საპარლამენტო უმცირესობის ბრიფინგი

17 თებერვალი 2017
საპარლამენტო უმცირესობის ბრიფინგი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და საპარლამენტო უმცირესობის სახელით მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. 

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ერთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ არ იგეგმებოდა და არც ყოფილა დაგეგმილი „შეტევა“ და ამასთან დაკავშირებით, განვლილ 24 საათში, არცერთი განმარტება და დამატებითი ინფორმაცია შესაბამისი პოლიტიკური უფლებამოსილი პირების მხრიდან არ გაკეთებულა.

„ჩვენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ორშაბათიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ. მან მიმართა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, შემოუერთდნენ ხელმოწერების შეგროვების პროცესს. 

როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, დღემდე მათი მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული ოპოზიციის კვოტა საპროკურორო საბჭოში, თუმცა, მომავალი კვირიდან აპირებენ ამ საკითხის დაყენებას. 

„მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საპროკურორო საბჭოში, რათა მან საბჭოში დააყენოს მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. მომავალი კვირიდან ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს“, -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ისინი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ოპოზიცია, მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და ყველა პოლიტიკოსს მოუწოდა გამოეხმაურონ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობის ბრიფინგი, 2017 წლის 17 თებერვალი