საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს

20 დეკემბერი 2017
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დღეს, საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში უსმენენ.

საპარლამენტო კომიტეტების მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდგომ, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში გამართულ სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგაცნოთ სამომავლო გეგმები, გაგაცნოთ უკვე დასრულებული საქმეები, მოვისმინო თქვენი რეკომენდაციები და შეკითხვები. მოსული ვარ იმ განწყობით, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ თქვენი შენიშვნები და გვაქვს ის განწყობაც, რომ გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაციაც, თუ ეს კონსტრუქციულ ჩარჩოში წარიმართება“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო პროგრამის იმ მთავარ მიმართულებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლითაც განახლებულ სამთავრობო გუნდს მომდევნო წლების განმავლობაში მოუწევს მუშაობა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ქვეყნის განვითარების, მთავრობის ოთხპუნქტიანი ეკონომიკური გეგმის შესრულების მაჩვენებლები წარუდგინა და განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების სახით, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, წარმოდგენილია ქვეყნის ახალი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების ინსტიტუციონალური დაცვის, ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცების და ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელების მიმართულებები.

თავის გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად იყო გამოცხადებული და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის არსებული არაჯანსაღი პროპორციის შეცვლის მიმართულებით. 20%-ით გაიზარდა პროფესიულ განათლებაში ჩართულ სტუდენტთა რიცხვი. წელს ჩვენ ვიწყებთ აკრედიტაციის და ავტორიზაციის უფრო დახვეწილი სისტემით მოქმედებას იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი თვისობრივად შეიცვალოს ამ ქვეყანაში და ამასთან, გავაგრძელებთ პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა მოდულების დანერგვას, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას მიიღონ ის უნარ-ჩვევები, რაც მათ პირდაპირი დასაქმებისთვის გამოადგებათ. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება საშუალო განათლების სისტემაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკური განვითარების გეგმებზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოგების გადასახადის რეფორმის სახით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის ეკონომიკაში, მინიმუმ 500 მილიონი ლარის საინვესტიციო რესურსი გაჩნდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ არაპირდაპირი გადასახადებიდან მოხდა ბიუჯეტის დაბალანსება საწვავზე, თამბაქოზე და სათამაშო ბიზნესზე პირდაპირი გადასახადების შემოღებით. შემოსავლების დანაკლისი, კი რომელიც მოგების გადასახადის რეფორმამ გამოიწვია, მთავრობის ადმინისტრაციული და სახელფასო ხარჯების შემცირებით დაბალანსდა.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია და მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ახალი დინამიკა მოიტანა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დღევანდელი მდგომარეობით, 4,9%-ის ფარგლებშია. ეს არის რეალური ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით. ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი და რომელიც დამტკიცებულია, არის ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტი დინამიკის მიღება იქნება შესაძლებელი.“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დამწყები ბიზნესის წახალისების მექანიზმებზე და „სტარტაპის“ დაფინანსების ფონდზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც, უკვე, ინოვაციებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული 70-მდე დამწყები ბიზნესია დაფინანსებული.

გიორგი კვირიკაშვილმა „ბიზნეს სახლის“ რეფორმის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი განცხადებით, ეს არის ფუნდამენტალური მმართველობითი რეფორმა, რაც როგორც ბიზნესის კეთების გაიოლების თვალსაზრისით, ისე კორუფციის შანსების შემცირების თვალსაზრისით და გამჭვირვალობის და ეფექტურობის ზრდის კუთხით, სერიოზულ და პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.
გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე გაამახვილა, რაც მისი განცხადებით, ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რეფორმაა. მომხსენებლის თქმით, საპენსიო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს იზრუნონ საკუთარ სიბერეზე და ამაში მათ თანადაფინანსებას გაუწევს როგორც სახელმწიფო, ასევე დამსაქმებელი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ასევე ძირეულ ცვლილებებს მოიტანს საფინანსო სექტორის სფეროში.

რეფორმების შემდგომ მიმართულებად გიორგი კვირიკაშვილმა სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურული განვითარება დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაფინანსების სერიოზული ზრდაა და მომავალ წელს ამ მიმართულებით ხარჯები მილიარდ 800 მილიონზე მეტი იქნება, რაც მისივე განცხადებით, უპრეცედენტო მაჩვენებელია. „ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. უნდა აღინიშნოს ანაკლიის ღრმა წყლოვანი ნავსადგურის განხორციელების პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებულად ხორციელდება. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ძალიან დიდ დინამიკას მოიტანს ჩენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კუთხით მომავალი ათწლეულების მიმართულებით და გახდება საქართველოში დასავლური და აღმოსავლური ინვესტიციების ნაზავი.“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
გამჭვირვალობის, ეფექტური მმართველობის და ჩართულობის კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ინტერნეტ-პეტიციების პორტალის შექმნა, სადაც ათი ათასი ხელმომწერის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება პეტიცია განიხილოს და ხელმომწერებს დასაბუთებული პასუხი აცნობოს. მისივე თქმით, დიალოგისა და ჩართულობის მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთი პლატფორმის შექმნას გეგმავს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის მხრივ, მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეგმის წარმოდგენა მოხდება. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ პარლამენტთან, იმისათვის, რომ კიდევ მეტი დელეგირება მოხდეს თვითმმართველობის ორგანოებზე და მოხდეს მეტი ფინანსების გადაცემა მათთვის,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულება საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ და უმნიშვნელოვანეს ხაზს წარმოადგენს.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის, აგრო-მეურნეობის და კოოპერაციის მიმართულებით არსებულ სამთავრობო გეგმებზე, მიღწევებზე და გამოწვევებზე.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთებით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. „ეს იქნება მსხვილი, ძლიერი სამინისტრო, რომელშიც გარემოს დაცვის მიმართულებას ერთმნიშვნელოვნად ექნება ძალიან დიდი პრიორიტეტი. ეს იქნება ასევე სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად, მთელი ჩვენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების მწვანე კონცეფციის ქვეშ გარდაქმნას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ჩვენს სოფლის მეურნეობაში.“

მომხსენებელმა დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტია გათვალისწინებული და მთავრობა ძალისხმევას არ დააკლებს, რომ დამატებითი ღონისძიებები გატარდეს.

საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების მიმართულებით ხარისხობრივი და თვისობრივად დიდი ცვლილებებია და ახალი ტიპის დაწესებულებების მშენებლობა ერთობლივად და მასშტაბურად მოხდება.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე.

თავის გამოსვლაში, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება არის ქვეყნის და ხელისუფლების უდიდესი მიღწევა: „ეს მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თავისუფალი გადაადგილების, არამედ ჩვენი ქვეყნისათვის პოლიტიკური ნდობის გამოხატვის კუთხითაც, ქვეყნის მიერ აღებული პოლიტიკური კურსისადმი.“

მისი განცხადებით, უმთავრესი მიმართულება ევროკავშირის სტანდარტებისადმი თანმიმდევრული სწრაფვაა, ხოლო ნატოში სრული ინტეგრაცია შეუქცევადი მიზანია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად და ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა აქვს დაგეგმილი როგორც ოკუპაციის პრობლემების საერთაშორისო ფორმატებში აქტიურად დაყენების, ასევე რეინტეგრაციის მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის შემდეგ, უმცირესობის სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრთა შეკითხვებს უპასუხა და რიგ საკითხებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა. უმცირესობის წევრების შეკითხვები ძირითადად ქვეყანის ეკონომიკურ მდგომარეობას, ლარის გაცვლით კურსს, ინფლაციის მაჩვენებელს, ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირის საფასურს, კრიმინალურ ვითარებას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა. დეპუტატები ასევე, განათლების და საპენსიო რეფორმით და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებით დაინტერესდნენ.

მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის წევრები ხვალ, პლენარული სხდომა განიხილავს.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 20 დეკემბერი
  • საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 20 დეკემბერი