სანქცირების შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა

02 მარტი 2018
საპარლამენტო უმცირესობამ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანის და მათი სანქცირების შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა

საპარლამენტო უმცირესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა სიის შედგენას, რომელსაც ეწოდება 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ სასტიკად მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას და 2018 წლის თებერვალში ასევე საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს სანქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დონეზე, რათა მათ შეეზღუდოთ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა თავისუფალი გადაადგილება, მოხდეს მათი ქონებისა და ანგარიშების დაყადაღება, შეეზღუდოთ საქართველოს სახელმწიფო სერვისებზე წვდომა და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით გამოცხადდეს მათზე საერთაშორისო ძებნა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენის და სიაში შეყვანილი პირების სანქცირების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი მომდევნო კვირის მანძილზე განიხილება და პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება.