გიგი წერეთელი ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რიკერს შეხვდა

11 თებერვალი 2020
გიგი წერეთელი ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ფილიპ რიკერს შეხვდა.

საუბარი შეეხო ტრანსატლანიკურ თანამშრომლობას და შეერთებული შტატების ჩართულობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერორიზმის, მიგრაციის, კონფლიქტების საკითხებში, ასევე, ეკონომიკურ და დემოკრატიის განვითარების სფეროებში თანამშრომლობას ეუთო-ს ქვეყნებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკული დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის ცვლილების, სასამართლო რეფორმის, პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლის კუთხით. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატების ახალი ელჩი, კელი დეგნანი, აქტიურად იქნება ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროცესში.

გიგი წერეთელმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში აშშ სენატორებთან და კონგრესის წევრებთან, პოლიტიკურ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.